წარმოიდგინეთ ასეთი სცენა: შემოდგომის საღამოს სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით სახლში და გსურთ, რაღაცით განიტვირთოთ — მაგალითად, ფილმს უყუროთ. ალბათ, ადამიანთა უმეტესობა ასეთ დროს რომანტიკულ კომედიას ირჩევს, რათა მსუბუქ განწყობებში გადაეშვან, ირგვლივ არსებული სირთულეები დაივიწყონ და უბრალოდ სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნან.
უკვე წლებია, დაჯილდოების ცერემონიებზე ექსპერტები მთავარ ყურადღებას დრამატულ ფილმებს აქცევენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მხოლოდ კრიტიკოსები არ უყურებენ ფილმებს და შესაბამისი სტატიკაც იქმნება — ადამიანთა დიდ ნაწილს სწორედ ე. წ. „რომკომი“ იზიდავს. New York Times-ის 2013 წლის სტატიის მიხედვით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრი, რომელიც ფართო აუდიტორიას ფარავს. მას ხშირად „დამნაშავე სიამოვნებასაც“ უწოდებენ, ვინაიდან დიდ კინემატოგრაფიულ ღირებულებასთან არ ასოცირდება ხოლმე, მაგრამ სიამოვნებას უდავოდ გვანიჭებს.
ასეთ ფილმებს ხშირად განმეორებადი სიუჟეტი აქვს — ისინი უამრავ გავრცელებულ ტროპს ეყრდნობა, თითქოს ყოველ ჯერზე წინასწარ ვიცით, როგორ განვითარდება სცენარი. ასე ვთქვათ, განსაზღვრულ შაბლონებს მიჰყვება. ზოგიერთი მათგანი ჟანრის ძირითად მაგალითებადაც იქმნება, როგორც საუკეთესო ვერსია — სხვები კი მათ ბაძავენ ან სიუჟეტურად, ან ცალკეული დეტალებით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა რომკომი ერთნაირია, უბრალოდ არსებობს დომინანტური ფორმა, რომელსაც ნეოტრადიციულს ვუწოდებთ.
იდეალური რომკომი
რა არის ინგრედიენტებია საჭირო სრულყოფილი რომკომისთვის? ყველა დროის საუკეთესო რომანტიკული კომედიების სიების გადახედვისას — რაც ინტერნეტს არ აკლია — ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავსი ტროპები არაერთხელ ჩნდება. ერთ-ერთი პოპულარული ფავორიტი, „როცა ჰარი შეხვდა სალის“ (1989), მეგობრების სიყვარულზეა დაფუძნებული. ეს ნარატივი კი არაერთ ფილმში განმეორებულა, მათ შორისაა „სიყვარულით, როზი“ და Always Be My Maybe.
როგორც წესი, ასეთ სიუჟეტში აუცილებლად უნდა იყოს არასწორი კომუნიკაციის სახეები. მაგალითად, მიუხედავად წარმატებული ურთიერთობისა, მოულოდნელად ერთ-ერთი პერსონაჟი გაუცხოებას გრძნობს და გადამწყვეტ მომენტს გადის, როცა რაღაც ახლის ძიებას იწყებს. ასევე, შესაძლოა თავი იჩინოს კონფლიქტმა. ლეჯერ გრინდონი, რომანტიკული კომედიების ექსპერტი, ამ სახით კონფლიქტებს სამ ძირითად მიმართულებად ყოფს: მშობლებსა და შვილებს შორის; ორ პერსონაჟს შორის; პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის.
ცხადია, ეს სამივე მაგალითი არაერთ ფილმში გვინახავს — ბავშვები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მშობლების სურვილს; სასიყვარულო კონფლიქტები; პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და ბალანსის დაცვა პირად თუ საქმიან ცხოვრებაში. მაგალითად, ქალებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება კარიერასა და ურთიერთობას შორის — ეს განსაკუთრებით სახასიათოა საშობაო ჟანრის ფილმებისთვის.
მთლიანობაში, ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც რომკომს სჭირდება, სიყვარულის და სიცილის შესაძლებლობაა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რეალისტური ან შაბლონური იქნება სიუჟეტი, მთავარია, მაყურებელმა სიამოვნება მიიღოს, განიტვირთოს.