12
Sep
2019

ტვინის იმპლანტებმა, შესაძლოა, აზრების კითხვის უნარი შეგვძინოს

12 Sep 2019

Alta
Alta


ტვინის იმპლანტების დახმარებით, შესაძლოა, ინტერპერსონალური კომუნიკაცია ტელეპათიურიც გახდეს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს ინფორმაციის გაცვლა (გაზიარება და მიღება) ფიქრის გზით შეეძლებათ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ორგანიზაციის Royal Society-ს კვლევის შედეგი, რომელიც The Independent-მა მიმოიხილა. დოკუმენტი ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ ამ შესაძლებლობის შეძენის სურვილის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ დავდგებით არჩევანის წინაშე. ახალი უნარიs გამოცდის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოგვიწევს მნიშვნელოვან კომპრომისზე წასვლა – საკუთარი ფიქრების გასაჯაროების კუთხით.

ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანელი მეცნიერების წინასწარმეტყველება გამართლდება, ტვინის იმპლანტების მასობრივმა მოხმარებამ, შესაძლოა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებები ახალ საფეხურზე აიყვანოს. მით უფრო მაშინ, როცა არამხოლოდ ფიქრები, სენსორული გამოცდილება და იმპულსის დონეზე, რეაქციებიც კი შეიძლება გახდეს არაპირადი. „მეგობარს, რომელიც დასასვენებლადაა შეუძლია თავისი შეგრძნებები, დანახული და გაგონილი ინფორმაცია გამოუგზავნოს თქვენს ტვინს“.

Royal Society-ს თქმით, იმისათვის, რომ ნეირონული იმპლანტები ნამდვილად სასარგებლო იყოს ადამიანებისთვის, საჭიროა მთავრობების ჩართულობა. სხვა შემთხვევაში, ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე მუშაობენ ნეირონული იმპლანტების შექმნაზე – მაგალითად, Facebook, ან ილონ მასკის Neuralink, შესაძლოა, იქცნენ მსოფლიოს „მმართველებად“.

„ნეირონულ იმპლანტებს შეუძლია დიდი ეკონომიკური, ჯანმრთელობასთან თუ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოს, თუმცა, თუ მათი შექმნა იქნება დამოკიდებული კერძო კომპანიებზე, რომლებსაც კომერციული ინტერესები ამოძრავებთ, ეს გარკვეულ ეჭვს იწვევს. ამიტომაც, ვთხოვთ მთავრობას, ამ კუთხით მუშაობის დაწყებას“, – ამბობს The independent-თან საუბრისას კრისტოფერ ტოუმაზოუ – Imperial College London-ის ხელმძღვანელი.

დარჩება, თუ არა ნეირონული იმპლანტის – ერთგვარი კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში ადამიანი ადამიანად. მით უფრო დამაჯერებლად სვამენ ამ კითხვას მეცნიერები, მაშინ, როცა ადამიანის ფიქრის შესაძლო საჯაროობას ეხება საქმე. იქნება, თუ არა ნეირონული იმპლანტის მომხმარებელი რობოტისა და ადამიანის ჰიბრიდი? კრისტოფერ ტოუმაზოუ ამბობს, რომ „ნეირონული ინტერფეისები დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, ისევე, როგორც თავის დროზე, სმარტფონის არსებობა მიგვაჩნდა შეუძლებლად“.

განხილვა