ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გზაა დივერსიფიკაცია. ამასთან, რატომღაც, ზოგიერთი კომპანიის აღმასრულებელი გუნდები მას თავს არიდებენ. რატომ? საქმე ისაა, რომ დივერსიფიკაცია ძალიან რთული საქმეა. ცხადია, საუკეთესო შემთხვევაში, აზარტული თამაშია, აი, უარეს შემთხვევაში კი, მას თქვენი კომპანიის განადგურებაც კი შეუძლია.
ამ მოსაზრების ფონზე, გრეჰემ კენიმ ჩაატარა კვლევა დივერსიფიკაციის შესახებ და აღმოაჩინა, რომ სწორი სტრატეგიის საშუალებით შესაძლებელია პროგნოზირებადი შედეგის მიღწევა. შედეგი კი არის პროგნოზირებადობის ზრდა. აქ მოცემულია დივერსიფიკაციის ძირითადი წესები, რომლებიც თქვენი ბიზნესის ზრდისთვის გამოგადგებათ.
ფოკუსირდით ბიზნესის მიმართულებაზე
ათწლეულების განმავლობაში, აკადემიური ლიტერატურის დიდი ნაწილი სწავლობდა საკითხს, მუშაობს თუ არა დივერსიფიკაცია. ზოგადი დასკვნა არის ის, რომ „ურთიერთდაკავშირებული დივერსიფიკაცია (ახალ ინდუსტრიაში შესვლა, რომელსაც აქვს ძირეული კავშირი ფირმის არსებულ ინდუსტრიებთან) უფრო გონივრულია, ვიდრე დაუკავშირებელი დივერსიფიკაცია (ახალ ინდუსტრიაში შესვლა, რომელსაც არ გააჩნია მსგავსება არსებულ ინდუსტრიასთან). შედეგად, ზომიერად დივერსიფიცირებული კომპანიები აჯობებენ როგორც არადივერსიფიცირებულ, ასევე მაღალ დივერსიფიცირებულ კომპანიებს.
ზოგიერთი ლიდერის აზრით, ზედმეტი დივერსიფიკაცია გაზრდის ტვირთს მაღალი რგოლის მენეჯმენტზე, რაც თავის მხრივ შეზღუდავს პოტენციურ ზრდას. ბუნებრივია, თუ უფროს მენეჯმენტს დაევალება კონკურენტული სტრატეგიებისა და დეტალური საოპერაციო გეგმების შემუშავება ბიზნეს ერთეულების სხვადასხვა დიაპაზონში, ეს უდავოდ გაზრდის მათზე ზეწოლას.
ჩააბარეთ მიმართულება სწორ ხელმძღვანელს
ბიზნეს ერთეულის მენეჯერები უნდა ფლობდნენ საჭირო უნარებს. ამ როლებში გამოცდილი პირების გარეშე, დივერსიფიკაციის პერსპექტივები საფრთხის ქვეშ დადგება, რადგან მენეჯერული ტვირთი კომპანიის კორპორაციულ ცენტრზე გადადის. თუ ეს სიტუაცია უბიძგებს კორპორაციულ რესურსს სხვადასხვა ბიზნესისთვის სტრატეგიებისა და ოპერაციული გეგმები შეიმუშაონ, ეს კომპანიის ზრდის პრობლემაზე მიანიშნებს.
ჯეკ უელჩი იყო ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იცავდა ამ პრინციპს. მისი როლი იყო საუკეთესო ადამიანების შემოკრება და შემდეგ, ოპტიმალურად განაწილება. ის არ იყო ჩართული კონკრეტული განყოფილებების ყოველდღიურ ოპერაციულ გადაწყვეტილებებში. უელჩმა დაასკვნა, რომ განყოფილების ეფექტურ მენეჯერებს ან ერთეულების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ ავთენტურობა, თვითშემეცნება და სხვების შთაგონების უნარი.
Wesfarmers ავსტრალიის მეშვიდე კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციით. ის თავისი დივერსიფიკაციის სტრატეგიითაა ცნობილი. მაიკლ ჩეინი, მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ხაზს უსვამს ეფექტური ბიზნეს ერთეულის ხელმძღვანელების გადამწყვეტ როლს კომპანიის წარმატებაში. მათ უნდა ჰქონდეთ ინდუსტრიის ცოდნა და ფოკუსირდნენ ძირითად ფინანსურ მეტრიკებზე, როგორიცაა დასაქმებული ადამიანური კაპიტალის ანაზღაურება. ჩეინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ამ „ზედაპირზე მაღლა მყოფი მახასიათებლების“ „ზედაპირზე დაბლა არსებული მახასიათებლებით“ შევსების მნიშვნელობა. ეს მოიცავდა ემოციურ ინტელექტს, როგორიცაა ინტერპერსონალური სენსიტიურობა, ფართო ინტერესები, რომლებიც მოიცავს მრავალფეროვან სფეროებს და იმის ფიქრის უნარს, თუ როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა მნიშვნელოვანმა საკითხებმა ბიზნესზე.
ხელი შეუწყვეთ ბიზნეს ერთეულის ზრდის კულტურას
დივერსიფიკაციის გზით ბიზნესის ზრდისთვის, თქვენ არა მხოლოდ უნდა გყავდეთ სწორი მენეჯერები, არამედ გჭირდებათ სწორი ორგანიზაციული კულტურა. კულტურა არ შეიძლება იყოს მოდუნებული, რისკისადმი მიდრეკილი და ბიუროკრატიული. ის უნდა იყოს ცოცხალი, რისკიანი და ანტრეპრენერული. ამრიგად, ბონუსების გარდა, ერთეულის ხელმძღვანელები უნდა წაახალისოთ, რომ გარისკონ უფრო მეტი შედეგის მისაღწევად. მათ, უნდა შეუქმნათ მოტივაცია, რომ იმოქმედონ ისე, როგორც ბიზნესის მფლობელებმა.
შესაძლებლობების იდენტიფიცირების საკვანძო ფაქტორია დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობისა და მათი მოსმენის კულტურა. წარმატებული დივერსიფიკატორები პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი მომხმარებლების, მომწოდებლებისა და თანამშრომლების საჭიროებების გაგებასა და დაკმაყოფილებას.
შესაძლოა, თავს იკავებთ დივერსიფიკაციისკენ. ბუნებრივია, შესაბამისი მიზეზებიც გექნებათ, რამაც გავლენა იქონია ამ აზრის ჩამოყალიბებაზე, თუმცა სჯობს არ შეიზღუდოთ თავი. რა გირჩევნიათ – განვითარდეთ თუ ისევ იგივე დარჩეთ?
წყარო: HBR