რუსლან ბერიძე, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, დაახლოებით, 11 წელია შემოქმედებით ინდუსტრიაშია. მისი შექმნილია „ბორჯომის“ კალენდარი, სპორტული ცენტრის, ოქტოპუსის და „ვისმინოს“ ბრენდინგი, „ლიბერალისა“ და „ცხელი შოკოლადის“ ილუსტრაციები, ჩვენი ქვეყნის კრეატიული სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, სარეკლამო ფესტივალ AD Black Sea-ს ვიზუალები, ანიმაციური ფილმი „ბებო“ და ა.შ. იყო AD Black Sea 2017-ისა და Young Lions Georgia 2019-ის ჟიურის წევრი. და ამ ყველაფრის ავტორი „გუგლში“ რომ „დასერჩოთ“, ბევრს ვერაფერს წაიკითხავთ. არა და, ნამუშევრები, ალბათ, უმეტესობას ერთხელ მაინც გაქვთ ნანახი. ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის მისი ამბავი მოგვეყოლა და ეს ნამუშევრებიც კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა. როგორც რესპონდენტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა – თუ შემოქმედებითი სფეროს ადამიანებზე რაიმე საერთო წარმოდგენა გაქვთ, ყველაფერი დაივიწყეთ და „გაიცანით“ რუსლან ბერიძე.
„დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასახლებაში. ჩემი მშობლები, ორივე, განათლებით ინჟინერია და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მუშაობდნენ. ვსწავლობდი რუსულ სკოლაში. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და კლასში მეტსახელიც „მხატვარი“ მქონდა. საღეჭი რეზინის შეფუთვებიდან კარგად ვიხატავდი მანქანებს, „კუ-ნინძებსა“ და სხვა გმირებს. რვეულების ბოლო ფურცლები სულ სავსე მქონდა ჩანახატებით. ალბათ, ასე გამოვიმუშავე კრეატიული აზროვნების უნარი. სხვათა შორის, კარგი მასწავლებლებიც მყავდა – თვალს ხუჭავდნენ, გაკვეთილებზე რომ ვხატავდი. დასავლური კულტურა მაშინ აქტიურად შემოდიოდა ჩვენს ცხოვრებაში და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ვხატავდი ყველაფერს, ბოტასების ჩემებური მოდელებიდან დაწყებული, NBA-ს ლოგოტიპით და „მფრინავი“ კალათბურთელებით დამთავრებული. გამიტაცა მუსიკამაც, აღმოვაჩინე Beatles, როკ-მუსიკა . . . უფროს კლასებში ლიტერატურაც შემიყვარდა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯერომ სელინჯერის რომანმა „თამაში ჭვავის ყანაში“. ეს ყველაფერი ძალიან ახლებური და cool იყო ჩემთვის“.
დიზაინერობამდე, მის ცხოვრებაში, იყო ეკონომიკის ფაკულტეტი – მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა და ბუღალტერია.
„სკოლას რომ ვამთავრებდი, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი რისი კეთება მინდოდა ცხოვრებაში, 17 წლის ვიყავი. გარდატეხის ასაკში, ჩაკეტილი და დეპრესიული გავხდი. მხატვრის პროფესია, იმ დროისთვის, ძალიან ტრაგიკული მეჩვენებოდა. მშობლებმა მირჩიეს, ეკონომიკური განათლება მიმეღო თბილისში და მეც დავთანხმდი, რადგან სხვა ალტერნატივა მოფიქრებული არ მქონდა. რა თქმა უნდა, არც მაკროეკონომიკამ, არც მიკროეკონომიკამ და არც ბუღალტერიამ არ დამაინტერესა, ვსწავლობდი საშუალოდ და საშუალოზე ცუდად. სამაგიეროდ, ყველა საგნის სწავლა იყო ინგლისურ ენაზე, პირველი წელი მარტო ინგლისურს ვსწავლობდით, მოსამზადებელ კურსზე. მაშინვე ინტერნეტი გახდა მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი. ახლა, წლების მერე ვხდები, რომ ინგლისურმა და ინტერნეტთან წვდომამ გამიხსნა ჰორიზონტები“.
