13
Aug
2019

„რომპეტროლ საქართველომ“ უცხოელ ბლოგერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა

13 Aug 2019

„რომპეტროლ საქართველოს“ ორგანიზებით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში რუმინული და ყაზახური გამომცემლობების 10 ჟურნალისტი, მოგზაური და ბიზნეს ბლოგერი ჩამოვიდა.

 

 

როგორც თავად ამბობენ, „რომპეტროლ საქართველო“ რუმინეთში, ყაზახეთსა და ყველაგან, სადაც კომპანია ოპერირებს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

„უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, ესტუმრნენ კახეთს, დააგემოვნეს უნიკალური ქართული სამზარეულო და ღვინო, გაეცნენ ქართულ კულტურას“.

ვიზიტის ფარგლებში, პრეს-ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი და „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვიც შეხვდნენ.

„ტურიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია. იმედი გვაქვს, „რომპეტროლ საქართველოს“ ეს ინიციატივა მეტად გაზრდის ტურისტულ ნაკადს საქართველოში და მცირეოდენ წვლილს შეიტანს ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან შეხვედრაზე საუბარი იყო, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ყაზახეთსა და რუმინეთში გაიცნონ ადგილობრივი პროდუქტები და ქვეყნის პოტენციალი, ნათლად დაინახონ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

„მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად, ამ შემთხვევაში „რომპეტროლთან“ ერთად ვმასპინძლობთ წამყვან რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. მათ ვაჩვენებთ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა და რამხელა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველოს, როგორც ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყაზახეთში, ისე რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და ღირსშესანიშნაობები,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც „რომპეტროლის“ წარმომადგენლები ამბობენ, ქართული კულტურით მოხიბლული და შთაბეჭდილებებით სავსე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ. ტურის მონაწილეები, უცხოურ მედიაში გასაშუქებლად, საქართველოს შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებს და სტატიებს მოამზადებენ.

რომპეტორლ საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „KMG International”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა: ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები.

„ამავე ჯგუფის მფლობელობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“, რომელიც რუმინეთის ქალაქ ნოვოდარში მდებარეობს და „რომპეტროლს“ ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის საწვავით ამარაგებს“.


[R]

განხილვა