მიზნები ყველას გვაქვს, თუმცა მათი მიღწევა არც ისეთი მარტივია. მიზანსაც კი გააჩნია და ხელის შემშლელ მიზეზებსაც, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, შანსების გაზრდაში შემახსენებელი შეტყობინების, ე. წ. რიმაინდერის დაყენება დაგვეხმარება.
ხშირად გვავიწყდება კიდეც… შესაძლოა, რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიური კვლევების თანახმად, მეხსიერების პრობლემების 50-70% სწორედ მიზნებისა თუ განზრახვების დავიწყებას ეხება. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ შემახსენებელი შეტყობინების დაყენება დაგვეხმარება.
ზოგჯერ გაუცნობიერებლად იმ ფსიქოლოგიურ სტრატეგიასაც მივმართავთ, რომელსაც კოგნიტიურ გადატვირთვას უწოდებენ — ფიზიკურ ქმედებას ტვინის მოთხოვნების შესამცირებლად ვიყენებთ. როცა ჩვენი განზრახვები ტვინიდან Notes-ებში, Google Calendar-ში ან ტელეფონის შემახსენებელი შეტყობინებებში გადმოგვაქვს, კოგნიტიური გადატვირთვის გარკვეულ ტიპს მივმართავთ, რომელსაც უფრო კონკრეტულად განზრახვის გადატვირთვას უწოდებენ.
ახლა კი აღნიშნული სტრატეგიის სარგებელი და ხარვეზები განვიხილოთ:
კოგნიტიური გადატვირთვა უკეთეს მახსოვრობას უზრუნველყოფს
„ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ იგი მეხსიერებას აუმჯობესებს, ზრდის ალბათობას, გახსოვდეთ თქვენი მიზნები და ის, თუ რისი კეთება გჭირდებათ ამისთვის“, — აცხადებს ჰანთერ ბოლი, ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი.
ლაბორატორიულ კვლევებში მონაწილეები უკეთეს შედეგებს აღწევდნენ მაშინ, როცა შემახსენებელი შეტყობინების გამოყენება შეეძლოთ. ამასთან, ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს კოგნიტიურ რესურსებსაც ზოგავს, კვლევაც კი ცხადყოფს, რომ ინფორმაციების ციფრულად შენახვა გვეხმარება, უკეთ დავიმახსოვროთ მარტო ის კი არა, რასაც ვინახავთ, არამედ ის ინფორმაციებიც, რომლებიც არ შეგვინახავს.
ხოლო კოგნიტიური ნეირომეცნიერების პროფესორის, სემ გილბერტის, განმარტებით, რაც უფრო ნაკლებად ვტვირთავთ ჩვენს ტვინს ისეთი ინფორმაციებით, როგორებიც საყიდლების სიაში არსებული ნივთების დამახსოვრებაა, მით უფრო შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ტვინი ისეთი კოგნიტიური ამოცანებისთვის, როგორიცაა კრეატიულობა.
ადამიანები იყენებენ შემახსენებელ შეტყობინებებს მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ ეს მათ გონებას სჭირდება
ჩვენი რწმენა იმის შესახებ, თუ რამდენად კარგი მეხსიერება გვაქვს, პირდაპირ ზემოქმედებს მის მუშაობაზე. განვსაზღვრავთ, რამდენად კარგი მეხსიერება გვაქვს და შესაბამისად ვადგენთ გეგმებს. ხოლო კარგი მეხსიერების მქონე ადამიანები, რომლებსაც ამის არ სწამთ, უფრო მეტ გარე შემახსენებელ საშუალებებს იყენებენ… ჩვენი ტვინი კოგნიტიური ძალისხმევის არიდებისკენაა მიდრეკილი, ეს კი სასარგებლოა, რადგან რაც უფრო მეტად შევამსუბუქებთ კოგნიტიური აქტივობის ძალისხმევას, მით უკეთ შევძლებთ მის განაწილებას სხვა კოგნიტიურ აქტივობებზე.
