in

Roommate Georgia: „თუკი ბინის ქირა თქვენც გაგიძვირეს, ოთახის მეზობელს ჩვენ გაპოვნინებთ“

Startauperi
Startauperi

ბოლო თვეების განმავლობაში, ბინის ქირის გაძვირებამ უამრავი ადამიანისთვის გაართულა საცხოვრებელი ხარჯის დაფარვა. ბევრი მათგანისთვის გადახდა შეუძლებელიც კი გახდა, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა უამრავი ადამიანი. მათ შორის რეგიონებიდან ჩამოსული ათასობით სტუდენტი, რომელიც სწავლის ხარჯების პარალელურად, ვეღარ უმკლავდება საცხოვრებელი ფართის კოლოსალურად გაზრდილ ბიუჯეტს. ბევრმა დაიწყო ისეთი ადამიანის ძიება, რომელთან ერთადაც ბინის გადასახადს გაიყოფდა და ამ გზით გადაწყვეტდა პრობლემას. ამავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა სამი მეგობარი – მარიამ ხანთაძე, დავით ლილუაშვილი და თაკო გამყრელიძე. იფიქრეს, სხვებსაც დახმარებოდნენ ამ საკითხთან გამკლავებაში და შექმნეს პლატფორმა Roommate Georgia, სადაც ოთახის მეზობლის საპოვნელად გააერთიანეს ძალები.

M: თქვენთვის რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ პრობლემის მოგვარება?

თავადაც ბინას ვქირაობდით და საკუთარი თავიდან გამომდინარე კარგად მივხვდით, რამხელა დარტყმაა, როცა ბინას უცებ ორჯერ გიძვირებენ, მაშინ როცა ყველაფრის ფასები ისედაც იზრდება. სხვათაშორის, ჩვენც თვითონაც გამოვიყენეთ ჩვენი სერვისი და ერთი უკარგესი ადამიანი გავიცანით, ვისთან ერთადაც ვგეგმავთ ბინის ქირაობას.

ამ პრობლემას, რომ წავაწყდით და ფასები გაორმაგებული ხანაც გასამმაგებული იყო მივხვდით ეს რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნოს მაცხოვრებლებისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან. მივხვდით ის მომენტი იყო თავად უნდა მოგვეძებნა გამოსავალი. რადგან ინდივიდუალურად ამ პრობლემის გადაჭრა საქართველოს ეკონომიკაში წარმოუდგენლად გვეჩვენა, მივხვდით ერთობა იყო ის პასუხი, რაც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარებოდა, სწორედ ამიტომ შევქმენით roommategeorgia.ge – რომელიც ოთახის მეზობლის პოვნასა და ბინის ქირის დაზოგვაში გვეხმარება.

M: როგორ ჩამოყალიბდა იდეის კონცეფცია და რას გულისხმობს რუმმეითის კონცეფცია?

რუმმეითის კონცეფცია დგას იდეაზე, რომ არსებული ეკონომიკური პრობლემის მოგვარება ერთიანი ძალებით შეგვიძლია. და თუ ერთი ქართველი ბინის დამქირავებელი ვერ უწევს კონკურენციას უცხოელ დამქირავებელს, მაშინ გავერთიანდეთ ამ მიზნისთვის.
ასევე გვესმის, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვისთან ერთად იზიარებ ბინას. ამიტომ გადავწყვიტეთ მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონოდა სხვადასხვა ფილტრების საშუალებით მოეძებნა ოთახის მეზობელი.

Roommategeorgia-ს საშუალებით, მომხმარებელს, სხვადასხვა ფილტრით (ადგილმდებარეობა, ასაკი, სქესი, ბინის ქირის ოდენობა და სხვა..), ოთახის მეზობლის პოვნა შეუძლია. სულ რამდენიმე დღეში კი დავამატებთ ახალ სერვისს – მას შემდეგ, რაც roommate-ები ერთმანეთს იპოვნიან, გავუზიარებთ სხვადასხვა უძრავი ქონების აგენტის ნომერს, რომ გავაიოლოთ ოთახის მეზობლისა და ბინის მოძიების პროცესი.

