ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე რამდენიმე გამორჩეული აქტია, რომლებმაც თავისი შრომით მოახერხეს არამხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური აუდიტორიის სიმპათიის მოპოვებაც. #თაობა გთავაზობთ ინტერვიუს Rotkraft-თან.
M: პირველ რიგში, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.
ლაშა მარგიანი და გიო ჯაფარიძე – ჩვენ ვქმნით დისკო დუეტ Rotkraft-ს.

M: რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება დისკო მუსიკით? ეს იყო უბრალოდ არსებული ტრენდი, თუ განსაკუთრებული სიყვარული გაგაჩნიათ ამ სტილის მიმართ?
გასული საუკუნის მუსიკა ყოველთვის საინტერესო იყო ჩვენთვის, ასევე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მელოდიურობა, რაც ამ ჟანრში განსაკუთრებით დომინირებს. ეს არ ყოფილა ბავშვობიდან გამოყოლებული სიყვარული ან აკვანში მოსმენილი მშობლების განსაკუთრებული ფირფიტების კოლექცია, უფრო ბუნებრივი პროცესი, რომელიც ალბათ რაც უფრო და უფრო მეტს უსმენ მუსიკას, საბოლოო ჯამში, მიდიხარ იმ ჟანრამდე, რომელთანაც ყველაზე მეტად გრძნობ ემოციურ კავშირს.
M: როგორ გაიხსენებდით პირველ ტრეკებზე მუშაობის პროცესს? რა გზა გაიარეთ მას შემდეგ?
დასაწყისი, რა თქმა უნდა, გართობა იყო, პროგრამაც, რომელშიც თავიდან მუსიკას ვწერდი, დიდი მოქნილობით ვერ გამოირჩეოდა და წინასწარ შექმნილი ლუპების მეშვეობით ვაგებდი უაზრო მუსიკალურ კონსტრუქციებს, რომელიც, სხვას რომ თავი გავანებოთ, ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ, მოკლე პერიოდში FL Studio 9-ის აღმოჩენის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა: უფრო მეტი შესაძლებლობები, მიმზიდველი ინტერფეისი, უამრავი საინტერესო პლაგინი, მას შემდეგ ჩამითრია ამ პროგრამამ და დღემდე იმავე ვერსიითა და პროგრამით ვმუშაობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მიჭირს მივატოვო ის, რასთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს და დედაენისავით არის და გადავიდე სხვა, უფრო მოქნილ სოფტზე, კონკრეტულად Ableton-ზე.
რა თქმა უნდა, წლების შემდეგ, გამოცდილებაც დაგროვდა და შემოქმედებითი პროცესი დაიხვეწა, ვიცი, როგორ შეიძლება დავიწყო მუსიკა და როგორ უნდა განვავითარო, რაც ცალსახად აისახება საბოლოო პროდუქტზე.
M: საიდან არის წამოსული თავად პროექტის სახელი, გაქვთ თუ არა პერსონალური პროექტებიც?
გიო: სახელის უკან რაიმე განსაკუთრებული კონცეფია არ იმალება, მაგრამ არც შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული ორი სიტყვის ნაზავია, მის შერჩევაში ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი დაგვეხმარა.
ლაშა: პერსონალურ პროექტზე ვმუშაობდი რამდენიმე წლის წინ, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული და მელანქოლიური ჟღერადობა ჰქონდა, მაგრამ ეს პროექტი დასრულდა.

M: მუსიკის საკეთებლად Home Studio-ს იყენებთ ალბათ. როგორ ფიქრობთ ქართველ მუსიკოსებს რომ საშუალება გქონდეთ აპარატურისა და ტექნიკის მხრივ, რამდენად აიწეოდა თავად მუსიკალური პროდუქტის ხარისხი?
დიახ, მუსიკაზე სახლის სტუდიაში ვმუშაობთ. დაკვრისა და პირადი დანაზოგიდან შეგროვებული თანხის მეშვეობით, შევიძინეთ სტუდიური მონიტორები, მიდი კლავიატურა, ანალოგ სინსი, სეკვენსერი, დრამპედი.
