თოჯინების შექმნის ხელოვნება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რაც სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულ რწმენა-წარმოდგენებთან, რიტუალებთან თუ უბრალოდ თამაშთან იყო დაკავშირებული. „ადამიანის ხატად და მსგავსად“ შექმნილი ეს ფიგურები ნელ-ნელა იმდენად დახვეწილ, საჭირო თუ თვითმყოფად ობიექტებად იქცა, რომ ლამის ჩვენ გაგვიტოლდნენ — ჯერ დამხმარე საშუალებების როლი შეითავსეს არტისტების სახელოსნოებში. შემდეგ კი დამოუკიდებელ ხელოვნების ნიმუშებად იქცნენ როგორც სახვით ხელოვნებაში, ისე სცენოგრაფიაში.

ვინაიდან ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება, სტატიაში სწორედ თოჯინების შემქმნელ ხელოვანზე, რუსკა შაშიაშვილზე მოგიყვებით.
ყველაფერი სამხატვრო აკადემიაში მულტიპლიკაციის ფაკულტეტზე სწავლით დაიწყო — აქ რამდენიმე ფიგურა შექმნა, გმირები გააცოცხლა და ასე მიხვდა, რამდენად დიდ ჯადოსნურობასთანაა დაკავშირებული, როცა პერსონაჟს სრულიად დამოუკიდებლად იგონებ, შემდეგ კი ხორცს ასხამ. თეატრისთვისაც ქმნიდა თემატურ თოჯინებს, მაგრამ შემოქმედების რაღაც ეტაპზე მხოლოდ ფერწერისკენ მიმართა ყურადღება, ვიდრე კვლავ ამ მიმართულებით იპოვიდა შთაგონებას.
M: რუსკა, რას ნიშნავს შენთვის თოჯინას შექმნა?

ყველა ადამიანს აქვს თავისი კომფორტის ზონა, რომელშიც ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს — თითქოს, ყველაფერი თავის ადგილზეა და არაფრის შეცვლა არ გჭირდება. ასეა ჩემთვის თოჯინების შექმნაც. მთლიანი შინაგანი სამყარო აქ გადმომაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდ განწყობაზე ვარ თუ კარგზე… ყველაფერი აქ იყრის თავს და ნებისმიერ დროს შემიძლია, „თავი შევაფარო“. ვწყდები ირგვლივ არსებულ რეალობას, სანაცვლოდ კი ისეთ გარემოს ვიქმნი, სადაც მხოლოდ მე ვწყვეტ, რა და როგორ მინდა. თან ამ სამყაროს ჩემი გმირებითვე ვავსებ, განსხვავებული ხასიათებისა და იდენტობების მქონდე ფიგურებით.
M: რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ არის ის საერთო, რაც ყველას გასდევს ხასიათის შტრიხად?
ალბათ, მარტოობა. ოღონდ ეს არ არის შემაწუხებელი ან დამთრგუნველი… პირიქით. ზოგადად, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა მარტოობა — რეალურად, მარკესის „მარტოობის ასი წელი“ იყო ჩემთვის ბიძგი, ამ თოჯინების სამყაროში რაღაც ახალი მეცადა. რაღაცნაირად სულ ამ იდეის ირგვლივ ვტრიალებ, ყველაფერს მას ვუკავშირებ და მსიამოვნებს. ვფიქრობ, ადამიანის ბუნებრივი მოცემულობაცაა საკუთარ თავთან განმარტოება, რადგან ყველაზე მეტად ამ დროს გესმის შენი არაცნობიერის. შეგიძლია, ქაოსი წესრიგად აქციო, გონება გაიწმინდო და გამოხშირო იდეები.
თუმცა ხშირად უთქვამთ, რომ ჩემს თოჯინებს სევდიანი, მოწყენილი სახეები აქვთ.

