
თბილისში ცეკვის სტუდია ROOTS გაიხსნა, სადაც ქუჩის ცეკვების მიმდინარეობა ისწავლება. პრაქტიკულ გაკვეთილებთან ერთად, მოსწავლეები ამ ცეკვების ფილოსოფიას, წარმოშობის ისტორიასა და სხვა თეორიულ ნაწილსაც ეზიარებიან. სტარტაპი ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, ქრისტი ნადარაიამ და გურო ბარათაშვილმა დააფუძნეს. სტუდიას ხშირად სტუმრობენ უცხოელი მოცეკვავეები, რაც ინტერკულტურული კომუნიკაციების დამყარებას უფრო მეტად უწყობს ხელს. ROOTS ღიაა ყველა ასაკისა თუ ეროვნების ადამიანისთვის, ვისაც უყვარს მუსიკა და აბედნიერებს ცეკვა. სტუდიის კონცეფციაზე უფრო დეტალურად თანადამფუძნებელი ქრისტი ნადარაია გვესაუბრა.
M: მოგვიყევი ცეკვის სტუდიის კონცეფციაზე…
სტუდიის კონცეფცია საკმაოდ მარტივი, თუმცა, ამავე დროს ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენი ჭრელი გარემო ითვალისწინებს ცნობილი მოცეკვავეების სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებასა და მასპინძლობას, რომლებსაც წარვუდგენთ ქართულ კულტურას, ეროვნულ ცეკვას, სანაცვლოდ კი, ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, რაც ჩვენს სტუდენტებს განვითარებაში დაეხმარებათ. კულტურების გაცვლა საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. სტუდია „რუთსი“- ცეკვის აკადემიაა, ყველა ასაკის, სქესისა და ეროვნების ადამიანისთვის.

M: რატომ გადაწყვიტეთ სტუდიის დაფუძნება?
ბავშვობიდან მინდოდა ცეკვის სკოლის გახსნა, დაუღალავი შრომის შემდეგ შევძელი დიდი ხნის ოცნების ასრულება, მიზნად დავისახე რომ ყველა ჩემსავით ცეკვაზე შეყვარებულს კომფორტულ და პოზიტიურ გარემოს შევუქმნიდი სავარჯიშოდ. საქართველოში ქუჩის ცეკვები არც თუ ისე განვითარებულია, ცეკვა რომ დავიწყე, არც არავინ იცოდა ჰიპ-ჰოპის არსებობის შესახებ, ყოველთვის განვიცდიდი ინფორმაციის ნაკლებობას, ამ მიმდინარეობით დაინტერესებული ხალხის არარსებობას. 90-იან წლებში, სხვადასხვა სოციალური ქსელების არარსებობის გამო, არ მქონდა ინფორმაცია მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე, როგორ ვითარდებოდა ცეკვა, რომელიც ამერიკაში ჯერ კიდევ ადრეულ 70-წლებში ჩამოყალიბდა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება მემოგზაურა საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც უფრო განვვითარდი და გავიცანი ჰიპ-ჰოპი როგორც კულტურა, თავისი ოთხი ელემენტით. თითქოს, თავიდან აღმოვაჩინე ჰიპ-ჰოპი, გაცილებით მეტი, გაცილებით ღრმა, ვიდრე მხოლოდ ცეკვა. მივხვდი, რომ ვიყავი ამ კულტურის მხურვალე გულშემატკივარი და მიმდევარი, კულტურისა, რომელიც გაყალიბებს როგორც თავისუფალ, თავდაჯერებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია თავისი გრძნობები და ემოციები ცეკვით გადმოსცეს. ქუჩებში იკლო კრიმინალმა და ახალგაზრდები, რომლებიც ადრე უსაქმურობით იწონებდნენ თავს, თავიანთი პოზიტიური თუ ნეგატიური ემოციების ცეკვით გამოხატვა დაიწყეს. მალე გაჩნდა შეჯიბრის სურვილიც. ცეკვა აბედნიერებს, ყოველ ადამიანს, ვისაც უყვარს მუსიკა, თავისუფლად ფიქრი, ოცნებებში ფრენა ან, თუნდაც, რთული დღის ბოლოს უბრალოდ განტვირთვა.

M: რა გამოარჩევს თქვენს სტუდიას?
ჩვენი სტუდიის სახელი ROOTS, ანუ ფესვები, ამ შემთხვევაში, პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის ჩატარების მეთოდთან. გაკვეთილი არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ თეორიულიც ტარდება. ყველა კულტურას აქვს თავისი ისტორია, განვითარების ეტაპები, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და რაც აუცილებელად უნდა ისწავლებოდეს. პრაქტიკულ მახრეს რაც შეეხება, ყველაფრის სწავლა იწყება ფესვებიდან, ბაზისური მოძრაობებიდან, საიდანაც აღმოცენდა ცეკვა, განსაკუთრებით კი, ქუჩის ცეკვები. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია კვალიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც სწორად მიაწოდებენ სტუდენტებს იმ ამოუწურავ ცოდნას, რომელიც მათ წლების წინ დააგროვეს და რომელსაც ისინი დღემდე აგროვებენ.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი?
ჩვენ ღია ვართ ყველას მისაღებად, ყველა ადამიანი ვისაც უყვარს მუსიკა, მოძრაობა ან უბრალოდ განტვირთვა, რუთსის სასურველი სტუმარია.
M: რას შეისწავლიან თქვენს სტუდიაში მოსწავლეები?
რა თქმა უნდა, მუსიკის მოსმენას, რაც მათ სმენას განუვითარებს, რითმის შეგრძნებას და მარტივი სავარჯიშოების საშუალებით, მუსიკასთან ერთად ცეკვას, იმ საბაზისო მოძრაობების გამოყენებით, რომლებსაც მათ ჩვენი კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან. გვინდა, ჩვენ მოსწავლეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ, რათა უფრო მეტად გახსნილები და თავდაჯერებულები გახსნენ.
პირველად მოვიფიქრე სახელი ROOTS, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენი აკადემიის სწავლებასთან და შემდეგ, სახელიდან გამომდინარე არ იყო რთული ლოგოს მოფიქრებაც. ხე, როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის მატარებელი, ძველი ფესვებითა და ამავდროულად, ახალი ტოტებით, ხე როგორც ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან ასოცირების სიმბოლო.



















