21 წლის მუსიკოსი, რუსა მანველი, დაიბადა და გაიზარდა თელავში, ამჟამად კი თბილისში ცხოვრობს და საკუთარი მუსიკალური საქმიანობის განვითარებაზე ზრუნავს. როგორც თვითონ გვითხრა, სამომავლო პერსპექტივაში მუსიკას კარიერად არასდროს აღიქვამდა, თუმცა კი, ცხოვრებას დღესდღეობით მაინც ამ გზით მიჰყავს. რუსა სულ მალე, 3 ოქტომბერს, Jazz&Wine Kakheti ღონისძიებაზე იმღერებს, მანამდე კი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
M: ვინ არის რუსა მანველი? – გაგვაცანით თქვენი თავი..
სიმართლე რომ გითხრათ, თვითონაც არ ვიცი, ზუსტად ვინ ვარ. ფაქტებს რომ მივყვეთ, ვარ 21 წლის, დავიბადე და გავიზარდე თელავში, მუსიკალურ ოჯახში. ძალიან მზრუნველი მშობლები მყავს და არასდროს არაფერი დაუშურებიათ ჩემი განვითარებისთვის – ეს ბოლო ნამდვილად ფაქტია. მეოთხე კურსზე გადავედი, თან ვმუშაობ და, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვამბობ, პროფესიულად მუსიკას არ გავყვები-თქო, ბოლოს მაინც ყველა გზას მუსიკამდე მივყავარ.
M: შენი და მუსიკის კავშირზე გვესაუბრე, როგორ ფიქრობ, როდის დამყარდა ეს კავშირი?
ჩემსა და მუსიკას შორის კავშირი რომ დამყარდა, ასე მგონია, მე იქ არ ვიყავი, იმიტომ, რომ არც მახსოვს ჩემი თავი მუსიკის გარეშე. ისე კი, ჩემმა მშობლებმა იზრუნეს იმაზე, რომ მუსიკა ყოფილიყო ჩემი მეგობარიც, მასწავლებელიც, ჰობიც და, ისე გამოვიდა, რომ – ხანდახან საქმეც. ამისთვის მადლობელი ვარ. ჩემი და მუსიკის ურთიერთობა ორ განზომილებად იყოფა, ერთში აქტიურად ვისმენ, მეორეში – მე ვქმნი ან უბრალოდ სხვის შექმნილს გადმოვამღერებ. მგონია, რომ მე თუ რამეს ვქმნი, ჩემში მოსმენით დაგროვილი სხვების მუსიკალური გამოცდილებაა.
M: მოგვიყევი განათლებასა და გამოცდილებაზე, რაც მუსიკალური კუთხით გქონია..
განათლება, არაფერი განსაკუთრებული, ყოველშემთხვევაში – არაფერი სხვების განათლებისგან განსხვავებული. მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული ვიოლინოს განხრით. ჩემდა სასირცხვილოდ, ახლა რომ მომცეთ ეს ინსტუმენტი ხელში, გამასაც ვერ დაგიკრავთ სუფთად, მაგრამ აუცილებლად მივუბრუნდები ამ საკითხს. მუსიკალური სკოლის შემდეგ ქალთა კაპელაში ვმღეროდი. მერე ისე მოხდა, რომ თავი ბენდ „მუსიკის ქალაქში“ ამოვყავი.
უნდა ითქვას, რომ თეორიული განათლება მუსიკაში არ მაქვს. ფორმალურად მაქვს, მაგრამ იმდენად პატარა ვიყავი, (5 წლის შევედი მუსიკალურ სკოლაში) რომ ბევრი რამ ვერ გავიაზრე და შესაბამისად არც დამრჩა. მაგრამ კიდევ და კიდევ მშობლების დახმარებით და ბევრი მოსმენით ვახერხებ იმის გადმოცემას, რაც ჩემს თავში დატრიალდება ხოლმე სულ პატარა შთაგონების შემდეგ.
M: წერ კიდეც სიმღერებს – როდის დაწერე პირველი სიმღერა და რას ეხებოდა ის?
