in

მანქანის ძრავა, რომელიც თავისი გამომგონებლის გვარს ატარებს – დიზელი

დღეს ეს ძრავა მისი გამომგონებლის სახელს ატარებს. მისი გამოგონებით რუდოლფ დიზელმა ახალი თავი წამოიწყო ინდუსტრიულ რევოლუციაში. რუდოლფ დიზელი გერმანელი ინჟინერია, რომელიც  საფრანგეთში გაიზარდა და თავისი იდეის იმ დღიდანვე სჯეროდა, როცა ის პირველად გაუჩნდა. იგი თავიდანვე ფიქრობდა, რომ მისი გამოგონება არა მხოლოდ დიდ მრეწველებს, არამედ მცირე ბიზნესსა და ხელოსნებსაც დაეხმარებოდა. 

დღეს უკვე დიზელის ძრავა ჩვეულებრივი მოვლენაა სატრანსპორტო საშუალებებში, განსაკუთრებით ისეთებში, რომლებსაც უწევთ მძიმე ტვირთის გადაზიდვა. 

ბავშვობა

რუდოლფ დიზელი 1858 წელს პარიზში დაიბადა. მისი მშობლები ბავარიელი ემიგრანტები იყვნენ. მისი ოჯახი საფრანგეთ-გერმანიის ომის დაწყებისას ინგლისში გადაასახლეს. იქიდან დიზელი გერმანიაში გაემგზავრა მიუნხენის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სასწავლებლად, სადაც მან გამოიჩინა თავი ინჟინერიაში. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მაცივრების შემკეთებლად დაინიშნა, შემდეგ კი თერმოდინამიკის სწავლა დაიწყო. 

მიზანი

რუდოლფის მიზანი ახალი ტიპის ძრავის გამოგონება იყო, რისთვისაც ის ბევრ იდეას ამუშავებდა. მან რამდენიმე წელი დაუთმო ექსპერიმენტებს. იგი ცდილობდა მცირე ბიზნესის დასახმარებელი გზა ეპოვა, რითაც ისინი კონკურენციას გაუწევდნენ დიდ ორგანიზაციებს, რომლებსაც ჰქონდათ ბევრი ფული ორთქლის ძრავების გამოსაყენებლად. თერმოდინამიკაში მიღებულ ცოდნას ის იყენებდა ეფექტური ძრავის შესაქმნელად.

თავდაპირველად, 1885 წელს, მან მოქმედი ამიაკის ძრავა ააწყო, რათა წვის ეფექტი გაეუმჯობესებინა. თუმცა ამან არ დააკმაყოფილა მისი მოლოდინი, ამიტომ დიზელმა სხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო.

დიზელის ძრავა

რუდოლფ დიზელმა 1892 წელს დააპატენტა თავისი პირველი დიზელის ძრავა. 1893 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მუშაობს მის მიერ შემუშავებული შიდა წვის ძრავა. იმავე წელს მან პროტოტიპის ტესტირება დაიწყო, რა დროსაც მცირე ხარვეზები აღმოაჩინა. მისი ძრავა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი არ იყო. მან მალევე იპოვა გამოსავალი – საწვავად ნახშირის მაგივრად რაფინირებული მინერალური ზეთი გამოიყენა, უფრო მოგვიანებით კი შედარებით მძიმე ნავთობზეც გადავიდა.

ამის შემდეგ კიდევ ორი წლის განმავლობაში მუშაობდა დიზელი თავისი გამოგონების გაუმჯობესებაზე. თეორიულად, მისი ეფექტურობა 75%-ით მეტი იყო, ვიდრე ორთქლის ძრავისა, რომელსაც მაშინ აქტიურად იყენებდნენ. ამ გამოთვლის შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა წარმოების მოდელის შემუშავებაზე. 1898 წელს რუდოლფ დიზელს მიენიჭა აშშ-ის პატენტი შიდა წვის ძრავის შექმნისთვის.

დიზელის ძრავის მაღალმა ეფექტურობამ, დიზაინის შედარებითმა სიმარტივემ, მას მყისიერი კომერციული წარმატება მოუტანა და ჰონორარმა მის გამომგონებელს დიდი სიმდიდრე მოუტანა.

დიზელის დატოვებული მემკვიდეობა

გამოგონებებს, რომლებიც რუდოლფ დიზელმა დაგვიტოვა, სამი საერთო აქვს: ისინი დაკავშირებულია სითბოს გადაცემის ბუნებრივი ფიზიკური პროცესებით, ისინი მოიცავს შესამჩნევად კრეატიულ მექანიკურ დიზაინს და ისინი შთაგონებულები იყვნენ გამომგონებლის კონცეფციით, რომელიც მან სოციალური საჭიროებების მიხედვით გათვალა. 

მიუხედავად იმისა, რომ დიზელმა თავისი შექმნილი ძრავა მცირე მეწარმეებზე გათვალა, მას დიდი სამრეწველო კომპანიებიც დიდი ინტერესით მოეკიდნენ. ამან ინდუსტრიული რევოლუციის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი.

მისი გარდაცვალების შემდეგ დიზელის ძრავები გავრცელდა როგორც მსუბუქ მანქანებში, ისე სატვირთოებში და გემებშიც კი. მისი ორიგინალური კონცეფციით შექმნილ ძრავებს ინდუსტრია დღესაც იყენებს, ოღონდ უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული ვერსიებით.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

თიბისი ლიზინგის და Lion Auto Auction-ის სპეციალური პირობები ავტომობილის შეძენას გაგიმარტივებს

სიკეთით გაჯერებული კომუნიკაციის ძალა