ჩემი პირველი სამსახური, ლიმონათების საამქროში, 15 წლის ასაკში დავიწყე. ზაფხული, სასკოლო არდადეგების პერიოდი იყო და ძალიან ცხელოდა. მახსოვს ჩემი მეგობრები დასასვენებლად მიემგზავრებოდნენ და მეპატიჟებოდნენ მათთან წავსულიყავი, თუმცა ძალიან მინდოდა გამომემუშავებინა საკუთარი შემოსავალი და გადავწყვიტე ახალი გამოცდილება მიმეღო. ლიმონათების საამქროში ჩემი მეგობრის მამა მუშაობდა, მას ვთხოვე რეკომენდაციის გაწევა. ლიმონათების ჩამოსასხმელ ხაზზე გამანაწილეს და მევალებოდა მინის ბოთლების დახუფვა სპეციალური დანადგარის მეშვეობით. ძალიან დიდი ენთუზიაზმით მისულს, უაღრესად მონოტონური საქმე შემხვდა. მთელი დღის განმავლობაში, ფეხზე მდგარს მექანიკური დანადგარის მეშვეობით ასეულობით ბოთლი უნდა მეხუფა.
პირველი დღეები მაინც უფრო სახალისო აღმოჩნდა. ვსწავლობდი, როგორ მუშაობდა დანადგარი, რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება და სხვა. თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც ყველაფერი უკვე კარგად ნაცნობი გახდა, მოტივაციამ იკლო და მიჭირდა დაწყებული საქმის გაგრძელება. ყოველი დღის გასვლის შემდეგ უფრო მეტად მეპარებოდა ეჭვი ამ წამოწყების სისწორეში. სათანადო მოტივაციის და ძალების საპოვნელად, თავი რომ არ დამენებებინა დაწყებული საქმისათვის, საკუთარ თავთან მუშაობა მომიწია. ამ პერიოდში ორ ეფექტურ ტექნიკას მივაგენი:
1. წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ დამზადებულ ლიმონათს (პროდუქტს) მიირთმევდნენ ადამიანები და წარმოვიდგენდი მათ სიხარულს და დადებით ემოციებს. ეს პოზიტიური განწყობა ჩემზეც ვრცელდებოდა და ვგრძნობდი, რომ დემოტივაცია სადღაც ქრებოდა.
2. რაც არ უნდა უიმედო მჩვენებოდა სიტუაცია, რომელიღაც კონკრეტულ მომენტში, თავს ვეუბნებოდი, რომ ზაფხულის არდადეგები ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდებოდა, დასრულდებოდა ეს სირთულეებიც მიუხედავად იმისა, სამსახურს დავანებებდი თავს თუ არა, და საკუთარ თავს ვუსვამდი ერთ მარტივ შეკითხვას: როგორი საკუთარი „მე“ უფრო მომწონდა ზაფხულის ბოლოს, „მე“, რომელმაც სირთულეები გადალახა თუ, „მე“ რომელმაც უკან დაიხია.
სწორედ ის „მე“, რომელიც უფრო ძლიერი და სირთულეების წარმატებით დამძლევი იყო, მაძლევდა „მომავლიდან“ ძალას, რომ გამეგრძელებინა შრომა და მევლო შეუჩერებლად დასახული მიზნისკენ.
დაახლოებით 2 თვის მუშაობის შემდეგ, ზაფხულიც გავიდა და დაიწყო სკოლა. არასდროს დამავიწყდება პირველად გამომუშავებული ხელფასით, 100 ლარით, როგორ დავპატიჟე კლასელები საბილიარდოში, სადაც საუკეთესო დრო გავატარეთ. სულ სხვანაირი შეგრძნება იყო საკუთარი შრომით გამომუშავებული პირველი ხელფასის დახარჯვა.
არასდროს მავიწყდება პირველი სამსახურით მიღებული გამოცდილება და ის ორი ტექნიკა, რომელიც დღესაც ძალიან მეხმარება რთული სიტუაციების მართვაში.
როსტომ ტალახაძე – თიბისი- ციფრული ბიზნეს განვითარების ლიგის ლიდერი, რუმბოქსი – პარტნიორი