9
Nov
2019

პირველი „რაუნდი“ დაიწყო, ანუ ქართული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი ბაზარზეა

9 Nov 2019

Startauperi
Startauperi


„პროფესია ჯერ არ გვაქვს, კავკასიის უნივერსიტეტში ერთი თვის წინ ჩავირიცხეთ“, – მითხრა 18 წლის გიორგი თოფურიძემ, კლასელებთან: სანდრო ზაბახიძე, კოტე დიხამინჯია, გიორგი დიდმამიშვილი პირველი ქართული სპორტული ტანსაცმლის ბრენდი რომ შექმნა. იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ვარჯიში თავად დაიწყო და სპორტული ეკიპირების საჭიროების წინაშეც დადგა.

სულ უცხოური, იმპორტირებული ნაწარმია ქართულ ბაზარზე, რომელიც ბევრისთვის, ფასის გათვალისწინებით, ხელმიუწვდომელი იყო. ამიტომ ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ იმავე ხარისხის ქართული, თან ლამაზი და რაც მთავარია, მისაღებ ფასად, სპორტული ტანსაცმლით უზრუნველვყოფდი მომხმარებლებს, – გიორგი თოფურიძე.

როგორც გიორგი ჰყვება, მის იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ და ისმენდა, რომ ტანსაცმელში ფული არ იშოვება, თუმცა 8 თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად, დღეს, „რაუნდის“ თერმული მაისურების, სპორტული შარვლის, ჟაკეტისა და ჰუდების შეძენა უკვე შესაძლებელია.

იდეიდან პროდუქტამდე გზა მარტივი არ იყო: „ვიყიდეთ ნაჭერი, საიმედო მკერავი ვიპოვეთ… მერე ლოგო შევქმენით და ვიზუალურმა იდენტობამ სახელიც გვიკარნახა – სპორტთან დაკავშირებული სიტყვა – „რაუნდი“, – გვიყვება გიორგი. რაც შეეხება ხარისხს, ტანსაცმელი სხვადასხვა სპორტსმენმა გამოცადა: მოჩხუბრებმა, ბრძოლა წესების გარეშეს სპორტსმენებმა, ბოდიბილდერებმა, მორბენლებმა, მათაც, ვინც სრიალებს და მოკლედ, პროდუქტმა მოლოდინები გაამართლა.

ჩვენს კითხვაზე, რა პრობლემას ჭრის ბაზარზე ქართული სპორტული ტანსაცმლის ბრენდის არსებობა? – გიორგი გვპასუხობს, რომ ეს იყო აქამდე მისი არარსებობა და მაღალი ღირებულება.

რაც შეეხება ბაზარზე „რაუნდის“ უპირატესობას? – ამ შემთხვევაში, მისი პასუხი ფასსა და კომფორტთანაა დაკავშირებული. ამ უკანასკნელში კი, უფასო მიტანის სერვისსა და ასეთივე შეფუთვას გულისხმობს.

გეგმები ასეთია – პროდუქტის გამრავალფეროვნება და შემდეგ, ექსპორტზე გატანა.

გამოწვევები, პირველ რიგში, ბაზარზე თავის დამკვიდრებას უკავშირდება.სხვა სტარტაპერებისთვის რჩევა კი ასეთია: „რაღაც მომენტში ისე გავიჭედეთ, რომ გვეგონა, ეს საქმე აღარ გამოვიდოდა, თუმცა, არ გავჩერდით და აქამდე მოვედით.  ბევრი შეიძლება, საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყოს და ვერ გადაწყვიტოს, მისი იდეა იმუშავებს, თუ არა. თუმცა, ჩემი რჩევაა, რომ მხოლოდ ფიქრით არ შემოიფარგლო. თუ გრძნობ, რომ ეს საქმე სწორედ ისაა, რაც წინ წაგწევს, უნდა ცადო. ამ ცდაში მოდის ყველაფერი და მერე იმასაც შეძლებ, საკუთარი იდეა მატერიალურ პროდუქტად რომ გარდაქმნა“.

„რაუნდი“, ჯერჯერობით, ონლაინაა ხელმისაწვდომი, თუმცა, მოთხოვნა განსაზღვრავს, ფიზიკურად ბრენდის პროდუქცია სად და როგორ იქნება წარმოდგენილი.

განხილვა