in

4 რჩევა მენეჯერებს – რთული დღეების პოზიტიურად გადასაგორებლად

არსებობს სიტუაციები, როდესაც სამსახურში წასვლის და, ზოგადად, მუშაობის ხალისი არ გვაქვს. ასეთ დროს შთაგონების პოვნა ძალიან რთულია და გამოწვევებიც უფრო იმატებს. 

სტრესული მომენტები ბევრი მიზეზის გამო შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა არსებობს მეთოდები, რომლებიც გვეხმარება, სამსახურით სიამოვნების მიღებაში რთული დღეების დროსაც კი. 

Association for Psychological Science-მა ჩაატარა კვლევა და აჩვენა, რომ ქრონიკული სტრესი სამუშაო გარემოში გავლენას ახდენს არა მხოლოდ ემოციურ კეთილდღეობაზე, არამედ იწვევს ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემებსა და კოგნიტიურ დაქვეითებას, ამიტომ მნიშვნელოვანია სტრატეგიების ჩართვა, რომელიც ხელს შეუწყობს სტრესის შემსუბუქებას და გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას. 

კვლევაში მოცემულია ოთხი სტრატეგია, რომლებიც გუნდის ხელმძღვანელებმა და ლიდერებმა შეიძლება გამოიყენონ და მიაღწიონ პოზიტივსა და ოპტიმიზმს სამსახურში.

იპოვეთ პასუხი კითხვაზე „რატომ”

საკუთარ თავთან ჰარმონიის მისაღწევად და იმისთვის, რომ მამოძრავებელი ძალა აღმოაჩინოთ, აუცილებელია, იპოვოთ პასუხი კითხვაზე „რატომ”. 

იკიგაი არის იაპონური კონცეფცია, რომელიც უხეშად ითარგმნება როგორც „არსებობის მიზეზი”, ანუ თქვენი ცხოვრების ნამდვილი მიზანი. ეს კონცეფცია გვთავაზობს საკუთარი თავის ამოცნობას ნიჭის, შესაძლებლობების, ფასეულობებისა და სურვილების გათანაბრებით და მსოფლიო საჭიროებების გათვალისწინებით. 

ცადეთ თქვენი „იკიგაის” პოვნა ამ კითხვებზე დაფიქრებით:

  • რა საქმიანობას მოაქვს თქვენთვის სიხარული?
  • რა უნარებსა და ნიჭს ფლობთ?
  • რა არის ის წვლილი, რომლის გამოც თქვენს თავს დააჯილდოებდით?
  • როგორ შეგიძლიათ დადებითი გავლენის მოხდენა სხვებზე?

ის, რასაც შენთვის სიხარული მოაქვს, რაშიც კარგი ხარ და რითაც სხვებს შეიძლება გამოადგე, არის შენი საწვავი, რომელიც გიბიძგებს უკეთესი ნაბიჯებისკენ. 

იფიქრეთ ისე, როგორც დამწყებმა

ყოველდღიური რუტინის გამო ზოგჯერ შეიძლება უარი თქვათ ახალ შესაძლებლობებზე. არადა, თუ გახსოვთ, როგორი იყო პირველი სამსახურის დაწყების მღელვარება, ან ის დღე, როცა პირველად დაგაწინაურეს? ეს არის პოტენციალით სავსე დღეები, რა დროსაც ყველაფერი მიღწევადი ჩანდა. 

ისიც გახსოვთ ალბათ, როდის გაქრა ეს ნაპერწკალი. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო საყვარელი გუნდის წევრის სამსახურიდან წასვლა და ხელმძღვანელობით იმედგაცრუება. ეს საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ გადაიწვათ.

შუნრიუ სუზუკი, ავტორი წიგნისა  Zen Mind, Beginner’s Mind, წერს: „დამწყებთა გონებაში ბევრი შესაძლებლობაა, ექსპერტის გონებაში – ცოტა“. ზენ ბუდიზმის გაგებით, ახალბედა უფრო ღიაა სამყაროსადმი და მეტად ცნობისმოყვარეა, ვიდრე გამოცდილი ადამიანი. ამიტომ, თუ ამ მიდგომას ჩვენს ყოველდღიურობაში შევიტანთ, დაგვეხმარება ერთ ადგილას გაჭედვისა და გადაღლილობის შეგრძნებისგან. 

მადლიერება და სიხარულის შეგრძნება

მადლიერების აქტიური გამოხატვა და სხვისი წვლილის აღიარება საქმეში დადებითად აისახება ჩვენს განწყობაზეც. გარდა ამისა, ეს აძლიერებს ურთიერთობებს კოლეგებთან და ოფისში მხარდამჭერი გუნდის კულტურას აყალიბებს. UC Berkeley-ის Greater Good Science Center-ის კვლევამ აჩვენა, რომ მადლიერება იწვევს შრომითი კმაყოფილების გაზრდას, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და გუნდურ ერთიანობას.

თუ თავად ხართ გუნდის ხელმძღვანელი, წაახალისეთ ისინი, რომ ხშირად აღიარონ ერთმანეთის თუნდაც მცირე წარმატებები.

შეავსეთ თქვენი თავი 

რთული დღეები გარდაუვალია. როდესაც სამუშაო ძალიან შრომატევადია, საჭიროა, გქონდეთ შემუშავებული სტრატეგია, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ პატარ-პატარა „სიხარულებით” შეავსოთ თქვენი თავი. მაგალითად, ბოლოს როდის უთხარით თქვენს თავს: „ყოჩაღ”, „შენ ეს დაიმსახურე” ან „არა უშავს”. შეწყვიტეთ თვითკრიტიკა და მიეცით საკუთარ თავს იგივე, რასაც სხვებისთვის გასცემთ. 

კვლევებმა აჩვენა, რომ თვითმართვის პოზიტიური მეთოდები აუმჯობესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამცირებს შფოთვასა და დეპრესიას. ასეთი პრაქტიკით, თქვენ დაიტენებით და ამ ენერგეტიკას გუნდის წევრებსაც გადასცემთ, რადგან კარგი განწყობა გადამდებია.

გუნდში სიხარულის, იმედისა და ოპტიმიზმის ინტეგრირება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მენეჯმენტი. ეს არის ლიდერული აზროვნება. ამ სტრატეგიების განხორციელებისას გახსოვდეთ, რომ მიზანი არ არის მხოლოდ ცუდი დღეების გადაგორება, არამედ მთლიანობაში ისეთი სამუშაო ადგილის შექმნა, სადაც თქვენ და თქვენს გუნდს ყოველთვის შეგიძლიათ, იყოთ ბედნიერები.

წყარო: HBR



Instagram-ის პროფილზე მუსიკის დამატებას შეძლებთ

მეცნიერებმა მთვარეზე მაგმის ოკეანის ნიმუშებს მიაგნეს