დაახლოებით 10 წელი გავიდა სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის — “Her” — გამოსვლის შემდეგ. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მისი სიუჟეტი, რომელმაც ადამიანისა და ჩეთბოტის სასიყვარულო ურთიერთობის, ერთი შეხედვით, შორეული კონცეფცია ასახა. თუმცა ახალი კვლევის თანახმად, „ვირტუალური სიყვარული“ შეიძლება უკვე აქ იყოს.
„რომანტიკული ანთროპომორფიზმის“ კონცეფციის შემოღებით, კვლევის ავტორები ცხადყოფენ, რომ რომანტიკული ვიდეო თამაშების მოთამაშეები (RVG) „ციფრულ აგენტებს“ ადამიანურ თვისებებს ანიჭებენ და ვირტუალურ ურთიერთობებში შედიან, რომლებიც მათთვის სრულიად ავთენტურად აღიქმება.
„სიყვარულისა და საყვარელ სუბიექტად ყოფნის საჭიროება ადამიანის ფსიქოლოგიის მუდმივი, უნივერსალური მოთხოვნილებაა. ჩვენი ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა ადამიანის ყოფნას საჭიროებდა… ანუ, ვინმეს, ვისაც უყვარდა და ვინც უყვარდათ. დღეს კი ვირტუალური აგენტი ამ საჭიროებას თავად აკმაყოფილებს“, — განმარტავენ მკვლევრები.

აშკარაა, რომ დღეისათვის პოპულარული ციფრული აგენტები — Alexa, Cortana და Siri — სულ უფრო დიდ ადგილს იკავებენ ჩვენს ყოველდღიურობაში. ამასთან, მართალია მომხმარებელთა მომსახურების ბოტს „ნაკლები თაყვანისმცემელი“ ჰყავს, მაგრამ ზოგიერთ რთულ ვირტუალურ აგენტთან ურთიერთობას უკვე ბევრი მომხმარებელი ცდილობს. ამის აშკარა მაგალითია კაცებზე ორიენტირებული RVG, სახელწოდებით LovePlus. ეს უკანასკნელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უამრავ მამაკაცს გაუჩნდა გრძნობები თავისი ვირტუალური შეყვარებულის მიმართ — ბევრ მათგანს ისინი რეალურ ქალებთან ურთიერთობასაც კი ერჩივნა.
რომანტიკული ანთროპომორფიზმის შესახებ მეტის გასაგებად მკვლევრებმა სამი ლაბორატორიული ექსპერიმენტი ჩაატარეს. პირველ მათგანში 61 ქალი თამაშობდა RVG-ს, სახელად Castaway. შემდეგ კი მათ კითხვარების სერია შეავსეს, რომელიც იმის შეფასებას ემსახურებოდა, თუ რამდენად ანიჭებდნენ ჩეთბოტებს ადამიანურ თვისებებს და რამდენად ავთენტური იყო მათი ვირტუალური ურთიერთობა.
შედეგების მიხედვით, „დიდი რომანტიკული ანთროპომორფიზმი ავთენტურობის უფრო დიდ განცდასთან ასოცირდებოდა, რაც შემდეგ პროგნოზირებდა რეალურ სამყაროში ვირტუალურ აგენტთან ურთიერთობის უფრო დიდ სურვილს“.
მეორე ექსპერიმენტი ზუსტად იმავე პროტოკოლს მიჰყვებოდა, მაგრამ უფრო დიდ, 104 ქალისგან შემდგარ ჯგუფს მოიცავდა. ქალები ამჯერად თამაშობდნენ RVG-ს, სახელწოდებით Choices: Stories You Play. ამ სავარჯიშოს შედეგებმა პირველი, ზემოთ ხსენებული ექსპერიმენტის შედეგები გაიმეორა.
„აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ეს პირველი ანთროპომორფიზმი არ არის — არ არსებობს სანდო პირდაპირი კავშირი ანთროპომორფიზმსა და შედეგებს შორის… არამედ, ესაა ის, თუ როგორ იკვებება ანთროპომორფიზმი ურთიერთობის ავთენტურობით, რომელიც რეალურ სამყაროში ურთიერთობის სურვილს წინასწარმეტყველებს, ვირტუალურ აგენტსა და პოზიტიურ განწყობასთან“, — ამბობს კვლევის ავტორი მაიუ კოიკე.
საბოლოოდ, მთელი პროცედურა გაიმეორა 78 მარტოხელა ქალის მესამე ჯგუფმა, თუმცა ამჯერად კვლევის ავტორები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ მოქმედებს ციფრული სიყვარული ადამიანების რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულობის ქცევაზე. თუმცა ფლირტის მიმართ არანაირი ცვლილება არ შეინიშნებოდა…