ვერ გეტყვით, რამდენად იმოქმედებდა მსგავსი სივრცის არსებობა არტისტის მუსიკალური ხარისხის განვითარებაზე, რადგან ამის მიღწევა სახლის პირობებშიც შეიძლება ერთი წყვილი სტუდიური მონიტორის, საუნდკარტის და მიდი კლავიატურის ხარჯზე. ხარისზე ალბათ პირდაპირ გავლენას ახდენს ის, თუ რამდენად გაიხარჯები და ჩადებ საკუთარ თავს მუსიკის კეთების პროცესში, მუდმივი მუშაობის პროცესში აღმოაჩენ ახალს ან დახვეწ უკვე არსებულს, ლოგიკა მარტივია, ამ სფეროშიც იგივე კანონი მოქმედებს, რაც სხვაგან. ვისაც ნამდვილად სურს, რომ ხარისხი განავითაროს, მსგავსი სივრცის არ არსებობას არ უნდა დააბრალოს, არამედ იმას, რამდენად იხარჯება თვითონ შემოქმედებით პროცესში, რამხელა ენერგიას უთმობს საკუთარი სქილების განვითარებას. ასევე, ნურავის ეგონება, რომ ამ ხარისხის მიღწევა შეიძლება, რამდენიმე დღის და თვის მუშაობის შედეგად, ამ პროცესის უკან დგას წლები და თეთრად გათენებული ღამეები. ასე რომ, გირჩევთ ბევრი იმუშაოთ საკუთარ თავზე და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
M: რა ეძებთ მუსიკაში ყველაზე მეტად. რით განსხვავდებით თუნდაც თქვენივე სტილში არსებული სხვა მუსიკალური პროექტებისგან?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუსიკასთან ჩვენთვის მთავარი ემოციური კავშირია, მისი შეგრძნება იმ მომენტში, როდესაც სახლში უსმენ და წარმოდგენა, როგორი კავშირი შეიძლება დავამყაროთ მსმენელთან კონკრეტულ სიტუაციაში.
სიმართლე გითხრათ, დიდად განსხვავებულობისკენ არ ვილტვით, ანუ იმის თქმა გვინდა, რომ ამ მუსიკას იმის გამო არ ვუკრავთ, რომ ვინმემ თქვას ჩვენზე, განსხვავებული ჟღერადობა აქვთო, ჩვენი მსმენელისთვის ეს სრულიად ბუნებრივი და მისაღებია და ამით კმაყოფილები ვართ, უბრალოდ, არ ვეძებთ განსხვავებულ კონცეფციას.
M: გამოუშვით რამდენიმე EP, წარმოდგენილი ხართ თბილისის კლუბებსა თუ ბარებში. რამდენად არის ეს ყველაფერი საკმარისი, რომ თქვენი თავი მუსიკით შეინახოთ? შესაბამისად, რამდენად დიდ დროს უთმობთ მუსიკის შექმნას ამ ეტაპზე?
რა თქმა უნდა, გასულ წლებში გამოშვებული რელიზები, რომლებიც იმ მომენტისთვის ჩვენთვის დიდ მიღწევებს წარმოადგენდა, დაგვეხმარა ვყოფილიყავით იმ პოზიციაზე, სადაც ვართ ეხლა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდით მუსიკის წერას და უმეტესად დიჯეი სეტებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ მუსიკის წერაზე ნაკლები დროის დათმობამ გამოიწვია ის, რომ ახალ აუდიტორიაზე გასვლის ტემპი შენელდა. ბოლო რამდენიმე თვე ისევ გადავერთეთ მუსიკის წერაზე, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და ერთ-ერთ ბრიტანულ ლეიბლზე, რომელზეც მუსიკას ისეთი არტისტები არელიზებენ, როგორებიც არიან DJ Rahaan, Greg Wilson და სხვა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო არტისტი, გამოვა ჩვენი ვინილ რელიზი, რომელიც მოიცავს სამ ედითს. ფირფიტის გამოშვება იგეგმება ოქტომბერში. მხოლოდ აღსანიშნავი არის ის, რომ ეს რელიზი არა Rotkraft-ით, არამედ სხვა პროექტის სახელით გამოვა, უფრო მეტ დეტალს მომავალში დავაანონსებთ.
M: დაუტოვეთ თაობას ტრეკი საერთო ფლეილისტისთვის…
ლაშა:
გიო:










