9
Sep
2019

ვინ ზიანდება სამსახურში უხეში მოპყრობით?

9 Sep 2019

თქვენი აზრით, სამსახურში ვინ უფრო ზარალდება, ის, ვისაც უხეშად ექცევიან, თუ ის, ვინც უხეშად იქცევა?

pasha-statiebi
pasha-statiebi

რადგან ასე დავსვით კითხვა, შეიძლება, ახლა თქვენმა ტვინმა ფიქრი სხვანაირად დაიწყოს, თუმცა, ლოგიკური არაა, რომ მან, ვინც უხეშად იქცევა, შენიშვნა უნდა მიიღოს? შეწუხდეს იმის გამო, რომ ცუდად მოიქცა?

და ვისგან უნდა მიიღოს შენიშვნა?

საინტერესოა, ლიდერები როგორ აღიქვამენ მსხვერპლისა და დამნაშავის ქცევას?

მკვლევარებმა გადაწყვიტეს, სასადილო რესტორნების თანაშრომლებისთვის ეკითხათ, ვის ეპყრობოდნენ არასათანადოდ და პირიქით, ვინ ეპყრობოდა მათ ასე. შემდეგ, მათს მენეჯერებს უნდა შეეფასებინათ თითოეული ამ თანამშრომლის ქცევა. კვლევაში 5 რესტორნის 169 თანამშრომლიდან 149 და 14-დან 13 მენეჯერი მონაწილეობდა. შედეგები კი ასეთი იყო: თანამშრომლები, რომლებიც თავს მსხვერპლად მიიჩნევდნენ, მენეჯერების თვალში პირიქით, უხეშად ქცევის სუბიექტებად სწორედ ეს ადამიანები აღიქმებოდნენ. სხვა თანამშრომლებზე აზრს კი, რომ ისინი არასათანადოდ ეპყრობოდნენ სხვებს, მენეჯერები არ ეთანხმებოდნენ. ორი ძალიან საინტერესო მიზეზის გამო: მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ხელმძღვანელებთან ან თავიანთ საქმეს შესანიშნავად აკეთებდნენ.

იმისთვის, რომ ლიდერების მიკერძოებულობის შესახებ არსებული ვარაუდი უფრო სანდო ყოფილიყო, მკვლევარებმა, მასშტაბების გაზრდის მიზნით, სტუდენტებს სთხოვეს, რომ მათი ოჯახის წევრებისა თუ დასაქმებული ახლობლებისთვის კვლევაში ჩართვა ეთხოვათ. პოლარულად განსხვავებული პროფესიების წარმომადგენლები ონლაინ გამოკითხვას პასუხობდნენ, რამდენად ხშირად ჰქონდათ გამოცდილი სამსახურში, სხვების მხრიდან, არასათანადო მოპყრობა, შემდეგ მენეჯერის მისამართს უთითებდნენ და ამ უკანასკნელს თანამშრომლის ქცევის შეფასება უწევდა. ანონიმურად, 372 წყვილი გამოიკითხა, შედეგები კი ყველგან ერთნაირი იყო. როგორც ჩანს, ლიდერები ყველა სახის სამუშაო გარემოში, თანამშრომლების შეფასებისას, ყოველთვის ავლენდნენ მიკერძოებულ დამოკიდებულებას.

თუმკცა, ერთი კითხვის ნიშანი არსებობდა, რომელიც ლიდერების დამოკიდებულების სასარგებლო არგუმენტად გამოდგებოდა: რომ თანამშრომლები, რომლებსაც უხეშად ეპყრობოდნენ, თავადვე იყვნენ ასეთები და ამიტომ იმსახურებდნენ ასეთ ქცევას.

ამ შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით, კიდევ ორი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის გასარკვევად, რამდენად იყო პროვოცირებული არასათანადო მოპყრობა, თავად მსხვერპლის მხრიდან. ექსპერიმენტის ფარგლებში, MBA-ს კურსებიდან და ონლაინ ფორუმებიდან, როგორიცაა LinkedIn პროფესიონალები მოიწვიეს, რომლებსაც დაევალათ, რომ წარმოედგინათ, თითქოს ისინი მენეჯერულ პოზიციებზე დააწინაურეს და რამდენიმეკვირიანი დაკვირვების შედეგად, თავიანთი დაქვემდებარებულები უნდა შეეფასებინათ. შემდეგ მონაწილეებს თანამშრომლების 10 ფიქციური პროფილი წარუდგინეს და სთხოვეს, გულდასმით შეეფასებინათ ისინი.