M: ხასიათთან ერთად, ყველა თოჯინას თავისი დატვირთვაც ექნება…
კი, ასეა. ძირითადად იმ განწყობებს შეესაბამება, რომელიც მათი შექმნისას მაქვს — სარკესავით ირეკლავს, ცნობიერად თუ არაცნობიერად. სიმბოლოები კი არ მიყვარს და არც ვცდილობ რაიმეს „დაშიფვრას“, მაგრამ ასეთი უცნაური მომენტი მაქვს ხოლმე: როდესაც თოჯინას საბოლოო სახეს მივცემ, შემდეგ ვფიქრობ, რა აზრი დევს მასში. ამგვარი მიდგომა მეხმარება, სრულად გამოვათავისუფლო ჩემი შინაგანი ხედვა და წინასწარი აზრებით თუ მიზნებით არ შემოვიფარგლო. ისე კი, მიმაჩნია, რომ ხელოვნება საკუთარი თავისთვის თავისუფლების მიცემის შესაძლებლობაა — არ ხარ ვალდებული, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, ახსნა ან განმარტო. უბრალოდ ქმნი, სხვები კი ზუსტად ისე აღიქვამენ, როგორც თავად ხედავენ და გრძნობენ. თუნდაც ურთიერთსაპირისპირო იყოს, ყველაფერი დასაშვები, მისაღებია.
ამასთანავე, ჩემთვის ყველა თოჯინას თავისი ამბავი აქვს — უყურებ და რაღაცას გიყვება, ზუსტად გადმოგცემს იმ ემოციას, რომელსაც თავად ატარებს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ისევ და ისევ ჩემი თოჯინებისგან ვიღებ ძირითადად ინსპირაციას. არის მომენტები, როცა ბოლომდე მეც ვერ ვაცნობიერებ, რა ისტორიას ინახავს თოჯინა თავის თავში. ზოგჯერ დრო მჭირდება დასაფიქრებლად და გამოსარკვევად, რათა მივხვდე, როგორ მიმიყვანა ჩემმა არაცნობიერებმა მის შექმნამდე — რატომ „წამივიდა ხელები“ ამგვარი იდეის განხორციელებისკენ.

M: სრული შემოქმედებითი თავისუფლების მისაღებად წინასწარ მონახაზებსაც არ აკეთებ ხოლმე?
არა… არ მიყვარს წინასწარ რაღაცის განსაზღვრა. ძალიან ცოცხალი პროცესია, ხელმა და შინაგანმა მდგომარეობამ უნდა მიკარნახოს, რა და როგორ უნდა გავაკეთო. თითქოს, ჩემსა და თოჯინას შორის უხილავი კომუნიკაციის ძაფები ებმება. ის მიმანიშნებს, რა დეტალი ესაჭიროება სრულყოფილებისთვის, მეც ვუსმენ და ვცდილობ, მხოლოდ თოჯინას მივენდო. არის ხოლმე მომენტები, როცა დიდხანს ვმუშაობ ერთი კონკრეტული თოჯინას შექმნაზე, რაღაცნაირად შემოქმედებით კრიზისს წააგავს ზოგიერთი პერიოდი — ამ დროს გარშემომყოფები, ჩემი ხელოვანი მეგობრები რაღაც რჩევებს მაძლევენ ხოლმე, მაგრამ „ჯიუტად ვიგერიებ“. ყველა აზრი კარგია, მაგრამ მაინც ძალიან პირადია ეს პროცესი, მართლა უნდა ვიგრძნო, როგორ უნდა გავაკეთო.
M: რადგანაც შთაგონების საკითხს შევეხეთ, უფრო განვავრცოთ, ყველაზე მეტად რა გაძლევს ინსპირაციულ აზრებს?
ხომ ამბობენ ხოლმე, რომ აი, გარშემო მიმდინარე მოვლენებისგან იღებენ შთაგონებას ან რაღაცის ყურებით უცბად ეწვევათ ინსპირაცია… ჩემს შემთხვევაში სრულიად საპირისპირო რამ ხდება: გარე ფაქტორები ყოველთვის ხელს მიშლის! უბრალოდ არ შემიძლია მათი ჩემს სამყაროში მიღება — ე. წ. „შემოქმედებით ბუშტში“ ყველაფრისგან მობეზრებული მივდივარ ხოლმე, მინდა ჩამოვშორდე სხვების რეალობას და მხოლოდ ჩემთვის სახასიათო დეტალები გავიყოლო თან. ამიტომაც, ჩემი ინსპირაციის წყარო „შიდაბრუნვადია“ — ვიკვებები იმით, რასაც ვქმნი და ვქმნი იმას, რითაც ვივსები.

ერთადერთი, რაც ჩვევად მექცა, ქუჩაში საინტერესო ადამიანების დაკვირვებაა… ვცდილობ, სრულიად განსხვავებული ტიპაჟები დავაფიქსირო, თვალებით დავიმახსოვრო და შემდეგ რომელიმე ნამუშევარში გარკვეული ნაწილით მაინც გავაცოცხლო.
M: ოდესმე გიოცნებია, რომ თოჯინა ყოფილიყავი?
და არ ვართ? მგონია, რომ ყველანი თოჯინები ვართ… საკუთარ თავებს ვათამაშებთ, კონკრეტულ სახეს, ნიღაბს ვარგებთ — ვფიქრობ, ადამიანს რომ შეუძლია თავისი თავით თამაში, ისე არავის. ყველანაირ ექსპერიმენტს ვატარებთ, იდენტობებს ვიცვლით, იქვე ვიზუალსაც და ყველაფერს, რისი მრავალფეროვნად შეცვლაც შეგვიძლია.



ავტორი: ქეთია ბელქანია












