საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია სულ უფრო მეტად რომ ვითარდება და მოწოდების სიმაღლეზეა, ეს ყველამ კარგად ვიცით. რეალურად, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესოდ გამოკვეთილი მხარეც კია, რითაც მთელ მსოფლიოში გვიცნობენ. ახლა კი Visa-ს შიდა საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელიც გადახდების კონსულტანტებისა და მონაცემების მეცნიერთა გლობალური გუნდისგან შედგება, Rooms Hotels-თან, სტუმარმასპინძლობის წამყვან გლობალურ ბრენდთან, დაიწყო თანამშრომლობა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ შეხვედრა შედგა.
ორივე მათგანის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა თუ მოწინავე პოზიციების გათვალისწინებით, მათი პარტნიორობა სტუმარმასპინძლობის მიმართულებით გაუმჯობესებულ გამოცდილებას შექმნის ადგილობრივ ბაზარზე. უფრო კონკრეტულად, Visa-ს საკონსულტაციო ჯგუფი Rooms Hotels-ს გლობალურ თუ რეგიონულ ბაზრის ცოდნაზე დაფუძნებულ მონაცემთა ანალიზს გაუზიარებს. შედეგად, ბრენდი მეტად გაიზრდება, ამაღლდება ცოდნა მომხმარებელთა თუ მათი საჭიროებების მიმართულებით — დაინერგება საუკეთესო პრაქტიკა. ამ დეტალებსა და ზოგადად Visa-ს საკონსულტაციო ჯგუფის არსის, შესაძლებლობების თუ ხედვის შესახებ კი Visa Consulting & Analytics-ის ვიცეპრეზიდენტი CEMEA-ს რეგიონში, რობერტო დე მეო გვიყვება.
M: რობერტო, შეგიძლიათ მოკლედ მოგვიყვეთ Visa Consulting & Analytics-ის მრავალმხრივი პრაქტიკის შესახებ და აგვიხსნათ, თუ რა აქცევს კონსულტანტების, მონაცემთა მეცნიერებისა და ეკონომისტების ამ გლობალურ გუნდს საკონსულტაციო ცენტრად?
Visa Consulting & Analytics (VCA) არის Visa-ს შიდა საკონსულტაციო ჯგუფი. ათწლეულების განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვეთ, კოლეგებთან თანამშრომლობითა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, მერჩანტებთან, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თუ ფინტექებთან მუშაობით.
ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია საკონსულტაციო უნარებისა და მონაცემთა მეცნიერების კომბინაცია ეკონომიკურ ცოდნასთან ერთად, რაც საშუალებას გვაძლევს, გავუმკლავდეთ ყველაზე რთულ და განსხვავებულ გამოწვევებს, რომლებსაც ჩვენი კლიენტები აწყდებიან.
ამისთვის მრავალმხრივ შესაძლებლობებს ვიყენებთ, რათა კლიენტებს მხარი დავუჭიროთ. ამ შესაძლებლობებს ჩვენ პრაქტიკებს ვუწოდებთ და ვეცდები, თითოეული მათგანი აღვწერო.
პირველ რიგში, ვისაუბრებ სტრატეგიაზე, რადგან ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. ჩვენს გუნდს შეუძლია, მომხმარებლებს სტრატეგიის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით დაუჭიროს მხარი. ასეთია ზრდის სტრატეგია. გარდა ამისა, კლიენტებს ციფრული ტრანსფორმაციის მართვასა და აქტუალური საკითხების გაგებაში თუ შესაძლებლობების გამოყენებაში ვეხმარებით — მათ შორისაა კრიპტო და ციფრული ვალუტები, ღია ბანკინგი და გადახდები რეალურ დროში.
ეს ჩვენი ერთ-ერთი კომპეტენციაა და შესანიშნავად ებმის მეორე შესაძლებლობას, რომელიც ციფრული ტრანსფორმაცია, ოპტიმიზაცია და დიზაინია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ როგორ მოქმედებს დიგიტალიზაციის სწრაფი ტემპი, სხვადასხვა ტიპის კლიენტზე, ამ მიმართულების სამართავად სპეციალური ჯგუფი გამოვყავით. თანაც არა მხოლოდ სტრატეგიის შემუშავებისთვის, როგორც ეს უკვე აღვნიშნე, არამედ კონკრეტული მხარდაჭერისთვის, მათ შორის დიზაინის, პროტოტიპისა და ციფრული გადაწყვეტების დანერგვაში.
