საკუთარი შფოთვის დადებით ენერგიად გარდაქმნაზე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ, მაგრამ რა ხდება, როცა არა თუ ჩვენი, არამედ სხვების შფოთვა გვაგრძნობინებს თავს ცუდად?
რეალურად, ეს მეტად საყურადღებოა, რადგან შფოთვას გადამდები ხასიათი აქვს — თუ ერთი შფოთავს, ირგვლივმყოფ ადამიანებზეც ვრცელდება შიშისა და წუხილის ემოციები. ამის სადემონსტრაციოდ იდეალურ მოდელს წარმოადგენს მშობლისა და შვილის ურთიერთობა, სადაც პატარები არა თუ სიტყვების, არამედ მოქმედებების შესაბამისად სწავლობენ. მაგალითად, მშფოთვარე მშობლებს შვილი სკოლის პირველ დღეს ისე მიჰყავთ, ხელს მაგრად უჭერენ და აგრძნობინებენ, რომ „რაღაც სახიფათოა“. ეს ემოცია ავტომატურად აისახება ბავშვზე.
მსგავსი ნიმუშები ზრდასრულთა რომანტიკულ ურთიერთობებშიც იკვეთება: ერთი პარტნიორი იღებს გადაწყვეტილებას მეორე პარტნიორისთვის, რომელიც გამუდმებით გამოხატავს დაუცველობასა და არასრულფასოვნებას.
აი, რა ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, თუ ახლობელი ადამიანის შფოთვა თქვენს ფორიაქსაც იწვევს:
დაიწყეთ თანაგრძნობით
თანაგრძნობა მიმართული უნდა იყოს როგორც საკუთარი თავის, ისე ახლობლის მიმართაც. შესაძლოა, აფექტურ მდგომარეობაში ბრაზსა და იმედგაცრუებას გრძნობდეთ ან დანაშაულის შეგრძნებაც გაწუხებდეთ, ურთიერთობის დასრულებაც გაშინებდეთ… ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე თქვენგანის მცდელობები, გაუმკლავდეთ შფოთვას თანაგრძნობის გარეშე, ხელს უშლის პრობლემის რეალურად მოგვარებას. ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში ეს აუცილებელი ემოცია გამოიმუშავეთ.
შაბლონების ამოცნობა
შფოთვის თავიდან აცილებას ხშირად ორი ფორმა აქვს: სხვებზე დამოკიდებულება ან კონტროლი. ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან, სხვებისგან ელიან დამშვიდებას, უნდობლობას უცხადებენ საკუთარ განსჯას და „მძღოლის ნაცვლად, პასიური მგზავრის როლს ირგებენ“.
მეორე მხარეს არიან მაკონტროლებელი, პერფექციონისტი ტიპები, რომლებიც ცდილობენ, სტაბილურობისა და დარწმუნებულობის განცდას მიაღწიონ. ხოლო თუ მიმდინარე მოვლენები მათ სურვილებს არ შეესაბამება, მთელი სამყაროს მიმართ უსამართლობის განცდა უჩნდებათ.
შექმენით თანმიმდევრული საზღვრები
მას შემდეგ, რაც გაარკვევთ რომელი შაბლონის წინაშე იმყოფებით, შემდეგ ნაბიჯს თანმიმდევრული საზღვრების შექმნა წარმოადგენს.
ბუნებრივია, რომ შეწუხებული იყოთ თქვენი საყვარელი ადამიანის შფოთვით. კარგია, თუ დაეხმარებით მათ ამ რთული გრძნობების განდევნაში. მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, რადგან მათი ამ გრძნობებისგან დაცვის მუდმივი მცდელობა ხელს უშლით რაღაცების ინდივიდუალურად გამკლავებაში.
საზღვრების დაწესება კი საუკეთესო საშუალებაა ეფექტური დახმარების გასაწევად. ხოლო საზღვრების გარეშე ურთიერთობა შედარებით გართულდება, იმედგაცრუება იმატებს, რადგან ვერცერთი შეძლებთ საკუთარი საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილებას. თავის მხრივ, ლიმიტების დაწესებაში შაბლონების იდენტიფიცირება, ქცევის გამომწვევი პრობლემების აღწერა და კომპრომისების შეთავაზება დაგეხმარებათ.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ამ საზღვრების პირველ ეტაპს უკმაყოფილება მოსდევს. მიზეზი კი მარტივია: შფოთვა იმდენად გვაწუხებს და ისე ძლიერად ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ იმპულსი ძალიან მაღალია. თუმცა მხოლოდ „საბაზისო“ რესურსების შეთავაზება საუკეთესო მიდგომაა, ორი ადამიანის თანაბარი ჩართულობისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, შფოთვა არ ძლიერდება, როცა მას მუდმივად განვიცდით — ჩვენ ვძლიერდებით. ჩვენ ვავითარებთ დისკომფორტისადმი მდგრადობას. ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს რთულ გრძნობებთან თანაცხოვრებას და ვიმუშავებთ უნარებს, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ მათ. ჩვენ ვავითარებთ ემოციურ უნარებს, თანმიმდევრულობითა და მონდომებით.
არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ერთიანად დაგვამშვიდებს… მაგრამ ისეთი პირობების შექმნით, რომლებშიც შეგიძლიათ თანაგრძნობით იმოქმედოთ, განსაზღვროთ შაბლონები და დააწესოთ საზღვრები, მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შანსები არსებობს.
წყარო: Washington Post