მაშინ, როცა რუსეთი აქტიურად აგრძელებს ესკალაციას და სიცოცხლის ხელყოფას, 17000-ზე მეტმა რუსმა ხელოვანმა და ხელოვნებათმცოდნემ მოაწერა ხელი ღია წერილს: “არა ომს!”.
„უკრაინის ომი საშინელი ტრაგედიაა როგორც უკრაინელებისთვის, ასევე რუსებისთვის“, – ნათქვამია წერილში, რომელიც რუსულ ენაზე გამოქვეყნდა, – „ამას მოაქვს ადამიანის სიცოცხლის დიდი დანაკარგი, საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას და მიიყვანს ჩვენს ქვეყანას სრულ საერთაშორისო იზოლაციამდე. ამავდროულად, სრულიად უაზროა – ძალადობის გზით მშვიდობის ყოველგვარი აღსრულება, აბსურდია“.
წერილში გამოთქმული პროგნოზები, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუშლის თავად რუსულ კულტურას, ფაქტობრივად, უკვე სრულდება. მხატვრები კირილ სავჩენკოვი, ალექსანდრა სუხარევა და კურატორი რაიმუნდას მალაშაუსკასი გამოვიდნენ ვენეციის ბიენალედან და რუსეთის პავილიონი დახურული დარჩება. მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების გარაჟის მუზეუმმა მომავალ გამოფენებზე მუშაობა შეწყვიტა; ისლანდიელმა მხატვარმა რაგნარ კიარტანსონმა დახურა თავისი ჩვენება მოსკოვის GES-2 მუზეუმში. ჰოლანდიელმა მხატვარმა კონსტანტ დულაარტმა თავისი ნამუშევარი ამოიღო მოსკოვის სახელმწიფო მუზეუმის ახალი ტრეტიაკოვის გალერეის გამოფენიდან.
ომი ანალოგიურად მოქმედებს სხვა კულტურულ სფეროებზეც. მოსკოვის “მეიერჰოლდის” ცენტრის თეატრის დირექტორმა, ელენა კოვალსკაიამ და სტანისლავსკის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლორან ჰილერმა თანამდებობები დატოვეს. დირიჟორმა, სემიონ ბიჩკოვმა გააუქმა მომავალი კონცერტები რუსეთის ეროვნულ ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან, ხოლო Oxxymiron-მა, რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რეპერმა და ცნობილმა სახემ, გააუქმა ექვსი გაყიდული შოუ.
როგორც წერილში იყო ნაწინასწარმეტყველები, საერთაშორისო ზეწოლა გავლენას ახდენს რუსეთის კულტურულ სიცოცხლისუნარიანობაზე. ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ განაცხადა, რომ იმ მხატვრებთან, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მხარს უჭერენ, კავშირს გაწყვეტს. ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა გააუქმა Bolshoi ბალეტის საზაფხულო ტური; ევროვიზიამ აკრძალა რუსეთი 2022 წლის კონკურსში, ხოლო Disney, Sony და Warner Brothers აჩერებენ თავიანთი ფილმების გამოშვებას რუსეთში.
გარდა ამისა, პუტინის მოკავშირე არტისტებს თავიანთი პოზიციებიდან ათავისუფლებენ საზღვარგარეთ: მთავარი დირიჟორი, ვალერი გერგიევი გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიიდან, ხოლო ბავარიის სახელმწიფო ოპერამ და ციურიხის ოპერის თეატრმა გააუქმეს საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს სპექტაკლები.
ხელოვანების გარდა, სხვა პროფესიულმა ჯგუფებმაც დაწერეს ღია წერილები. თითქმის 5000-მა მეცნიერმა მოაწერა ხელი ომის საწინააღმდეგო წერილს, რომელშიც მსგავსი შეშფოთება გამოითქვა: „ჩვენ მეცნიერები ვეღარ შევძლებთ ნორმალურად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ბოლოს და ბოლოს, სამეცნიერო კვლევის ჩატარება წარმოუდგენელია სხვა ქვეყნების კოლეგებთან თანამშრომლობის გარეშე“.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთში პროტესტის გამოხატვა ადამიანებს დიდ პასუხისმგებლობად უჯდებათ. გასულ კვირაში, შემოჭრის დაწყებიდან დღემდე, 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთში საპროტესტო აქციების დროს.
„ამჟამად ჩვენ პირველ რიგში გვაწუხებს უკრაინელების ბედი – მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება“, – ნათქვამია ხელოვანთა წერილში, – “მოვითხოვთ ყველა სამხედრო აქტივობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას”.