თუმცა ასეთ შესანიშნავ შემთხვევებშიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რისკები ნარჩუნდება. და ეს კიდევ ერთი მომდევნო პრაქტიკაა, რომელზე საუბარიც მსურს. კერძოდ, ჩვენ ვმუშაობთ როგორც ავტორიზაციაზე, ისე თაღლითობასა და საკრედიტო რისკზე. მონაცემებს კი ინფორმაციის პირველად წყაროდ ვიყენებთ, რათა ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებები მივიღოთ, როგორც ბიზნესის, ასევე რისკების მართვის მიმართულებით. შედეგად, გადაწყვეტილებებისა და მეთოდოლოგიების ნაკრებს ვფლობთ, რომლებსაც მონაცემებზე დაყრდნობით უკეთესი ავტორიზაციისა და თაღლითობის მართვის უზრუნველყოფა შეუძლია, მდგრად გარემოში ბალანსის დაცვით.
დაბოლოს, მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი არის პორტფოლიოს ოპტიმიზაცია. ეს ჩვენი მამოძრავებელი ძალაა, რადგან სწორედ აქ ვეხმარებით მომხმარებლებს თავიანთი გადახდებისა და ბარათების პორტფოლიოს სრული პოტენციალის ათვისებაში. ამას მომხმარებლებისთვის მუდმივად ვაკეთებთ, შეძენიდან აქტივაციამდე, ჩართულობამდე და ბოლოს, შენარჩუნებამდე.
მსურს, ხაზი გავუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ახლა აღვნიშნე. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სახის კლიენტთან მუშობა განუწყვეტლივ, იქნება ეს ფინანსური ინსტიტუტები, მერჩანტები თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი ექსპერტიზა ფარავს საკონსულტაციო ნაწილს, მონაცემთა მეცნიერებას, მოდელირებასა და ანალიზს. ასევე, გვაქვს პლატფორმა და გადაწყვეტა. შეგვიძლია ვიმუშაოთ როგორც განხორციელებაზე, ასევე აღსრულებაზე, ჩვენს კოლეგებთან ერთად Visa-ს უნივერსიტეტიდან.
გარდა ამისა, შეგვიძლია დავეხმაროთ კლიენტებს საკუთარი შიდა შესაძლებლობების გაძლიერებაში და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებსაც არსებული ბაზარი ქმნის.
M: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მონაცემები დომინანტია — ე. წ. datanomics-ის ერაში, როგორც ამას The Economist უწოდებს. როგორ შეაფასებთ მონაცემთა ამ მუდმივად მზარდ ღირებულებას და მონაცემთა ყოვლისმომცველი ანალიტიკის საჭიროებას ტრანსფორმაციისა და ზრდის მხარდასაჭერად?
ამ სწრაფად ცვალებად სამაყროში მონაცემები ახალი ვალუტაა და ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ბიზნესში. ნათელია, რომ დღესდღეობით მონაცემებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საფუძვლიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მათი რელევანტურობა ყოველწლიურად იზრდება.
მონაცემები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიზნობრივი პროდუქტების შესაქმნელად და მათი მეშვეობით მომხმარებელთა უკუკავშირის სწორი გაგებისთვის, არამედ კიდევ უფრო საკვანძო ღირებულებას იძენს ახალი პროდუქტების შეთავაზებისას. ამიტომ აუცილებელია განვითარება და მხარდაჭერა ძლიერი და სანდო მონაცემთა ინფრასტრუქტურის შენებისას.
მეტი კონკრეტიკისთვის, არსებობს ორი მნიშვნელოვანი მიმართულება. ერთ-ერთი არის კლიენტთა ფრთის განვითარება, მტკიცე შესაძლებლობები და მონაცემთა ანალიზი, უახლესი ინსტრუმენტებითა და მიდგომებით. ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იმისთვის რომ მართო, დაამუშაო და შეინახო მსგავსი ინფორმაცია.
