19
Oct
2018

პირველი მილიარდერი მწერალი მსოფლიოში – ჯოან როულინგის ბიზნესისტორია  

19 Oct 2018

კინოსაიტებზე შესვლისას, სავარაუდოდ, ერთხელ მაინც მოგიკრავთ თვალი ჯადოქარი ბიჭუნასა და მისი მეგობრებისთვის. თუმცა, ამას კინოსაიტები არ სჭირდება, ტელევიზიაც ხშირად გვაძლევს მისი ყურების შესაძლებლობას – საუბარი ჰარი პოტერს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ სქელტანიანი წიგნებისა და ფილმების სამიზნე აუდიტორია თავიდანვე მოზარდები იყვნენ, ჰარი პოტერის ამბებმა ყველა ასაკის ხალხი მიიზიდა.

საიდან და როგორ დაებადა ავტორს მისი შექმნის იდეა?  სწორედ ამას გიამბობთ დღეს და გაგაცნობთ ქალს, სახელად ჯოან როულინგი, რომელიც პირველი მილიარდერი მწერალი გახდა და მოგიყვებით ამბავს,  რომლის წყალობითაც ჰარი პოტერი მსოფლიო ბრენდად იქცა.

„მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთადერთი რამ, რაც ამ ცხოვრებაში მინდოდა, იყო ნოველების წერა. მაგრამ დედაჩემი და მამაჩემი, რომლებსაც არც თუ ისე „მდიდრული“ წარსული ჰქონდათ, ფიქრობდნენ, რომ ჩემს გატაცებას არ შეეძლო, კეთილდღეობა მოეტანა.“ – ამბობს ცნობილი მწერალი და სცენარისტი ჯოან როულინგი. იგი 1965 წლის 31 ივლისს მოევლინა ქვეყანას. უნდა ითქვას, რომ ბავშვობაც მწერლის შესაფერისი ჰქონდა – იგი მუდამ გარემოცული იყო წიგნებით, რაც იმის მოტივაციას აძლევდა, რომ თავადაც ეწერა. ცნობილია, რომ, ძირითადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებებს წერდა და თავის უმცროს დას უკითხავდა ხოლმე. ბავშვობიდან მკაცრად განსაზღვრული ჰქონდა, რომ მომავალში აუცილებლად მწერალი უნდა ყოფილიყო. ჯოანის პირველ წიგნს ერქვა „კურდღელი“, რომელიც მან ექვსი წლის ასაკში დაწერა. ხოლო თერთმეტი წლისამ კი შექმნა პირველი ნოველა, რომელიც ეხებოდა შვიდ დაწყევლილ ბრილიანტს და მათ მფლობელებს.

სკოლის დამთავრების შემდგომ, დიდი სურვილით გაემართა ოქსფორდის უნივერსიტეტისკენ, თუმცა, მათ არ მიიღეს. სწორედ ამიტომ, იგი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ჩააბარა „Exeter University“-ში. იგი აქ ფრანგულსა და ანტიკურ ლიტერატურას სწავლობდა. ცნობილია, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ძალიან დიდ დროს ატარებდა და მუდამ ლიტერატურას კითხულობდა. შემდგომში, მან თავისი ცოდნა ჰარი პოტერში „ჩააქსოვა“.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1986 წელს მკვლევრად დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო ამინისტია“.  ამ პერიოდს როულინგი ასე იხსენებს:  „ჩემს პატარა ოფისში ვკითხულობდი ხოლმე ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ ნაჩქარევად დაწერილ წერილებს, რომლებიც რისკავდნენ და გარესამყაროს აცნობდნენ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მე კი ამ საქმიანობას უდიდესი ინსპირაციით ვუყურებდი და ჩემი წვლილი შემქონდა მასში.“ თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამსახურის მიმართ ჯოან როულინგი არც თუ დიდი ენთუზიაზმით იყო განწყობილი. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე არაორგანიზებული ადამიანი ამ სამყაროში. ყველაზე მეტად რაც ოფისში მუშაობაში მომწონდა, იყო ის, რომ თავისუფალ დროს, როცა არავინ მიყურებდა, შემეძლო ისტორიები მეწერა კომპიუტერში.“

ორგანიზაციაში მუშაობას მან მალევე დაანება თავი და გეზი ლონდონისკენ აიღო. მატარებელის რეისი 4 საათით გადაიდო, სწორედ ამ ოთხ საათში აივსო იდეებით  მისი გონება. იმ მომენტში ჯოანს კალამი არ ჰქონდა, თუმცა, როგორც კი ლონდონში ჩავიდა, მაშინვე დაიწყო წერა. მის მწერლობაზე დიდი გავლენა იქონია დედამისის სიკვდილმა, იგი სწორედ მაშინ გარდაიცვალა, როდესაც როულინგი ნაწარმოების წერის პროცესში იყო და მისი გრძნობები, ფაქტობრივად, ჰარი პოტერის ენით გადმოსცა.

