პანდემიის მიერ შექმნილ არასტაბილურ გარემოში ხელმძღვანელებისთვის სწორი და სტაბილური გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო რთული გახდა. მათ ისეთი სტრატეგიების შემუშავება უწევთ, რითაც თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ, ბუნებრივია, ეს სამსახურში უფრო კარგი გარემოს შექმნის მიზნით კეთდება. თუმცა აქ ყურადღება მეორე მხარეზეც უნდა გავამახვილოთ, კონკრეტულად კი, იმ ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარი თანამშრომლების საჭიროებებზე ზრუნვა ხშირად დიდი ენერგიის, სტრესისა და გადაღლილობის ხარჯზე უწევთ.
თანაც, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე ლიდერებს ისეთი პრაქტიკული სტრატეგიების შექმნა სჭირდებათ, რომლითაც როგორც საკუთარ თავზე, ისე გუნდზე ზრუნვასაც მოახერხებენ. ისიც მართალია, რომ ფიზიკურად გონების მართვას ვერცერთი ჩვენგანი შეძლებს, მაგრამ მისი გამოყენება ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად შესაძლებელია.
აქ კი ის სამი რეკომენდაცია განვიხილოთ, რომელთა გათვალისწინებაც ლიდერებს არასტაბილურ გარემოში გუნდის მართვაში დაეხმარება.
აკონტროლეთ თქვენი ეგო
სამსახურში პოზიციის ამაღლებისას ჩვენი ეგოც ბუნებრივად შეიძლება გაიზარდოს. ხოლო, როცა ეს ხდება, ცუდი გადაწყვეტილებების მიღებისა და არასწორი ნაბიჯების გადადგმის საფრთხის წინაშე ვდგებით. გაზრდილი ეგო ჩვენს ხედვას ავიწროვებს და გვაიძულებს ვეძებოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც იმას ადასტურებს, რისი დაჯერებაც გვინდა. შესაბამისად, ჩვენ სრული სურათის დანახვას ვეღარ ვახერხებთ… მარცხისა და კრიტიკის შემთხვევაში კი, შეცდომების აღიარება და მისგან რაღაცის სწავლა კიდევ უფრო გვიჭირს.
გამოდის, არაპროგნოზირებად სამყაროში ეგოს ჩვენი მოქნილობის უნარის მოკვლა შეუძლია. მისი კონტროლი კი ლიდერებს შეცდომების დაშვების, აღიარებისა და გაგრძელების თავისუფლებას აძლევს.
ამჯობინეთ სიმამაცე კომფორტს
ხშირად ადამიანები უსაფრთხოებისკენ მივისწრაფვით და დისკომფორტის თავიდან არიდებას ვცდილობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ — კომფორტის ზონაში ყოფნა საუკეთესო რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. საუკეთესო შედეგისთვის აქ თავს თქვენი სიმამაცე უნდა იჩენდეს, რაც უშიშროებისგან განსხვავებულია… სწორი გადაწყვეტილების მიღებისას ან ნეგატიური ამბის გავრცელებისას ჩვენ ცოტათი გვეშინია, მაგრამ იმ შინაგან ძალასაც ვპოულობთ, რომლითაც მისი დაძლევა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და წინსვლა შესაძლებელია.
ამის მაგალითი ის ხელმძღვანელები შეიძლება იყვნენ, ვინც პანდემიის დროს სამუშაო ადგილებიდან ადამიანების გათავისუფლებას, მათი შენარჩუნება არჩია… ზოგადად კი, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სიმამაცის გამოჩენა დაუცველ სიტუაციებში გვაყენებს, სხვა ტერიტორიაზე გადავდივართ, სადაც შეცდომების დაშვების ალბათობაც საკმაოდ მაღალია… ხოლო, როცა შიშებისა და არეულობის წინაშე ვდგებით, თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ, დაინახონ ჩვენი ადამიანური მხარე და საკუთარი შეხედულებებიც გაგვიზიარონ.
დანერგეთ ზრუნვის გამჭვირვალობა
დიახ, ხელმძღვანელებს მზრუნველი და მხარდამჭერი მიდგომა უნდა ჰქონდეთ და პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს იდეებისა და აზრების ღიად გავრცელებას ნიშნავს, რათა ხილული გახადოს ის, რაც ხშირად ზედაპირის ქვეშ იმალება. ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვისაუბროთ ყველაფერზე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია კი იმის შიშით არ უნდა დავმალოთ, რას იფიქრებენ სხვები ჩვენზე ან როგორ მიიღებენ მას. შედეგად, თანამშრომლები კომპანიაში მათი და ზოგადი მდგომარეობის შესახებ გაიგებენ და გადაწყვეტილებების მიღებას უკეთ მოახერხებენ. გამოდის, როცა გამჭვირვალე მიდგომა გაქვთ, სხვები იგებენ თუ რა არის თქვენს გონებაში, ხოლო, როცა ამას ზრუნვას ამატებთ, მათ ისიც იციან თუ რა იმალება თქვენს გულში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Potential Project-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხელმძღვანელები, რომლებიც ამ სამ რეკომენდაციას ითვალისწინებდნენ, საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევდნენ — თანამშრომლების სამუშაოთი კმაყოფილება 11%-ით გაუმჯობესდა, ერთგულება 10%-ით გაიზარდა, ხოლო გადაღლილობის მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა.
მსგავს შედეგს კი თქვენ შეცდომების აღიარებით, გამბედაობის გამოჩენით მაშინაც კი, როცა ეს თავს დაუცველად გაგრძნობინებთ და იმის გაზიარებით მოახერხებთ, რაც თქვენს გონებასა და გულშია. დიდი ალბათობით, თავდაპირველად შეშინდებით კიდეც, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს საუკეთესო რამ არის, რაც თქვენი გუნდისა და საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ.
წყარო: HBR