in

ამბავი როლსსა და როისზე

Rolls-Royce – როლსისა და როისის მიერ ჩამოყალიბებულმა ბრენდმა სრულიად გადააფასა საავტომობილო ინდუსტრია და თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სიმბოლოდ დაიმკვიდრა სახელი. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას მიირთმევთ, ჩვენ Rolls-Royce-ის შექმნაზე მოგიყვებით.

Rolls Royce-ის ბრენდი ისტორიის გასაცნობად შორეულ მე-19 საუკუნეში უნდა გადავინაცვლოთ. ბრენდის სახელწოდება ფრედერიკ ჰენრი როისს უკავშირდება. ფრედერიკი ჰანთინგშირში დაიბადა, 1863 წელს. მისი ოჯახი წისქვილს ამუშავებდა, თუმცა მოგვიანებით ლონდონში გადასახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 9 წლის ფრედერიკი, რომელსაც მხოლოდ 1 წელს მოესწრო სკოლაში სიარული, იძულებული გახდა გაზეთების გაყიდვითა და წერილების მიწოდებით ერჩინა თავი.

1884 წელს, 20 გირვანქა სტერლინგის დანაზოგით, მეგობართან, ერნესტ კლარმონტთან ერთად, ბიზნესი წამოიწყო, სადაც სახლისათვის ელექტრომოწყობილობების დამზადებას შეუდგა. ათწლიანი მუშაობის შემდეგ, მივიდნენ აზრამდე, რომ დინამოები და ელექტროამწეები უნდა დაემზადებინათ. სულ რამდენიმე წელიწადში, ბაზარზე Royce Ltd გამოჩნდა და მანჩესტერში გახსნა საკუთარი ქარხანა.

არსებული ბიზნესის წარმატებამ როისი საავტომობილო სფეროზე დააფიქრა. როგორც ავტომოყვარული ის პერიოდულად ყიდულობდა ახალ ავტომობილებს, თუმცა მათი ხარისხით ყოველ ჯერზე უკმაყოფილო რჩებოდა. ერთ დღესაც, საკუთარი ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა და 1904 წელს, სახელოსნოს კუთხეში დაიწყო აწყობა.

თავდაპირველად, ორი ავტომობილი შექმნა, რომელთაგან ერთი ერნესტმა შეიძინა, მეორე – რეჟისორმა ჰენრი ედმუნდმა. სწორედ ამ უკანასკნელისგან გაიცნო როისმა ჩარლზ როლსი, რომელიც უკვე მუშაობდა საავტომობილო სფეროში. როლსს საკუთარი შოურუმი ჰქონდა ლონდონში და უცხოური მარკის ავტომობილებს ყიდდა. როლსისა და როისის ისტორიული შეხვედრა 1904 წლის 4 მაისს გაიმართა. როლსი როისის ორცილინდრიანი ავტომობილით მოიხიბლა და თანამშრომლობა გადაწყვიტა.

Rolls-Royce 10 hp იყო პირველი მოდელი, რომელიც 1904 წლის დეკემბერში გამოჩნდა პარიზის ავტოსალონში. პარტნიორების ძალისხმევამ გაამართლა და უკვე 1907 წლისთვის, ბრენდი საავტომობილო ინდუსტრიის ჯილდოებს იგებდა, საიმედოობისთვის.

როლსის გარდაცვალების შემდეგ, როისმა დამოუკიდებლად განაგრძო ბრენდის მართვა. 1928 წლის ოქტომბერში, მანდ R ძრავის დიზაინზე დაიწყო მუშაობა და წელიწადზე ნაკლებ დროში, რეკორდული 357.7 მლ/სთ სისწრაფის ძრავი შექმნა, რითაც 1929 წელს, Schneider Trophy მოიგო. როისმა უფრო შორსაც გაიხედა და მიხვდა, R ძრავს ფრენაც შეეძლო. 1931 წელს, მან შექმნა თვითმფრინავი, რომლესაც საათში 547 კილომეტრის დაფარვა შეეძლო. შედეგი იმავე თვეში გააუმჯობესა და მაქსიმალური სიჩქარე 655 კმ/სთ-მდე გაზარდა.

როლსი შეუჩერებელი აღმოჩნდა. გარდაცვალების წინაც კი, ის დიზაინზე მუშაობდა. ბრენდი კვლავაც გამორჩეულია ინდუსტრიაში და საუკუნოვან ისტორიას ღირსეულად აგრძელებს.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Amazon „ბეჭდების მბრძანებელზე“ დაფუძნებით ახალ თამაშს ქმნის

როგორ გახდა „ბარბი“ მდგრადი ბრენდის შექმნის ინსტრუმენტი