2 ადამიანის გონებაში ტანსაცმლის ბუტიკურ მაღაზიასა და სამკერვალო საწარმოზე ოცნება წლების წინ დაიბადა. მაკუნა გოგიბედაშვილმა და ნიკა კომახიძემ ტანსაცმლის წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ჯერ დიდი გამოცდილება დააგროვეს და მხოლოდ ამის შემდეგ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულებმა, საერთო ბიზნესი წამოიწყეს. ასე გახდა „რუმორი“ მათი მთავარი საზრუნავი და ასე გახდნენ თვითონ პირველი „რუმორელები“.
„რუმორელებს“ ორგანიზებული მუშაობა, გაწერილი გეგმებისა და დასახული მიზნების ზედმიწევნით შესრულება ახასიათებთ. შესაბამისად, ყველაფერი წარმატებულად დაიწყო. თუმცა, ყველაფერი მათზე დამოკიდებული ნამდვილად არ აღმოჩნდა – გაიხსნა „რუმორის“ პირველი მაღაზია და დაიწყო პანდემიაც. მომხმარებლების კეთილგანწყობით მოტივირებულმა დამფუძნებლებმა სირთულეები თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადალახეს: საკუთარი სამკერვალო ატელიეც გახსნეს და მალევე დამკვეთებს შორის ისეთი მსხვილი კომპანიები აღმოჩნდნენ, როგორებიცაა „გასტრონომი“ და „მადარტი“. დღეს, „რუმორი“ ინდივიდუალურ სამოსსაც კერავს და ორგანიზაციებისთვის მაღალი სტანდარტის სამუშაო ტანსაცმელსაც ქმნის. მარკეტერთან ინტერვიუში მაკუნა და ნიკა კომპანიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გვესაუბრნენ.
M: როგორც ახსენეთ, ეს საქმე ორივეს ოცნება, ჯერ კიდევ, ერთმანეთის გაცნობამდე იყო… რა გამოცდილება დააგროვეთ, ერთობლივი ბიზნესის წამოწყებამდე?
მაკუნა: ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ქართულ კომპანიაში ვმუშაობდი. ყოველი მათგანი თავად იყო მწარმოებელი, რაც ძალიან მხიბლავდა. ქართულ ძალიან კარგ კომპანიებთან ერთად, ვქმნიდი პრემიუმ-კლასის პროდუქტებს. ვიყავი გაყიდვების ხელმძღვანელიც. ვსწავლობდი წარმოების პროცესს, კომპანიის მართვას, ბაზრის განვითარების დინამიკას და მიზნად მქონდა, საკუთარი კომპანია დამეფუძნებინა, რომელსაც თავისი წარმოება ექნებოდა.
ნიკა: ტანსაცმლის სფეროში 18 წლის ასაკში მოვხვდი, როდესაც თბილისი მოლში სეილსმენად დავიწყე მუშაობა. კარიერულად საკმაოდ სწრაფად წავიწიე წინ და სამ წელიწადში გავხდი ერთ-ერთი თურქული კომპანიის გენერალური მენეჯერი. შემდეგ, სხვადასხვა კომპანიასთან ვითანამშრომლე, მათ შორის, H&M-თან, გახსნის პერიოდში. ვიყავი ხორვატიაში, 6-თვიან ტრენინგებზე და ამ სფეროში გავიღრმავე ცოდნა. ყველა ეტაპი მაქვს გავლილი, რაც კი საცალო გაყიდვებს უკავშირდება – კონსულტანტობითა და საწყობის მენეჯერობით დაწყებული.
M: კომპანიის პირველი ნაბიჯები პანდემიის დასაწყის პერიოდს უკავშირდება – რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ?
