Rolls-Royce-მა მანქანებიდან ჭადრაკის დაფებისკენ გადაინაცვლა, თუმცა, აქაც თავის ოსტატობას შეგვახსენებს საავტომობილო ინდუსტრიაში — ქანდაკების მსგავსი სილუეტი, ტყავით გაწყობილი ელემენტები, ფიგურები, რომლებიც დაფას მაგნიტით ემაგრება და ცენტრიდან გახსნა, რათა როლს-როისის საკულტო კარების გაღებაზე მიგვანიშნონ… ხის ოთხი კომბინაციითა და ტყავის 13 ფერშია ხელმისაწვდომი, რითაც საშუალებას იძლევა, პერსონალიზდეს იმ დონეზე, რაც შეკვეთით დამზადებული მანქანების შემთხვევაში მიიღება.
უშუალოდ ჭადრაკის ფიგურები კი კერამიკით დაფარული ალუმინისგანაა დამზადებული, თავზე უჟანგავი ფოლადი აქვს მოთავსებული და სუფთა მინიმალისტური ფორმებით გამოირჩევა. დიდებული წარმოშობაც რომ შეგვახსენონ, დაფის ორივე მხარეს როლს-როისის ლოგოს ვხვდებით.
„ვიცოდით, რომ ჩვენი ბევრი მომხმარებელი იღებდა სიამოვნებას ჭადრაკის თამაშით, ზოგჯერ ძალიან მაღალ დონეზეც კი, და ამან მოგვცა ინსპირაცია, შეგვექმნა ჭადრაკის ნაკრები, როგორც მასპინძლობის შეგრძნების ბუნებრივი განვითარება, რაც, თავის მხრივ, Rolls-Royce-ის გამოცდილებას განსაზღვრავს. ჩვენი მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი მასალებისა და ტექნიკების გამოყენებით ჭადრაკის ნაკრები ბრენდის მშვენიერი და ავთენტური გაგრძელებაა მათ სახლებში. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს, პრაქტიკულიცაა და გასართობიც“, — ამბობს ნიკ აბრამსი, Rolls-Royce Motor Cars-ის აქსესუარების დიზაინერი.
მართალია, ფასზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ განაცხადი იმაზე, რომ „ხელმისაწვდომია შეკვეთით“ კარგ მინიშნებად შეგვიძლია ჩავთვალოთ…