in

თუ დღეს მუშაობის ხასიათზე არ ხართ, გეტყვით, რა უნდა მოუხერხოთ ამას

M2
M2

ხანდახან ყველას გვეზარება მუშაობა, რაც უნდა კარგად ვგრძნობდეთ სამუშაო სივრცეში თავს… ასე კი შეიძლება იმიტომ ხდებოდეს, რომ გადაიღალეთ, მოტივაციის ნაკლებობას განიცდით ან სულაც გამოფიტული ხართ. რაც უნდა იყოს მიზეზი, ნაცნობი გამოცდილებაა, თუმცა ასეთ დღეებში უნდა იცოდეთ, ზუსტად რა ხდება თქვენს თავს და რა შეგიძლიათ, მოუხერხოთ:

1. გაიაზრეთ, რატომ არ გსურთ დღეს მუშაობა

მუშაობის ხასიათი მხოლოდ დღეს არ გაქვთ თუ სულ ასე ხდება? მიზეზი დაღლილობა და სტრესია თუ თქვენი სამსახური და სამუშაო გარემო? ამ შეგრძნების მიზეზის დადგენა ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში და თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 

თუ დაღლილი ხართ ან კარგად არ გიძინიათ: განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს მოტივაციის პოვნა ზოგადად რაიმეს გასაკეთებლად. თანაც, ძილის ნაკლებობა რაღაცების დავიწყებას, გადაწყვეტილებების მიღებისა და კონცენტრირების გართულებას ნიშნავს, ეს ყოველივე კი სამსახურში ძალიან საჭიროა. 

თუ სამსახურით გამოფიტული ხართ: ზოგადი დაღლილობის გარდა, შესაძლოა, სამსახურმაც გამოგფიტათ და აქ მარტო არ ხართ — კვლევის თანახმად, რომელიც 6 კორპორაციაში ჩატარდა, გამოკითხულთა 60% სამსახურში მსუბუქ ან მძიმე გამოფიტვაზე საუბრობს…

თუ სტრესში ხართ: National Institute for Occupational Safety and Health-ის მიხედვით, თანამშრომელთა 40% სამსახურს ძალიან სტრესულად თვლის. მართალია, სტრესის ზომიერ დონეს გაზრდილ ენერგიამდე მივყავართ და მეტად პროდუქტიულსაც გვხდის, მაგრამ ქრონიკული სტრესი ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებს. 

თუ ვერ იღებთ სიამოვნებას სამსახურით: თუ არ გსიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, განსაკუთრებით რთული იქნება დილით საწოლიდან ადგომა და სამსახურში წასვლა. ეს მაშინ ხდება, როცა თქვენთვის სასურველ საქმეს არ აკეთებთ, ვერც მნიშვნელობას პოულობთ მასში და არც თქვენს ოცნებებს ემთხვევა არსებული რეალობა.

ამასთან, მუშაობის სურვილი, შესაძლოა, არაორგანიზებული სამუშაო კულტურის გამოც არ გქონდეთ, იმიტომ, რომ მენეჯერს არარეალური მოლოდინები აქვს ან საქმე, რომელსაც აკეთებთ, მოსაწყენია… 

2. აიღეთ ერთდღიანი შვებულება

თუ მუშაობის ხასიათზე არ ხართ, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. არ აქვს მნიშვნელობა, თავს ფიზიკურად ცუდად გრძნობთ თუ მენტალურად, მთავარია, დაისვენოთ. 

3. გააგრძელეთ სვლა

თუ მოწყენილი ხართ ან ძალიან გეზარებათ, უბრალოდ ადექით და მოძრაობა დაიწყეთ. ცოტა გაიარეთ, გაისეირნეთ ან გააკეთეთ ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ, თქვენი ენერგიის დონეებს გაზრდის და ფიქრს, ფოკუსირებასა და მუშაობას გაგიმარტივებთ.

4. იმუშავეთ განსხვავებული ლოკაციიდან

თუ ამის არჩევის ფუფუნება გაქვთ, განსხვავებული სივრციდან მუშაობა განიხილეთ. იქნება ეს სულ სხვა მაგიდა თქვენს ოფისში, სხვა ოთახი თქვენს სახლში თუ ახლომდებარე ყავის მაღაზია. გარემოს შეცვლა განტვირთვაში დაგეხმარებათ და სრულიად ახალ პერსპექტივას დაგანახვებთ. 

5. დაიწყეთ მარტივი ამოცანებით

ელ.ფოსტებს უპასუხეთ ან შეხვედრები დაგეგმეთ, მთავარია, დღე პატარა, მარტივი ამოცანებით დაიწყოთ, ხოლო როგორც კი მათ შესრულებას დაამთავრებთ, უფრო კომპლექსური საქმეების კეთების ხასიათზეც მოხვალთ.

6. შეისვენეთ რეგულარულად

გრაფიკში რამდენიმე შესვენებაც ჩასვით დღის მანძილზე. თუ თქვენი საქმე ერთ ადგილზე ჯდომას მოიაზრებს, ყოველ საათში 5 ან 10 წუთი უბრალო გასეირნებისთვის ან რაიმე სხვა ფიზიკური აქტივობისთვის გამოყავით. 

7. შეცვალეთ თქვენი რუტინა

თქვენს ყოველდღიურ რუტინაში ეცადეთ მოძებნოთ სივრცე, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება. მაგალითისთვის, უფრო ადრე დაძინება ხომ არ დაგეხმარებათ მეორე დღეს უკეთ მუშაობაში? მეტად ენერგიული ხომ არ იქნებით თუ ჯანსაღად შეჭამთ? თქვენი რუტინა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს თქვენს ყოველდღიურობაზე, ამიტომ, აუცილებელია, თქვენსავე საჭიროებებს მოერგოთ. 

8. ფოკუსირდით მიზნებზე და დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

საკუთარ თავს შეახსენეთ, რატომ მუშაობთ და რა მიზნები გამოძრავებთ. სახლის ყიდვა გინდათ?! ყოველთვის გახსოვდეთ ეს და თქვენი პროგრესიც რეგულარულად შეამოწმეთ. კონკრეტული მიღწევებისთვის კი საკუთარი თავი დაასაჩუქრეთ. ოღონდ აქ რაღაც ძვირიანს ან ექსტრავაგანტულს არ ვგულისხმობთ, უბრალოდ საყვარელ კაფეში ყავის დალევაც კი მშვენიერი გადაწყვეტილებაა.

9. შეაფასეთ თქვენი სამსახური

თუ სამსახურთან, კოლეგებთან ან ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების გამო არ გსურთ მუშაობა, დაიწყეთ გეგმის შედგენა, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. კარგი ხომ არ იქნება ამ საკითხებზე მენეჯერთან გასაუბრება? სხვა პოზიციაზე უკეთ ხომ არ იგრძნობთ თავს? სხვა სამსახური ხომ არ უნდა მოძებნოთ? როგორც კი თქვენზე მორგებულ გეგმას მიაგნებთ, მაშინვე დაიწყეთ მუშაობა. 

10. დაგეგმეთ დასვენება

განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. შესაძლოა, ამ წამსვე ვერ დაგეგმოთ, მაგრამ შეგიძლიათ ახლო მომავალში აისრულოთ ეს ნატვრა, გეგმის შედგენა კი უკვე უნდა დაიწყოთ. 

11. ჩაიტარეთ შემოწმება

თუ ცუდად გრძნობთ თავს, ხშირად დაღლილი ხართ და არ იცით, რატომ, ექიმს ესტუმრეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეთ. ასე შეძლებთ გაიგოთ, მაგალითად, ფიზიკური სიმპტომები ხომ არ იწვევს მსგავს მდგომარეობას. ხოლო, თუ საქმე ემოციურ და მენტალურ მდგომარეობასთან გამკლავებაშია, აქ უკვე თერაპევტთან ვიზიტი დაგეხმარებათ. 

არგაჩერების ამბავი და 16 წელი საქართველოს ბანკში — თეა შენგელია

„ამერიკული ოცნების პორტრეტი“ Ralph Lauren-ის კამპანიაში