M: როგორია პლატფორმის მუშაობის პრინციპი?

პირველი ეტაპია რეგისტრაცია და კითხვების შევსება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ქმნის პროფილს. 

შემდეგ უკვე შეუძლია დაიწყოს მოძიების პროცესი. სხვადსხვა ფილტრების გამოყენებით ეძებს ადამიანს. 

როდესაც შეარჩევს სავარაუდო ოთახის მეზობელს, მას უგზავნის მოთხოვნას, რათა ნახოს მისი საკონტაქტო ინფორმაცია. თუკი ადრესატი დაეთანხმება მოთხოვნას, მათ უკვე შეუძლიათ ნახონ ერთმანეთის ტელეფონის ნომერი ან სოციალური ქსელი და დაუკავშირდნენ ერთმანეთს. 

მას შემდეგ, რაც „დაიმეთჩებიან“ (ანუ ორივე მხარე გამოთქვამს მზაობას საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლის შესახებ) ვუგზავნით შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, უძრავი ქონების აგენტის საკონტაქტო ინფორმაციას, ვინც ოთახის მეზობლების ბინის მოძებნაში დაეხმარება.

M: რამდენად საინტერესოა, ბიზნესის თვალსაზრისით?

ბიზნესის თვალსაზრისით  საინტერესოა რა თქმა უნდა. ვფიქრობთ, ეს მხოლოდ დასაწყისია და სულ მალე ვგეგმავთ უცხურ ბაზარზე ძალიან სპეციფიური სეგმენტის კუთხით გასვლას. ჯერჯერობით ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ და სხვადასხვა ფუნქციონალს ვტესტავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბეტა ვერსია გვაქვს გაშვებული.

ფოტო: პროგრამა „სტარტაპერი“

M: როგორ გაქვთ განაწილებული როლები?

ზოგადად გუნდში საერთო ღირებულებებმა და საკუთარი პროექტის შექმნის წადილმა გაგვაერთიანა. ასევე დაქირავებული გვყავს ტექნოლოგიურ ნაწილში IT კადრები. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან გვინდა მალე შევძლოთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა.

დავითი ტექნოლოგიური მიმართულებით არის ჩართული თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე. მე და მარიკას 7 წლიანი გამოცდილება გავქვს სხვადასხვა პროექტის მართვისა, თუ მარკეტინგის ნაწილში. როლებიც შესაბამისად გვაქვს გადანაწილებული, IT, პარტნიორები, პროდუქტის ჩამოყალიბება და მარკეტინგის ნაწილი. თუმცა გულწრფელები, რომ ვიყოთ, როგორც სტარტაპს შეშვენის, ყველა ყველაფერს ვაკეთებთ.

M: როგორი სამიზნე სეგმენტისთვისაა რუმმეითის პლატფორმა?

Roommategeorgia-ს პლატფორმა არის მათთვის, ვინც ოთახის მეზობელს ეძებს ბინის ქირის ხარჯების გაყოფის მიზნით. თუმცა საწყის ეტაპზე ყველაზე დიდ აქცენტს ვაკეთებთ სტუდენტებზე, რადგან ვფიქრობთ ამ მომენტში ყველაზე დიდი საჭიროება მათ უდგათ.

M: როგორია გამოხმაურება, ამ დროისთვის?

ჯერ სულ ხუთი დღეა რაც გავუშვით და 0-მარკეტინგით შემდეგი შედეგები გვაქვს:
– პლატფორმაზე რეგისტრირებული 200-მდე ადამიანი; 

– 40-მდე ადამიანმა იპოვა ოთახის მეზობელი.

– სამი პარტნიორი უნივერსტეტი.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პლატფორმა, რომელსაც ესმის, რისი ყიდვა გსურს – Onoff.ge

MINI-სა და Pokémon-ის პირველი თანამშრომლობა იხილეთ ახალ ვიდეოში