1990 წელს  ჯოანი საცხოვრებლად გადავიდა პორტუგალიაში, რათა ესწავლებინა ინგლისური, როგორც უცხო ენა. საღამოობით იგი ატარებდა გაკვეთილებს, ხოლო დღისით ჩაიკოვსკის მუსიკის ფონზე ნაწარმოებს წერდა. თუმცა, ხანმოკლე ქორწინების და შვილის შეძენის გამო კვლავაც დაუბრუნდა დიდ ბრიტანეთს, სადაც ფრანგულის მასწავლებლად მუშაობდა და პარარელურად წერდა კიდეც. როულინგის ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. განქორწინებამ და მარტოხელა დედობამ მას საკუთარი თავი წარუმატებელ ადამიანად დაანახა. ჯოანს ამ პერიოდში დაუდგინეს კლინიკური დეპრესია. ყველა ამ ფაქტორმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე და სუიციდზე ფიქრიც კი დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ მაინც მოახერხა მთელი კონცენტრაციის წერაზე გადატანა.

კაფეებში წერა მისთვის ჩვევად იქცა. ჯოანი იგონებდა, რომ ბავშვს გარეთ სეირნობისას ხშირად ეძინებოდა, ამიტომაც იგი ადგილობრივ კაფეებში შედიოდა და ძალიან ბევრს წერდა: „ალბათ, ვერასდროს დავწერდი ჰარი პოტერს, რომ არა რამდენიმე წლის განმავლობაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება.“

1995 წელს მან დაამთავრა წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“  წერა. თუმცა, ამ წიგნს განსაკუთრებული ოვაციები სულაც არ მოჰყოლია. ხელმაწერი  როულინგმა თორმეტ საგამომცემლო სახლში მიიტანა, თუმცა, იგი თორმეტივემ დაიწუნა.  1 წლის შემდეგ, ჯოანმა დადებითი პასუხი მიიღო ბარი კუნინგემისგან, რომელიც საგამომცემლო სახლის „Bloomsbury Publishing“-ის რედაქტორი იყო. რეალურად, ამ წიგნის გამოცემა მისი 8 წლის შვილის დამსახურებაა, მამამ მას წიგნის პირველი თავი წააკითხა, რის მერეც, გოგონამ დაუყოვნებლივ მოითხოვა მომდევნო თავი. წერილს, რომელიც რედაქტორისგან მიიღო, ჯოანმა შემდგომში ასე უწოდა: „საუკეთესო წერილი, რაც კი ოდესმე მიმიღია.“

1997 წელს ჯოან როულინგმა მიიღო 8 ათას ევროიანი გრანტი „Scottish Arts Council“-ისგან, იმისათვის, რომ წერა გაეგრძელებინა. თავდაპირველად „Bloomsbury Publishing“-მა ნაწარმოების 1000 ასლი გამოსცა, რომელთაგან თითოეულის ფასი დღეს 16 ათასიდან 25 ათას ევრომდე მერყეობს. რამდენიმე თვეში წიგნმა სხვადასხვა ჯილდო მოიპოვა, მაგალითად, როგორებიც იყო „ბრიტანული წიგნის ჯილდო“, „წლის საბავშვო წიგნი“ და ა.შ

1998 წელს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რომელი გამომცემლობა მოიპოვებდა ჰარი პოტერის გამოცემის უფლებას. საბოლოოდ ეს უფლება 105 ათას დოლარად იყიდა „Scholastic Cooperation“-მა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური გამომცემლობაა. 1998 წელს ჯოანმა დაწერა წიგნის მეორე ნაწილი „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“.  1999 წელს კი მესამე ნოველა, სახელად „ჰარი პოტერი და აზბაკანის ტყვე“.  ყოველ ახალ გამოცემულ წიგნს უფრო მეტი აღიარება და პატივი მოსდევდა. მისმა მეოთხე წიგნმა, სახელად „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“, რომელიც 2000 წელს გამოიცა, ფაქტობრივად, მოხსნა გაყიდვების რეკორდი ამერიკასა და ინგლისში. დაახლოებით, 375 ათასი წიგნი გაიყიდა გამოცემიდან პირველივე დღეს, გამოცემიდან 48 საათში კი – 3 მილიონი. ყოველი ახალი წიგნი გაყიდვებით ახალ რეკორდს ამყარებდა.  წიგნები დღესდღეობით ნათარგმნია მთელი მსოფლიოს მასშტაბით 65 ენაზე.

წიგნების გამოშვებიდან მალევე დაიბადა როულინგის წიგნების ფილმებად გადაღების იდეა. ყოველივე ამის გაძღოლა „Warner Bros. Entertainment“-მა ითავა. გადაღებები 2001 წლიდან მიმდინარეობდა. ჯოან როულინგი, აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და, ფაქტობრივად, მან პროდუსერის როლიც მოირგო. მისი მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ფილმები დიდ ბრიტანეთში გადაეღოთ და ასევე ისიც, რომ მათი მსახიობები აუცილებლად ინგლისელები ყოფილიყვნენ.

