დღეს, მთელ ქვეყანაში რაგბის განწყობაა. მსოფლიოსთან შერკინება დაიწყო და ქართველი მორაგბეები იაპონიაში უელსის ნაკრებს შეეჭიდნენ. განწყობის შესაქმნელად და ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობის ნიშნად, თიბისიში მისულ მომხმარებლებს, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ყველა ფილიალში, რაგბის მაისურებში გამოწყობილი თანამშრომლები ემსახურებოდნენ. ამას გარდა, ცენტრალურ ოფისებში სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით, პლანეტის მეორე მხარეს, იაპონური მზის მოსატაცებლად მებრძოლ ნაკრებს თიბისელი გულშემატკივრები თიბისის ფილიალებიდან ადევნებდნენ თვალს.
კოკა ქამუშაძე, “თიბისის” ბრენდისა და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი: “ამ ამბის შესახებ არავინ იცოდა. თანამშრომლების ზომებიც კი ჩუმად ავიღეთ, რაგბის მაისურების დასამზადებლად. საქმის კურსში მხოლოდ ფილიალების დირექტორები იყვნენ. დღეს დილას, სამსახურში მოსულებს, თავიანთი მაისურები დახვდათ. ყველამ გახარებულმა ჩაიცვა თავისი მაისური. მომხმარებლებსაც ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ – კლასიკურად ჩაცმულ ბანკირებს არიან მიჩვეულები და უცებ, საგულშემატკივროდ გამოწყობილი თანამშრომლები დახვდათ. ასევე, დიდი ეკრანები დამონტაჟდა ცენტრალურ ოფისებში, სადაც თანამშრომლებს შეეძლოთ პირდაპირ ეთერში ეყურებინათ მატჩისთვის. გვიხარია, რომ ყველა კმაყოფილი დარჩა და როდესაც სამუშაო საათებს დაემთხვევა მატჩი, იმავეს გამეორებას კვლავაც ვაპირებთ.”