მაკუნა: 2020 წლის დასაწყისში ვიქირავეთ და გავარემონტეთ ფართი, შევკერეთ კოლექცია და სულ 3 დღის გახსნილი იყო მაღაზია, როდესაც ლოკდაუნი გამოცხადდა. ბიზნესი დაწყებისთანავე გაგვიჩერდა. ონლაინ რეჟიმზე ვერ გადავედით, რადგან სულ ახლები ვიყავით და მოდელები არ გვთანხმდებოდნენ გადაღებებზე, შესაბამისად, სოციალური ქსელიც ვერ დავძარით. თუმცა, იმედიანად ველოდით რეგულაციების მოხსნას, ვიცოდით, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანდით. ვკონცენტრირდით სწორედ იმ ტიპის პროდუქტზე, რომელიც იმდროინდელი მომხმარებლისთვის იყო აქტუალური – სახლის სამოსი, სპორტული ორეულები. ჩვენი საკომუნიკაციო წინადადება ასეთი იყო: მოგვწერეთ თქვენი წონა და სიმაღლე და ჩვენ შეგიკერავთ თქვენს ზომას. ეს ბევრმა აიტაცა და სხვებმაც დაიწყეს ამ პრინციპით კერვა. სწორედ მაგ დროს დაიძრა და ამოძრავდა კომპანია.
ნიკა: წარმოდგენილები ვიყავით ყველა გამოფენაზე, ფლი-მარკეტზე. არ ვზარდებოდით არაფერს. არ ვიყავით ორიენტირებული სწრაფი ფულის გამომუშავებაზე. იმ დროისათვის საკუთარი ატელიე არ გვქონდა და ბევრ სხვა სამკერვალოსთან გვიწევდა თანამშრომლობა, რაც კომუნიკაციისა და ვადების პრობლემას აჩენდა. ჩვენ კი ქართული ხარისხიანი წარმოების შექმნა გვინდოდა. იმ პერიოდში ძალიან დიდი მოტივაცია მოგვცა მომხმარებლებისგან მიღებულმა დადებითმა შეფასებებმა. ეს იყო ძალა, რაც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა.
M: სახელდება „რუმორი“ რას უკავშირდება?
ნიკა: თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, „რუმორი“ უნდა ყოფილიყო ბუტიკური მაღაზია, თავისი პროდუქტებითა და მომსახურებით. მომხმარებელს კი დახვდებოდა მეგობრული გარემო, თან სასურველ ტანსაცმელს შეარჩევდა, მოარულ ამბებს გაგვიზიარებდა, ჩვენ კი ყავით გავუმასპინძლდებოდით. სახელზე კვლევაც ჩავატარეთ და დღესდღეობით, სრულყოფილად გვაქვს ჩამოყალიბებული ბრენდბუქი, თავისი ბრენდის ფილოსოფიით, სტილით და ა.შ.
M: როგორ იქმნება „რუმორის“ პროდუქტი?
მაკუნა: ერთი მხრივ, არის ქალის ტანსაცმლის ყოველდღიური კოლექცია. ეს გულისხმობს ისეთ სამოსს, რომელიც სხვადასხვა სიტუაციას იდეალურად ერგება – კომფორტულიცაა და ერთნაირი სიამოვნებით ჩაიცვამთ სამსახურშიც და საღამოს წვეულებაზეც. თავდაპირველად, სწორედ ამ სტილით დავიწყეთ.
მეორე პროდუქტია კორპორატიული სტილი, რომელიც იქმნება კომპანიებისთვის. ბაზარს ექსკლუზიურ მომსახურებას ვთავაზობთ: ეს არის ბრენდბუქის გათვალისწინებით შექმნილი ტანსაცმელი პერსონალისთვის. ასეთ შემთხვევაში, დეტალურად ვისმენთ დამკვეთის მოთხოვნებს, გულდასმით ვესაუბრებით მათ თანამშრომლებს, რომლებმაც ეს სამუშაო ტანისამოსი უნდა ატარონ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებს. დამკვეთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რჩევები, რადგან ამ პროცესში ძალიან ბევრი დეტალია, რასაც ჩვენი გამოცდილება ჭირდება. შემდეგ, ვქმნით ნიმუშებს, ვადასტურებთ დამკვეთთან ერთად და იწყება კერვის ეტაპი.