ცხადია, ეს კონტროლსა და უსაფრთხოების დაცვას საჭიროებს, ამასთანავე მოდელების გონივრულ გამოყენებას, რადგან Visa-ში გვჯერა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს სამართლიანი, გასაგები და ზუსტი.
ჩვენ გვჯერა, რომ ნდობა მონაცემთა გამოყენების საფუძველია და ამ მიდგომას ვიყენებთ კონცეფციის განვითარებისას, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვისას და სხვა წესებსა და პროცესებში, რათა გავუფრთხილდეთ არსებულ ნდობას.
M: მოგვიყევით ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-სა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, Rooms Hotels-ის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ეტაპის შესახებ. რა ღირებულებას შესძენს თანამშრომლობას Visa Consulting & Analytics და რა უპირატესობებს მიიღებენ Rooms-ის მომხმარებლები?
პირველ რიგში, ჩვენ, როგორც Visa Consulting & Analytics, მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ Rooms Hotels-თან. სტუმარმასპინძლობის წამყვან გლობალურ ბრენდთან, რომელიც ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი დიზაინითა და სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზე გათვლილი მომსახურებით.
ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ჩვენი გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ცოდნა და მონაცემთა ანალიზი. და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნებისმიერი სახის კლიენტის მხარდაჭერა შეგვიძლია.
კონკრეტულად ჩვენ დავეხმარებით Rooms-ს ზრდაში, ბაზრისა და მომხმარებელთა შესახებ ცოდნის გაზიარებითა და მომხმარებელთა გამოცდილებაზე მუშაობით. მზად ვართ, მობილიზაცია მოვახდინოთ ჩვენი სავაჭრო პრაქტიკის, ჩვენი გლობალური გუნდის სახით, რომელიც სიღრმისეულ ექსპერტიზას ფლობს სასტუმროებსა და სტუმარმასპინძლობაში. ასევე, მნიშვნელოვანია ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრე.
ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ ამ პარტნიორობით!
M: ვიცით, რომ ეს თქვენი მეხუთე ვიზიტია საქართველოში. როგორც ჩანს, ძალიან მოგწონთ ეს ქვეყანა. როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს საქართველოსა და ადგილობრივ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას საერთაშორისო დონეზე?
მე მიყვარს საქართველო, შემიძლია დღეების განმავლობაში ვილაპარაკო ჩემს აქაურ მოგზაურობებზე. ვეცდები, ვიყო ლაკონიური და გამოვარჩევ რამდენიმეს. პირველყოვლისა, ისტორია — საქართველოს ისტორია უბრალოდ შთამბეჭდავია. მახსოვს, ბავშვობისას, კოლხეთის სამეფოსა და არგონავტიკას რომ ვკითხულობდი, როდესაც მოსწავლე ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სად იყო საქართველო.
საჭმელი — ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულოა მსოფლიოში. ჯონჯოლი, ლობიო, ხინკალი და ღვინო. როგორც მახსოვს, საქართველო ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა მსოფლიოში.
მესამე, აუცილებლად, ბუნება — ბევრი ადგილის დასახელება შემიძლია. თუმცა გამოვყოფდი ყაზბეგს, სადაც მთების დაუჯერებელი სილამაზეა.
მეოთხე კი, რა თქმა უნდა, მიზეზი რატომაც აქ ვიმყოფებით, სტუმარმასპინძლობა — უმაღლესი დონის სტუმარმასპინძლობა ყველა ქალაქში სეზონის ნებისმიერ დროს და ნამდვილად, Rooms Hotels ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ბოლოს, არის კიდევ რაღაც, რაც ძნელად ასახსნელია. მე დავიბადე და გავიზარდე სიცილიაში, ვარ ხმელთაშუა ზღვის ადამიანი და ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივარ, მაქვს განსაკუთრებული განცდა, რასაც იტალიურად callsentirsi a casa-ს ვუწოდებთ — განცდა, თითქოს სახლში ხარ!
[R]