ერთ-ერთი პროფილი ასე გამოიყურებოდა: კრისი თითქმის 2 წელია, ამ ორგანიზაციაშია და ზოგადად, სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. კრისს სამსახურში არც ისე ბევრი მიღწევა აქვს. გარდა ამისა, ხანდახან სამსახურში აგვიანებს, ყოველთვის პროდუქტიულად ვერ მუშაობს და თავისი საქმის არც ისეთი კარგი მცოდნეა. კრისი სარკაზმს იყენებს სხვებთან საურთიერთოდ და ამით შეურაცხყოფს ხოლმე მათ. ამის გამო, თანამშრომლები მასთან კომუნიკაციას ერიდებიან.

არსებობდა ასეთი თანამშრომლის პროფილიც, რომელიც სხვა თანამშრომლებს კარგად ეპყრობოდა, თუმცა, ის მაინც მსხვერპლი იყო: ალექსი კომპანიის გუნდს, დაახლოებით, 2 წელია, შეუერთდა და ჯამში, ამ პოზიციაზე საქმიანობის 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ალექსი, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი თანამშრომელია. არასდროს იღლება, საქმეში დიდ ძალისხმევას დებს და მოკლედ რომ ვთქვათ, თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. სხვებთან ყოველთვის ზრდილობიანი და თავაზიანია. მიუხედავად ამისა, მასზე მაინც არ საუბრობენ კარგს და ისიც გაირკვა, რომერთხელ მის ელექტრონულ შეტყობინებებს ხმამაღლა კითხულობდნენ, მისი დამცირების მიზნით.

იყო ასეთიც: ტეილორი 6 წელია, ამ სფეროში მუშაობს და კომპანიას 2 წლის წინ შეუერთდა. ტეილორზე იფიქრებთ, რომ ის განსაკუთრებული თანამშრომელია. დროულად მოდის ოფისში, ბეჯითად მუშაობს და სამსახურში ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე პროფესიონალია. ტეილორი მტრულად არასდროს არავის უყურებს და არც დაცინვის ფაქტი ახსენდება მისგან ვინმეს. თანამშრომლებიც, თავის მხრივ, ზრდილობიანები არიან მის მიმართ და პატივისცემით ეპყრობიან.

ალექსის შემთხვევამ, რომ მსხვერპლის შეუფერებელი ქცევა იწვევს სხვების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, ეს ვარაუდი გამორიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ის არაფერს აშავებდა, პირიქით, როგორც პროფესიონალსა და როგორც უბრალოდ, ადამიანს, სხვებისგან პოზიტიური უკუკავშირი უნდა მიეღო. მაგრამ ის მაინც მსხვერპლი იყო.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერების მიერ მსხვერპლი თანამშრომლების საქმის შესრულების მიმართ დამოკიდებულება. მაშინაც კი, როდესაც კვლევის მონაწილეებს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს იმაზე, იყო, თუ არა საქმის გამკეთებელი, მაგალითად, კრისი ან თუნდაც, ალექსი, მიუხედავად იმისა, რომ ალექსი ბევრად კარგი დაქირავებული თანამშრომლეი იყო, კრისი უფრო დადებითად შეფასდა.

მოკლედ, ქცევის არასწორი გაანალიზება, კონკრეტული ადამიანის შეფასების სხვა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებზეც ახდენს გავლენას.

რა შეუძლიათ ლიდერებს, რომ გააკეთონ? – რჩევა ასეთია, რომ გაიარონ ის ტრენინგი, რომელსაც სპეციალურად, მოსამართლეებსა და არბიტრებს უტარებენ ხოლმე, რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის გასარჩევად. იმისთვის, რომ შეძლონ, კონტექსტუალურ და სუბიექტურ ფაქტორებს გვერდი აუარონ და ისე შეაფასონ ადამიანი და ზოგადად, ცნობიერება იმაზე აიმაღლონ, მათს შეფასებებს რამხელა მნიშვნელობა აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციაში ლიდერები არიან გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სხვების ქცევა სამართლიანად განსაჯონ.

ამ სტატიის მიზანი, პირველ რიგში, თქვენი დაფიქრება და იმ პასუხისმგებლობის გააზრებაა, რომელიც როგორც ლიდერს, გაკისრიათ.

წყარო: HBR



განხილვა