ამ დროს ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ არსებობდა პროფესია – გრაფიკული დიზაინერი. მაგრამ ბუღალტერიიდან ზუსტად იქ მოხვდა.
„2008 წელს ვმუშაობდი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ბუღალტერიის განყოფილებაში, დამხმარე ბუღალტრის თანამდებობაზე. ვიყავი, ალბათ, ყველაზე არაპროფესიონალი ბუღალტერი მსოფლიოში. ამ დროს მოხდა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, როცა საქმე მივიდა შემცირებამდე, მე N1 კანდიდატი აღმოვჩნდი. ერთი სიტყვით, გამიშვეს სახლში. ამ პერიოდში უკვე ვხატავდი ჩემთვის, საღამოობით. ძალიან მომწონდა ევროპული კომიქსების ოსტატები – მიობიუსი და ენკი ბილალი. აღმოვაჩინე არტ-ქომიუნითი ვებგვერდი deviantart. აქ ვდებდი ჩემს ნახატებს. ასე დამიგროვდა ერთგვარი „პორტფოლიო“. ამასობაში 6 თვეზე მეტი გავიდა, რაც სახლში ვიჯექი, უსამსახუროდ. ვხდებოდი, რომ საკმაოდ „ნორმალურად“ ვხატავდი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეყენებინა ჩემი ნიჭი. ბოლოს, როცა მამაჩემი მეუბნებოდა, ბათუმში ჩამოდიო და მპირდებოდა, სადმე „მოგაწყობო“, ავიღე რამდენიმე დისკი, ჩავწერე ჩემი პორტფოლიო, „მარკერით“ დავაწერე ჩემი სახელი, ტელეფონის ნომერი და დავარიგე რამდენიმე კომპანიაში. ყველაზე მეტად ჩემი ნახატებით ირაკლი ბედუკაძე (დღეს სტუდია LF&T-ის დამფუძნებელია) დაინტერესდა. მან შემომთავაზა გრაფიკული დიზაინერის/ილუსტრატორის თანამდებობა. იმ მომენტიდან ჩემი ცხოვრება შეიცვალა“.

და ისე შეიცვალა მისი ცხოვრება, რომ მას შემდეგ დიზაინისა და ილუსტრაციების გარეშე ერთი დღე არ ყოფილა. დაახლოებით, 11 წელია სარეკლამო ინდუსტრიაშია.
„პირველი adoffice იყო, სადაც რამდენიმე წელი ვიმუშავე. ახლა ეს კომპანია აღარ არსებობს. შემდეგ Windfor’s-ში გადავედი, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე, კარგი სკოლა იყო ჩემი განვითარებისთვის. მქონდა მცდელობა, Sakideamsheni-ში დამეწყო მუშაობა, მაგრამ სხვა კანდიდატი აირჩიეს. შემოთავაზება მქონდა უკრაინული სტუდიიდან, იქაც არ გამიმართლა, რევოლუციების პერიოდი დაიწყო და ეკონომიკა აირია. საერთო ჯამში, Windfor’s-ში ხუთ წელზე მეტი ვიმუშავე. შემდეგ, მე და ზაქარიამ [ზაქარია მერსოპოვი, MORE Studio-ს თანადამფუძნებელი] გადავწყვიტეთ, MORE Studio შეგვექმნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველა ჩემი ნამუშევარი ეკუთვნის more studio-ს, მე და ზაქარია ერთად ვმუშაობთ, აბსოლუტურად თანაბარ პოზიციებზე. პარალელურად, ვთანამშრომლობ სულაკაურის გამომცემლობასთან, ვხატავ გარეკანებს წიგნებისთვის. ასევე, ბევრი წელია ვმუშაობ 2 საბავშვო წიგნზე, იმედი მაქვს რომ წელს მაინც მექნება ორივე მზად“.