2012 წელს შეიქმნა როულინგის ციფრული კომპანია, სახელად „Pottermore“, რომელსაც აქვს თავისი საიტი, მასზე ჯოანი დრო და დრო დებს უცნობ და საინტერესო ინფორმაციებს ჰარი პოტერის შესახებ. ფანებს აქ შეუძლიათ, გაეცნონ სხვადასხვა სიახლესა და სტატიას.

ჰარი პოტერის 7 წიგნით ჯოან როულინგს თავისი სამწერლო მოღვაწეობა არ დაუსრულებია. 2011 წელს ცნობილი გახდა, რომ იგი ახალ ნაწარმოებზე მუშაობდა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ჰარი პოტერისგან და ძირითადად, მორგებული იქნებოდა მოზარდებზე. 2012 წელს მისი ნაწარმოები, სახელად „შემთხვევითი ვაკანსია“ წიგნის დახლებზე გამოჩნდა და პირველ კვირაში მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 2012 წელს ცნობილი გახდა, რომ BBC როულინგის ნაწარმოების გადაღებას აპირებდა. მართლაც, 2015 წლის მარტში სამ სერიად გადაღებული „შემთხვევითი ვაკანსია“ ტელეეკრანებზე გავიდა.

2007 წელს ხმები გავრცელდა, რომ როულინგი დეტექტიურ ნოველას წერდა, თუმცა, ეს ხმები მალევე მიწყნარდა. 2013 წელს უცნობმა ავტორმა, რობერტ გალბრეთმა გამოაქვეყნა სადებიუტო რომანი, სახელად „გუგულის ძახილი“, რომელიც დეტექტიური ჟანრისა იყო. თავდაპირველად გაიყიდა მისი 1500 ეგზემპლარი. ნაწარმოებმა მსგავსი ჟანრის სხვა მწერლებისგან და კრიტიკოსებისგან აღიარება დაიმსახურა. მოგვიანებით, დიდი გამოძიებების შედეგად გაირკვა, რომ წიგნის ავტორი ჯოან როულინგი იყო და არა ვინმე რობერტი. ავტორმა ნაწარმოები ფსევდონიმით გამოაქვეყნა.  მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, წიგნის გაყიდვები 4 000%-ით გაიზარდა. მოგვიანებით, ჯოანმა აღნიშნა, რომ ფსევდონიმით მუშაობა მისთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. BBC-იმ კვლავაც ითავა როულინგის ნაწარმოებზე დაყრდნობით სერიების გადაღება.

2004 წელს ფორბსმა როულინგი დაასახელა პირველ მილიარდერად, რომელმაც ქონება წიგნების წერით დააგროვა. მან აღიარება მოიპოვა როგორც ამერიკაშიც და დიდ ბრიტანეთშიც. იგი მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიებში სხვადასხვა ადგილზე ხვდებოდა, თუმცა, ერთხელაც ფორბსმა როულინგი ამგვარი სიიდან ამოიღო, ამის მიზეზი კი ქველმოქმედებაში დახარჯული 160 მილიონი დოლარი იყო. დღევანდელი მონაცემებით, მისი ქონება 650 მილიონ დოლარს შეადგენს.

ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა, როულინგი ცნობილია თავისი ფილანტროპიული საქმიანობით.  იგი საქველმოქმედო ორგანიზაციის, „Gingerbread“-ის პრეზიდენტია, რომელიც მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებს ეხმარება. იგი აქტიურად ცდილობს უსახლკარო ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ჯოანი ზრუნავს  გაფანტული სკლეროზით დაავადებულ ხალხზეც. მისი მძაფრი ინტერესი ამ მხრივ,  იმითაც არის გამოწვეული, რომ დედამისი 1990 წელს სწორედ ამ დიაგნოზის გამო გარდაიცვალა.

„მე ყოველთვის ვწერ იმას, რაც მინდა და რაც აღმაფრთოვანებს. მუდამ საკუთარი თავისთვის ვწერ და არასდროს, არასდროს მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი ამხელა პოპულარობას მომიტანდა“, ამბობს ჯოან როულინგი, ქალი, რომლის ფანტაზიებიც ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. და მაინც, არც თუ ისე დალხენილი ცხოვრების შემდეგ, ჯოან როულინგი საქვეყნოდ ცნობილი მწერალი გახდა. რამ შეაძლებინა ეს? –  „შენ ყოველთვის იფიქრებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ამისთვის საკმარისი მოთმინება გაქვს.“

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] დროით ჰოგვორტსის დირექტორიც კი…  ჯოან როულინგის “ჰარი პოტერის” […]