in

რუსეთში კონსოლის თამაშების ბაზარი აღარ არსებობს

რუსი მომხმარებლები სათამაშო კონსოლების ბაზარსაც გამოეთიშნენ — Nintendo და Sony ოფიციალურად აჩერებენ ქვეყანაში ახალი კონსოლებისა და თამაშების გაყიდვებს.

როგორც Nintendo-ს განცხადებაში ვკითხულობთ, კომპანიამ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ომის და ასევე, იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არასტაბილურობა წარმოიქმნა.

მანამდე კი Sony-მ განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდება შეაჩერა. ასევე, კომპანიამ 2 მილიონი დოლარის შემოწირულობა გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლთა მხარდაჭერას ემსახურება.

ვიდრე გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, რუსი მოთამაშეები წუხდნენ, რომ დიდი ხნის ნანატრი Gran Turismo 7 ყველგან გამოვიდა, გარდა რუსეთისა.

შედარებით მცირე ბაზარი

რუსულ ბაზარზე კონსოლების მთავარი მწარმოებლების ერთიანი ფრონტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თამაშების ბევრმა გამომცემელმა ანალოგიურად დატოვა ქვეყანა. ასეთი კომპანიების ჩამონათვალშია: Take-Two, Ubisoft, Electronic Arts, Activision Blizzard, Epic Games და CD Projekt Red. 

მართალია, რუსეთი სათამაშო ინდუსტრიის მზარდი ბაზარია, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის ათეულში შესული, შემოსავლების თვალსაზრისით. ინვესტორებისთვის მიწერილ შენიშვნაში, CD Projekt Red-მა აღნიშნა, რომ რუსმა და ბელარუსელმა კლიენტებმა შეადგინეს კომპანიის გაყიდვების 5.4% და 3.7%, შესაბამისად, ბოლო 12 თვის განმავლობაში.

კონსოლის თამაშები ტრადიციულად რუსული სათამაშო ბაზრის უმცირეს ნაწილს შეადგენს, რომელიც უფრო მეტად არის ორიენტირებული მობილური და კომპიუტერის თამაშებზე (მათ შორის უფასოზე). PriceWaterhouseCooper-ის ანალიტიკოსმა კირილ ტიხონოვმა ეს ფაქტი შეზღუდული სახსრებით ახსნა.

ამასთანავე, ქვეყანაში ხშირია „მეკობრეობის“ ფაქტები, რაც ქვეყანაში კონსოლების მწარმოებლების შემოსავლებს ზღუდავს. ამის საპირისპიროდ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა განიხილავს პროგრამული მეკობრეობის ლეგალიზაციას, რათა თავიდან აიცილოს მთავრობებისა და ტექნოლოგიური კორპორაციების სანქციები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონსოლების მწარმოებლებს დიდი სურვილი რომც ჰქონდეთ რუსეთის ბაზარზე მუშაობის გაგრძელება, ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. Visa, MasterCard და PayPal არის ერთ-ერთი მთავარი გადახდის სისტემები, რომელთა ფუნქციონირებაც შეწყდა ქვეყანაში… ასევე, რუსული რუბლის ღირებულების სწრაფი ვარდნა ართულებს ქვეყანაში გაყიდვების პერსპექტივას.

მიუხედავად იმისა, რომ Valve-ს ჯერ არ გაუკეთებია რაიმე განცხადება რუსეთში თავისი პოპულარული კომპიუტერის თამაშების მაღაზიის შესახებ, მესამე მხარის გადახდის პრობლემა ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ Steam Wallet-ის არსებული სახსრები თამაშების შესაძენად. Google-მა კი აშკარად გააუქმა გადახდები Google Play Store-ში „გადახდის სისტემის ხარვეზების“ გამო.

„დაკეტეთ პლასტიკური ონკანი” – ინსტალაცია პლასტმასის ნარჩენების წინააღმდეგ

როგორ უნდა შევწყვიტოთ ზედმეტი ფიქრი და მივენდოთ ინტუიციას?