ნიკა: კომფორტული სამუშაო სამოსი პროდუქტიულობას ზრდის. როდესაც დამკვეთს გააზრებული აქვს, თუ რატომ სურს ხარისხიანი სამუშაო სამოსი თავისი თანამშრომლებისთვის, ის ხვდება, რომ ეს ხარჯი არამხოლოდ გამართლებულია, არამედ მომგებიანიცაა მისთვის. უნიფორმების შერჩევისას ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი – ზოგი დამკვეთისთვის ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი, ზოგი – გამძლეობაზე ამახვილებს მეტ ყურადღებას, სხვები – ბუნებრივ მატერიებზე, ფერის მდგრადობაზე და ა.შ.
უფრო გამოცდილი დამკვეთები ხვდებიან, რომ უნიფორმა მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის არაპირდაპირი ფორმაა, რასაც ადამიანები თავისდა უნებლიედ აქცევენ ყურადღებას.
ჩვენ არამხოლოდ მოზრდილი კომპანიებისთვის ვქმნით კორპორაციულ სამოსს, არამედ იმ პატარა კომპანიებისთვისაც, რომლებიც პროდუქტს ქმნიან და არ აქვთ საკუთარი წარმოება. გვახსოვს, როგორი იყო მათ მდგომარეობაში ყოფნა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, მხარში დავუდგეთ და სრულად შევთავაზოთ ნებისმიერი ის სერვისი, რაც თავის დროზე, ვერავინ შემოგვთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაში იმალება ჩვენი უნიკალურობის გასაღებიც. ენერგიას არ ვიშურებთ, რომ დამკვეთებთან თანამშრომლობა კომფორტული იყოს, დავზოგოთ მათი დრო და ენერგია და პროცესში სრულად ჩავდოთ ჩვენი გამოცდილება და ექსპერტიზა.
M: როგორ ახერხებთ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებას?
მაკუნა: ამ საქმეში ძალიან დიდი როლი აქვს ნედლეულს. საქართველოში რთულია იპოვო სტაბილური პარტნიორი, რომელიც ერთსა და იმავე ტექსტილს რეგულარულად მოგაწვდის. ამ პრობლემის გადასაჭრელად წავედით თურქეთში, სადაც საიმედო პარტნიორი ვიპოვეთ და შეგვიძლია ყველა დეტალის გათვალისწინებით მივიღოთ მათგან ტექსტილი. ეს გვეხმარება დამკვეთთან იმის დაზუსტებაში, თუ რამდენად მედეგი იქნება მის მიერ შეკვეთილი სამოსი.
ნიკა: პანდემიის შემდეგ, ბიზნესსექტორში დამკვიდრდა გარკვეული რეგულაციები, რაც მოითხოვს გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებას უნიფორმის შექმნისას. მაგალითად, ვთანამშრომლობთ „მადარტთან“, რომელმაც დანერგა ხარისხის უმაღლესი სტანდარტი, რაც შესაბამისი ხარისხის უნიფორმასაც მოიცავდა. ორი წლის განმავლობაში ეძებდნენ პარტნიორებს, რომლებიც შეძლებდნენ ყველა მათი მოთხოვნის გათვალისწინებას – ქსოვილი იქნებოდა ლიცენზირებული, ფერი – ზუსტ შესაბამისობაში ბრენდბუქთან და სხვა. როდესაც ჩვენ გაგვიცნეს, ძალიან გაუკვირდათ, რომ სრულად შეგვეძლო მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, თანაც განმეორებითად.
ასევე, კორპორაციული მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი პირველი დამკვეთი იყო „გასტრონომი“, რომლის ერთ-ერთი რესტორნისთვისაც შევქმენით ჩაცმულობა თანამშრომლებისთვის, სტილი, დიზაინი, შევურჩიეთ ფერები. მას შემდეგ, „გასტრონომი“ ყველა პროექტს ჩვენთან ერთად ქმნის, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია.
M: რა გამოცდილება დგას „რუმორის“ საქმიანობის მიღმა?
მაკუნა: არაფერი იქნებოდა, რომ არა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ჩვენთან მუშაობს – მკერავები, კონსტრუქტორები, გამომჭრელები თუ მენეჯერები – ყველა არის გამოცდილი, უყვარს თავისი საქმე და პროდუქტის შექმნა სასიამოვნო პროცესად არის ქცეული, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
ნიკა: ეს პროცესი მოითხოვს, რომ თავის საქმეს ყველა იდეალურად ასრულებდეს. სწორად ხდებოდეს ნარჩენების მართვა. დიდხანს ვარჩევდით თანამშრომლებს და არაერთხელ მოვისმინეთ კანდიდატებისგან, რომ სხვა ატელიეებში ძალიან ცუდი სამუშაო პირობები იყო. უკვირდათ კიდეც, როდესაც შვებულებაზე, Overtime-ის ანაზღაურებასა და დღიურ შესვენებაზე ველაპარაკებოდით. ზოგჯერ იმის დაჯერებაც კი უჭირდათ, რომ ინვენტარის მოტანა თავად არ მოუწევდათ სახლიდან. ვცდილობთ, „რუმორელებისთვის“ მოწესრიგებული, მოქნილი და ლოიალური გარემო შევქმნათ. ეს დიდი მოტივაცია აღმოჩნდა სხვა მკერავებისთვის, რომლებმაც ჩვენ შესახებ ჩვენი თანამშრომლებისგან გაიგეს. დღესდღეობით, იმდენად კარგად გვიცნობენ, როგორც კი დამატებით დაგვჭირდება მკერავი, ძალიან მარტივად ვპოულობთ.
ზოგადად, ჩვენს სფეროში დიდი პრობლემაა შეკვეთის დროულად ჩაბარება. ესაა ერთ-ერთი, რაზეც ავიღეთ ორიენტირი და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქმის დროულ შესრულებას.
M: როგორ გეგმავთ „რუმორის“ განვითარებას?
მაკუნა: ჩვენი ორიენტირი ექსპორტია. რაც მთავარია, გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ევრო-1 დოკუმენტი ტანსაცმლისთვის, რადგან ძალიან ბევრი კალკულაცია არის გასათვალისწინებელი. ეს დიდი კომფორტია ჩვენი დამკვეთებისთვის, რადგან ამ რუტინული საქმის კეთება მათ არ უწევთ, ხოლო პროდუქტზე გვაქვს უფლება დავაწეროთ Made in Georgia. ასეთი პროდუქტი დღგ-თი არ იბეგრება, რაც დიდი შეღავათია დამკვეთებისთვის. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით გვაქვს რაღაც ტიპის გამოცდილება, რომელსაც მუდმივად ვაფართოებთ.
ნიკა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვქმნით ქართულ პროდუქტს. გაწევრიანებულები ვართ Apparel Association-ში. EBRD-მა უკვე დაგვიფინანსა სრული ბრენდინგის შექმნა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ, რომ ევროპულ ბაზარზე შევიდეთ.
M: სად შეუძლია მომხმარებელს „რუმორის“ პროდუქციის შეძენა?
ამჟამად, ჩვენი კოლექციები წარმოდგენილია ატელიე აუთლეტში (მარშალ გელოვანის #36), შეკვეთებს ვიღებთ ჩვენი Facebook, Instagram ქსელებისა და ვებ-გვერდის: rumor.ge-ის საშუალებითაც. მარკეტერის მკითხველისათვის კი ექსკლუზიურად გეტყვით, რომ სულ მალე მოდელები ახალი კოლექციიდანაც იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე, რადგანაც ნებისმიერი სირთულის აქსესუარის შეკერვა და მისი პრინტითა თუ ნაქარგით გამოფრმება შეგვიძლია, უკვე დავიწყეთ საახალწლო შეკვეთების მიღებაც. მოუთმენლად ველოდებით ახალ შესაძლებლობებს – დამკვეთებთან ერთად შევქმნათ ორიგინალური და ხარისხიანი სასაჩუქრე პროდქუცია მათი თანამშრომლებისა თუ კლიენტებისათვის.
[R]