in

როგორ ვუთხრათ უფროსს, რომ სამსახურში თავს ბედნიერად არ ვგრძნობთ?

სამსახურში ცუდი დღეები ყველას გვქონია, ზოგჯერ ეს ცუდი კარგ დღეებსაც ბევრად აჭარბებს, რის გამოც სამსახურიდან წამოსვლის ფიქრები გვიტრიალებს თავში ან ასეთ გარემოში ჩვენი შესაძლებლობების მინიმუმს ვაკეთებთ… და რატომ არ ფიქრობთ ამ გარემოს შეცვლაზე?! როცა არც ახალი სამსახურის პოვნაა მარტივი, უმჯობესია, სიმამაცე გამოიჩინოთ და ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ. თუმცა ჯერ:

განსაზღვრეთ, რისი გაკეთება გსურთ

თუ სამსახურით უკმაყოფილო ხართ, ჯერ გაიგეთ, რატომ. უბრალოდ იმის თქმა, რომ ბედნიერი არ ხართ, სულაც არ არის საკმარისი. ბედნიერებასაც იმდენად ხშირად იყენებენ, რომ მისი მნიშვნელობაც გაიცვითა, ამიტომ, ამის ნაცვლად, გაიგეთ, რისი კეთება გიყვართ თქვენს საქმეში და რისი, არა. აქ პლიუსებისა და მინუსების ცხრილის გაკეთებასაც გირჩევენ — ყოველდღიურად ჩამოწერეთ რა საქმეები გააკეთეთ, შემდგომ კი მიუწერეთ, რომელი გაძლევთ ენერგიას, რომელი გფიტავთ და რომელია ამ ორ გრძნობას შორის მოქცეული… 

მიიღეთ უკუკავშირი

პირდაპირ დამსაქმებელთან მისვლა და იმის თქმა, რომ კონკრეტული საქმე სიამოვნებას არ განიჭებთ, ცოტა რთულად შეიძლება ჟღერდეს, ამიტომ, უმჯობესია, თუ კონსულტაციას მენტორთან ან ამ საკითხში გამოცდილ ადამიანთან გაივლით. შემდგომ კი ახლო კოლეგას, სანდო მეგობარს ან თქვენს მშობელს მიმართეთ და უთხარით, რომ თქვენს პოზიციაზე რაღაც მოვალეობების შესრულება გიჭირთ, შემდგომ კი სთხოვეთ, რჩევები გაგიზიაროთ.

ობიექტური ადამიანი იმ სივრცეების განხილვაში დაგეხმარებათ, რომლის შეცვლაც გსურთ. სთხოვეთ უკუკავშირი იმაზე, თუ რამდენად რეალურად ჟღერს თქვენი წინადადებები, შემდგომ კი მათ ფორმულირებაში მიაღებინეთ მონაწილეობა, რათა ზუსტად ჩამოაყალიბოთ, რისი თქმა გსურთ იმ გზებით, რომლებიც სარგებელს ორგანიზაციასაც დაანახვებს, თქვენს მენეჯერსაც და თქვენც. 

დაგეგმეთ შეხვედრა

უფროსს რომ უთხრათ, სამსახურით ბედნიერი არ ვარო, ამისთვის შეხვედრის დაორგანიზებაა საჭირო და არა, უცბად, შემთხვევით რომ შეგხვდებათ, მაშინ გაზიარება. უბრალოდ მიდით და უთხარით, რომ თქვენს პოზიციაზე გასაუბრება გსურთ, შემდგომ კი შეხვერისთვის კონკრეტული დღე შესთავაზეთ. ამგვარად, დამსაქმებელიც მოემზადება და არც თქვენს ნათქვამს ექნება მოულოდნელობის ეფექტი — მათ უკვე ეცოდინებათ, რომ თქვენ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებზე გსურთ საუბარი. 

ჩამოაყალიბეთ თქვენი სათქმელი

როგორც კი საუბარს წამოიწყებთ, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სიტყვებზე. უბრალოდ იმის თქმის ნაცვლად, რომ უბედურად გრძნობთ თავს, უთხარით, რომ თავს წარმატებულად არ გრძნობთ. ეს უფრო კონკრეტულიც იქნება… იდეებიც შესთავაზეთ, თუ ვინ შეიძლება შეასრულოს სამუშაო, რომელიც თქვენ სიამოვნებას არ განიჭებთ. აჩვენეთ, რა სარგებელს მოუტანს კომპანიას თუ თქვენ უფრო მეტ დროს თქვენსავე საყვარელ საქმეებზე დახარჯავთ — მაგალითისთვის გასულ თვეში თუ სატელეფონო ზარებით სამი ახალი მომხმარებელი მოიზიდეთ, მომავალში ასეთი უფრო მეტი ზარის განხორციელება შესთავაზეთ.

დიდხანსაც ნუ გააგრძელებთ შეხვედრას და დრო აკონტროლეთ. უბრალოდ უთხარით თქვენს უფროსს, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ. სამსახურიდან ისე წასვლას, რომ საერთოდ არაფერი თქვათ, ჯობს, ცვლილებებზე ისაუბროთ და თქვენთვის საყვარელი საქმის კეთების შანსებიც გაზარდოთ. 

ისი პარი – შენი პირველი სურნელოვანი მოგზაურობა

3 კამპანია, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა