უკვე ორი კვირა გავიდა… დარეკავთ თუ ეს ძალიან ცუდი ტონი იქნება? გეშინიათ, იმედგაცრუებული არ გამოჩნდეთ, როცა რეალურად ასე არ არის? უბრალოდ გსურთ, რომ რაღაც პასუხი მოისმინოთ მათგან? ეს მოლოდინიც არც ისე მტანჯველია, მაგრამ გინდათ, რომ იცოდეთ, მათ ახსოვხართ თუ არა? ამის კითხვაზეც ეჭვები გაქვთ, რადგან გეშინიათ ზედმეტი არ მოგივიდეთ?! არა, ეს Tinder-ის ფიქრების სცენარი არ გეგონოთ, სააგენტოებიც და ფრილანსერებიც ასეთ დღეში არიან, როცა მომხმარებლები უპასუხოდ ტოვებენ.
არადა, მეორე მხარე მეტად პასუხისმგებლიანია ხოლმე… როგორც ფიონა პარკერი, Hydrogen-ის ხელმძღვანელი ამბობს, სწორედ ეპიკური სიყვარულის ისტორიის მსგავსად უდგებიან ისინი თითოეულ პროექტს. ბრიფის მიღებას კი იმ ურთიერთობის საწყისად თვლიან, რომლითაც მათ მოხიბლავენ და დაარწმუნებენ, რომ საუკეთესო „პარტნიორის“ ხელში არიან. შესაბამისად, ეს უბრალოდ რაღაც მომსახურების გაყიდვა კი არ არის, არამედ სიღრმისეულ დონეზე დაკავშირება, რომელშიც ორივე მხარის ხედვა ერთმანეთს ესადაგება.
ისინი მრავალ საათს ხარჯავენ ბრეინშტორმინგში, დებატებში, იდეების დახვეწაში მანამ, სანამ არ იპოვიან იმას, რაც საუკეთესოდ ესადაგება მათ მიზნებსა და მოლოდინებს. აქ კი არც ამის უკან არსებული ემოციები, ჩადებული ენერგია და მოლოდინები უნდა დაგვავიწყდეს. და წარმოიდგინეთ, რა ხდება, როცა ეს ძალისხმევა უპასუხოდ რჩება… ტინდერის ნარატივი რომ გავაგრძელოთ, ალბათ, პაემანზე არწასვლას ჰგავს, მაგრამ სააგენტოებისთვის ეს უფრო იმის მინიშნებაა, რომ მათ დროსა და ენერგიას სხვები არ აფასებენ.
დიახ, სწორედ იმ ინდუსტრიაში, სადაც კომუნიკაცია უმთავრესი რამ არის, უპასუხოდ დატოვება ყველაზე გავრცელებული „პასუხია“. ისიც მართალია, რომ დაყოვნებას, მიზნებისა თუ პროექტების ცვლილებას ბევრი რამ იწვევს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იმის ცოდნა, თუ რა ეტაპზე არიან, აუცილებელია. ხოლო, როცა ძალისხმევას სიჩუმით პასუხობენ, ეს უბრალო უარყოფა კი არ გამოდის, არამედ ბიზნესის ადამიანური მხარის მივიწყებას ჰგავს, სადაც პატივისცემა და ურთიერთობები მთავარი საკითხია.
თუ, მაგალითად, არ მოგეწონათ შესრულებული სამუშაო, აქ უპასუხოდ დატოვება ნამდვილად არავის არგებს. სააგენტოს უნდა გასცეთ კითხვაზე პასუხი: რატომ? ამის ცოდნამ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიძლება, შეცვალოს. გამოდის, სხვა ურთიერთობების მსგავსად, აქაც კომუნიკაცია მთავარი ფაქტორია. უპასუხოდ დატოვება კი ორივე მხარეს, თითქოს, ჰაერში ტოვებს, მეტი კითხვებით და ნაკლები პასუხებით, ამასთან, გამოუყენებელი პოტენციალის შეგრძნებით…
ამგვარად, დროა, ეს ტრენდი თავიდან მოვიშოროთ და ღია კომუნიკაციის კულტურა დავნერგოთ. ამისთვის კი უბრალოდ სხვისი ძალისხმევის დაფასება და პასუხების გაცემაა საჭირო, რითაც პროფესიული გარემოც მეტად ჯანსაღი გახდება და მეტ პატივისცემასაც დაიმსახურებს.