in

რუსეთ-უკრაინის ომი და ჩიპების მოსალოდნელი დეფიციტი

გასული კვირის ხუთშაბათს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. პუტინის პირველ სამიზნეებს შორის იყო ზღვისპირა ქალაქი ოდესა, რომელიც სხვა მრავალ მახასიათებელთან ერთად, ცნობილია, როგორც Cryoin-ის სახლი. ეს უკანასკნელი კი დიდ როლს თამაშობს გლობალური ნახევარგამტარების წარმოებაში.

“კრიოინი” ნეონის გაზს აწარმოებს — ნივთიერებას, რომელიც კომპიუტერული ჩიპების შაბლონებისთვის საჭირო ლაზერისთვის გამოიყენება. მისი პროდუქცია მასშტაბურად ვრცელდება ევროპაში, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთსა და ტაივანში. თუმცა Cryoin-ის უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იგზავნება. თავის მხრივ, ეს იმას გულისხმობს, რომ ამას დიდი შეფერხების გამოწვევა შეუძლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნეონის კრიოინისა და სხვა გაზების წარმოება ხუთშაბათს, რუსების ჯარების შემოჭრასთან ერთად შეჩერდა. “გადავწყვიტეთ, ჩვენი თანამშრომლები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში დარჩნენ, ვიდრე სიტუაცია არ დალაგდება და უსაფრთხოებაში არ დავრწმუნდებით”, — ამბობს ბიზნესის განვითარების დირექტორი ლარისა ბონდარენკო.

ნახევარგამტარები ისევე მოქმედებს, როგორც ჩვენს ტელეფონებში, ლეპტოპებში, ჭკვიან სახლებსა და მანქანებში მოთავსებული “ტექნოლოგიური ტვინი”. მართალია, ინდუსტრია უკვე ებრძვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ დეფიციტს, მაგრამ რუსული აგრესია კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას… შესაძლოა, დეფიციტმა 2014 წლის სიუჟეტი გაიმეოროს, როდესაც ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, ნეონის გაზის ფასები 600%-ით გაიზარდა.

უკრაინული ნეონის ინდუსტრია რუსეთში ფოლადის წარმოების ქვეპროდუქტად წარმოქმნილი გაზების გამოსაყენებლად შეიქმნა. როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მსოფლიო ჩიპების მწარმოებლები კიდევ უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებულნი უკრაინაზე, რადგან ქვეყანა, დაახლოებით, ნეონის გაზის 70%-ს უზრუნველყოფდა.

ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი იბრძოდა სხვა ალტერნატივის მოსაპოვებლად. მაგალითისთვის, საინტერესოა Cymer, რომელიც ჰოლანდიური ჩიპების გიგანტ ASML-ს ფლობს და ამზადებს ლაზერებს, რომლებიც ნახევარგამტარულ ჩიპებზე შაბლონების დასახატად გამოიყენება. კომპანია ცდილობდა, ნეონის მოხმარება შეემცირებინა. “ჩიპების მწარმოებლები შეშფოთებულნი არიან ნეონის ფასების ბოლოდროინდელი მატებით და მიწოდების პრობლემებით”, — აღნიშნავს Cymer-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი დევიდ ნოულსი.

ახლა კი ჩიპების მწარმოებლები რუსეთ-უკრაინის ომით ნაკლებ აღელვებულები არიან. სამხრეთ კორეის ჩიპების მწარმოებლის SK Hynix-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლი სუკ-ჰიმის თქმით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. სავალალო ზემოქმედებას არც იაპონური ჩიპების მწარმოებლები ელიან, რადგან მასალების სხვაგან მოპოვება შეუძლიათ. რამდენად გამართლებულია ეს იმედისმომცემი მიდგომა, არავინ იცის, რადგან ფაქტი ფაქტად რჩება — უკრაინული ნეონი კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდუსტრიაში.

გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო დაუცველია. გასულ კვირას თეთრმა სახლმა აშშ-ის ჩიპების მწარმოებლებს მოუწოდა, ალტერნატიული მომწოდებლები ეპოვათ… თუმცა სხვა წყაროებიდან ნეონის მიღება ადვილი არ იქნება. უკრაინაში ნებისმიერი შეფერხება დააზარალებს ჩიპების მწარმოებლებს, რადგან პანდემიამ უკვე საკმაოდ შეასუსტა ის.

მარკეტერები რუსეთს საინფორმაციო ომს უცხადებენ

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