პირველი სიმღერა უფრო გვიან იყო, ვიდრე მე დავიწყე მუსიკის „შექმნა“. ახლა ძალიან მეუხერულება სხვა ნამდვილი მუსიკოსების ფონზე მეც რომ ვამბობ, მუსიკას ვქმნი-თქო. მაგრამ მართლა მასეა, სანამ ჩემს მუზიცირებას სიმღერის სახე მიეცემოდა, იყო პატარ-პატარა თემები. პირველი სიმღერა, რომელიც არ მახსოვს. როდის დავწერე, არის My Song, ანუ ჩემი სიმღერა. ჩემი სიმღერა სიყვარულზეა.
M: როგორია დღესდღეობით შენი მუსიკალური საქმიანობა?
ახლა Jazz & Wine-ისთვის ვემზადები და იმაზე ვმუშაობ, რომ სათანადოდ წარმოვაჩინო საკუთარი მუსიკა ისეთი გენიოსების გვერდით, რომლებთან ერთადაც ავალ სცენაზე.
M: მოგვიყევი ფესტივალების, კონცერტების შესახებ, რომლებსაც შენ მნიშვნელოვნად აღიქვამ დღევანდელი გადმოსახედიდან..
რამდენად ინტიმურიც არ უნდა იყოს, ერთი ადამიანისა და მუსიკის ურთიერთობა, ჩემი აზრით, კონცერტების შემდეგ მაინც სულ სხვანაირად ვიმუხტებით – მსმენელებიც და შემსრულებლებიც. ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკოსს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობის შემდეგ გადააფასოს საკუთარი საქმიანობა, მიმართულება შეიცვალოს ან პირიქით, დარწმუნდეს არჩეული გზის სისწორეში. მუსიკას ვერ აწონი, ვერ გაზომავ, მიუხედავად ბევრი წესისა, ხშირად ახერხებს ჩარჩოებს გასცდეს და მაინც ყველასთვის თუ არა, ბევრისთვის იყოს მისაღები, ამიტომ შემსრულებლისთვის მსმენელისგან უკუკავშირი ძალიან სასარგებლოა.
გარდა ამისა, კონცერტები და ფესტივალები საზოგადოების აღზრდისთვის, კულტურული წესების დამყარების, თვალსაწიერის გაზრდისა და რაც ხალხს, მითუმეტეს წელს ძალიან სჭირდება, უბრალოდ განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
M: სიმღერის კუთხით რა ჟანრს ანიჭებ უპირატესობას? (რა ჟანრში მღერი ე.ი)
უფრო ხშირად ჯაზსს ვმღერი, მაგრამ როკიც ძალიან მიყვარს, სხვათა შორის ფესტივალზეც ვიმღერებ ორ როკ ბალადას. საერთოდ ყველა ჟანრი ძალიან მიყვარს, თვითონ მუსიკა მიყვარს და ვთვლი, რომ ყველა ჟანრს აქვს საკუთარი დანიშნულება და შესაბამისად არსებობის უფლებაც.
M: როგორც ვიცი, მონაწილეობ Jazz&wine-ზე, პირველია ეს შენთვის? როგორ მოხვდი აქ?
ჩემი Jazz&Wine-ზე მოხვედრა მებო ნუცუბიძის დამსახურებაა. პერველი ფესტივალია ჩემთვის და ისეთი გამოსვლაც პირველია, როდესაც მხოლოდ მე და ჩემი გიტარა ვიქნებით მსმენელის განწყობაზე პასუხისმგებელი. მე თუ არ ვისიამოვნებ ჩემი გამოსვლით, მსემენელი ვერ მიიღებს იმ ენერგიას, რომლის გაცემაც მინდა, ამიტომ ემოციურადაც ვემზადები და მინდა, რომ ფესტივალის ორგანიზატორების, მსმენელისა და ჩემი მშობლების იმედები არ გავაცრუო.
M: სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე..
სამომავლო მუსიკალური გეგმები ჯერ არ მაქვს, ორი თვის წინ რომ გეკითხათ Jazz&Wine-ზეც ვერაფერს გეტყოდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის წინასწარ გაწერა მიყვარს. მზად ვარ მუსიკალური გამოწვევებისთვის და თუ რამე საინტერესო გამოჩნდება, აუცილებლად ვეცდები მეც იქ ვიყო.
M: დაუტოვე #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე