in

Ad Black Sea 2023-ს რეკლამის გურუ რორი საზერლენდი ეწვევა!

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ის ისტორია 2015 წლიდან იწყება. მას შემდეგ, ფესტივალი, ტრადიციულად, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს და საერთაშორისო მასშტაბით, 1200-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს. სამდღიანი ღონისძიება მოიცავს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს. ესაა შემოქმედებითი დღესასწაული, რომლის უცვლელი ნაწილია გამოცდილების გაზიარება. ამ თვალსაზრისითად, Ad Black Sea-ს მრავალფეროვანი ისტორია აქვს – ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს არაერთი საერთაშორისო პროფესიონალი ეწვია. წლევანდელ სპიკერებს შორისაა რორი საზერლენდი – სააგენტო Ogilvy UK-ის ვიცე-პრეზიდენტი და ბიჰევიორისტული პრაქტიკის ინიციატორი სააგენტოში, ასევე, არაერთი ბესტსელერის ავტორი, TED-ის სპიკერი.

TED მას რეკლამის გურუდ მოიხსენიებს. რორი საზერლენდი სარეკლამო რევოლუციის ცენტრში დგას. ის მუშაობს ბრენდის იდენტობაზე, აყალიბებს უახლესი, ინტერაქციული კამპანიების დიზაინს, რომლებიც შლის ზღვარს რეკლამასა და გართობას შორის.

რორი ჩართულია ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულთა საკონსულტაციო პრაქტიკაში, რის ფარგლებშიც აქტიურად ეძებენ „უხილავ შესაძლებლობებს“ მომხმარებელთა ქცევაში. ხშირად, ეს გამოიხატება მცირე კონტექსტუალურ ცვლილებებში, რომლებსაც შეუძლიათ უზარმაზარი გავლენა მოახდინონ ადამიანების გადაწყვეტილებებზე. ეს შეიძლება იყოს შემოსავლების გასამმაგება ან საკომუნიკაციო ტექსტის განსხვავებული ინტერპრეტაცია. ესაა ძიებისა და აღმოჩენის აზარტი, რომელიც ადამიანების აზროვნების უკეთ შესწავლაში ეხმარება პროფესიონალს. რორი სწორედ ამ ექსპერიმენტების მოყვარულია. მან იცის, რომ მნიშვნელოვანების მიუხედავად, ეს საქმიანობა ნაკლებად რენტაბელურია, რადგან კლიენტებს, როგორც წესი, არ აქვთ ხოლმე ბიუჯეტი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, ეს რორის ხელს არ უშლის, კვლავინდებური ენთუზიაზმით დააკვირდეს მომხმარებლების ქცევის ცვლილებას.

Ogilvy’s Behavioral Practice-ის დაარსებამდე, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რორი იყო კოპირაიტერი და კრეატიული დირექტორი Ogilvy-ში. სააგენტოს უნივერსიტეტის დასრულებისთანავე შეუერთდა, 1988 წელს. სხვადასხვა დროს, იყო IPA-ს პრეზიდენტი, კანის ლომების ჟიურის გუნდის ხელმძღვანელი და TED Global-ის სპიკერი. ის რეგულარულ ბლოგებს აქვეყნებს გამოცემა Spectator-ისთვის, Market Leader-ისა და Impact-ისთვის, ასევე წერს სტატიებს Wired-ისთვის. გახლავთ სამი წიგნის ავტორი: The Wiki Man, Alchemy, The surprising Power of Ideas which don’t make Sense, ასევე, მის ყოფილ კოლეგასთან ერთად, გამოუშვა ნაშრომი Transport For Humans ქცევითი მეცნიერების შესახებ.

და ბოლოს, რორიზე ისიც ბევრს გეტყვით, რომ ის ცხოვრობს სახლში, რომელიც ოდესღაც ნაპოლეონ III-ს ეკუთვნოდა, ასევე, არის Benjamin Franklin House-ის რწმუნებული ლონდონში და როჩესტერის საკათედრო ტაძრის მფარველი.


update: ვწუხვართ, გაცნობოთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო, წელს რორი საზერლენდი Ad Black Sea-ს ვეღარ ეწვევა. თუმცა ის მაინც მზადაა, არ გადადოს თავისი გამოსვლა და გაგვიზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება ონლაინ ჩართვის მეშვეობით. 

რამდენად კრეატიულია AI? — კვლევა

სტრატეგიები, რომლებიც რთულ საუბრებში გამოგადგებათ