მიზნის გადატვირთვის პოტენციური საფრთხეები
თუ შემახსენებელ შეტყობინებას დავკარგავთ ან ვერ მივიღებთ, ასე მიზანსაც დავივიწყებთ… ჩვენ კი ვეყრდნობით გარე მეხსიერების ბარათებს, მაგრამ ტვინს ეს რესურსი არ გააჩნია. კვლევამ აჩვენა, რომ თუ ჩვენს მარაგზე წვდომა აღარ გვექნება, მაგალითად, დავკარგავთ ჩანაწერების წიგნს ან ტელეფონს, მეტად სავარაუდო იქნება, რომ იქ შენახული ინფორმაცია დავიწყებული გვქონდეს. ხშირად კი აქ ისეთ რაღაცებს ვინახავთ, რისი დამახსოვრებაც რეალურად ყველაზე მეტად გვინდა.
104 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ღირებული ამოცანების გადატვირთვით უფრო დაბალი ღირებულების მქონე ამოცანების დამახსოვრების საშუალება გვეძლევა. თუმცა აქ ერთი ირონიული ფაქტიც იმალება — რაც უფრო მეტად გვინდა მიზნის დამახსოვრება, მით უფრო დიდია მისი გადატვირთვისა და დავიწყების შანსები, თუ გარე მეხსიერების საცავს დავკარგავთ…
აქ ამ გარე შემახსენებელი რესურსების უარყოფითი მხარეებიც უნდა განვიხილოთ, დაფიქრდით, რამდენად ხშირად გვიფუჭდება ტელეფონი და რამდენად ხშირად გვავიწყდება რაღაცები? იმ ფაქტმა, რომ ციფრული ტექნოლოგიები დღეს ყველგან გვხვდება, ბევრი ადამიანი დააფიქრა, რომ შესაძლოა, ჩვენი მეხსიერებისა და მიზნების გადატვირთვამ ჩვენივე კოგნიტიური უნარები გააუარესოს, გამოიწვიოს, „ციფრული ამნეზია“ ან დემენცია.
მკვლევრებიც კი ეჭვობენ, რამდენად შეძლებს კოგნიტიური ტექნოლოგიები გრძელვადიანი ზიანის მოყენებას, თუმცა რეალურად, გრძელვადიანი კვლევების არარსებობის გამო, ეს არავინ იცის… მთლიანობაში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადატვირთვის პოტენციალი მის ხარჯებს ბევრად აღემატება.
რა უნდა გავითვალისწინოთ შემახსენებელი შეტყობინების დაყენებისას?
- დააკონკრეტეთ — რიმაინდერი ზუსტად უნდა გეუბნებოდეთ, რისი გაკეთება გჭირდებათ და როდის.
- დააყენეთ ამოცანის მოახლოებისას — როცა ადამიანები კონკრეტული ამოცანების მყისიერად შესრულებას ვერ ახერხებენ, ავიწყდებათ. ამიტომ, თუ ამოცანას ახლა ვერ ასრულებთ, დააყენეთ ან გადააყენეთ შემახსენებელი შეტყობინება სხვა დროისთვის
- გახადეთ მაქსიმალურად ავტომატური — რიმაინდერების შემოწმებაც გარკვეულ კოგნიტიურ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო თუ მას ავტომატიზაციასთან ერთად შეტყობინებებსაც დაუმატებთ, ეს ზედმეტ ფიქრს აგარიდებთ თავიდან
- შეისწავლეთ თქვენი მეხსიერება — გაიაზრეთ, რამდენჯერ დაგავიწყდათ რაღაც და როგორ დაგეხმარებოდათ აქ ტექნოლოგია, ეს მიგანიშნებთ გჭირდებათ თუ არა რიმაინდერების უფრო ხშირად გამოყენება.
- შექმენით ასლები — არცერთი სისტემაა იდეალური, იქნება ეს ჩვენი ტვინი თუ ხელსაწყოები, რომლებსაც ვიყენებთ…