ამ წლების მანძილზე ბევრი სირთულე შეხვდა. ამბობს, რომ ყველაზე რთული კლიენტთან სწორი ურთიერთობის და სამუშაო პროცესის აწყობაა.
„კიდევ დამთხვევების მომენტი არსებობს. არც თუ ისე სასიამოვნოა, როცა ნამუშევარი უკვე შექმნილია და მსგავსი რამ, თურმე, სადღაც არსებობს. სხვათა შორის, მე ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. თუმცა, როცა პირიქით მოხდა და Facebook-ის კრიპტოვალუტა Lybra-ს ლოგოტიპი [2019] AD Black Sea-ს ფესტივალისთვის, ჩემს მოფიქრებულ ლოგოტიპს [2017] დაემთხვა, ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.
თუმცა, როცა ძალიან მოგწონს ის, რასაც აკეთებ, სირთულე მეორე ადგილზე გადადის. ამასთან, დიზაინერის შემთხვევაში, ეს როგორც წესი teamwork-ია და რთულია განსაზღვრო, სად მთავრდება ერთი დიზაინერის წვლილი პროექტში და სად იწყება მეორესი. „პროფესიაში რაღაცის დამტკიცების და საკუთარი ეგოს „გაკულტების“ მომენტი, კარგა ხანია, გავლილი მაქვს. ამიტომ, დიდად არ ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ სად, რა, როდის და რა დოზით გავაკეთე. ალბათ, პორტფოლიოს განახლებაზეც დიდად ამიტომ არ ვზრუნავ“.
ამიტომ, გუნდში მუშაობა ურჩევნია. ამბობს, რომ როცა მარტო არ მუშაობს, its more fun [უფრო სახალისოა].
„კოლაბორაცია, რაღაც დონეზე, ყოველთვის უნდა იყოს. ასე უფრო ბევრს სწავლობ, უფრო ბევრს ხედავ. რაღაც მომენტებზე ამახვილებ ყურადღებას. დიზაინერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სუბიექტურ დონეზე აღიქვამდეს ობიექტურ რეალობას. როცა მუშაობ ვინმესთან ერთად, ამას უფრო ახერხებ.
დიზაინი თუ ილუსტრაციები?!
ილუსტრაცია საინტერესო და კრეატიული პროცესია, მაგრამ დიზაინმა მომცა ძალიან ბევრი. დიზაინი გაფიქრებინებს სხვადასხვა სივრცეში და სხვადასხვა დონეზე, გაიძულებს კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას ყველაზე ეფექტური და სწორი გზებით. იდეალურია თუ „wow ეფექტიც“ ახლავს შენს ნამუშევარს. დიზაინი წვრთნის ადამიანში დახვეწილობის და ბალანსის შეგრძნებას. დღევანდელი დიზაინერი რომ ავიღოთ, ის ერთი წლის შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს უფრო დახვეწილი ადამიანი“.
რომ არა გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი, ალბათ. . .
„კარგა ხანს ვიმუშავებდი ბუღალტერიაში, ან რამე ბანკში ოპერატორად. მერე აუცილებლად მომბეზრდებოდა და გავხდებოდი ილუსტრატორი, ან – მკერავი, ან – მზარეული. რამე ისეთი პროფესიით დავკავდებოდი, რომელიც ნულიდან შექმნის პროცესს ითვალისწინებს და შენზეა დამოკიდებული, ვერავინ გეტყვის, რა უნდა გავაკეთო და როგორ“.
ინსპირაციის წყაროს სხვადასხვა სფეროდან იღებს. და ეს ყოველთვის წინასწარ აქვს არჩეული.
„ვიზუალურ ენას ვსწავლობ და ვერკვევი ყველა დეტალში. ოღონდ, ეს პროცესი ხდება ძალიან ბუნებრივად და თავისთავად. ბავშვობაში ეს იყო მანქანები, მერე – ამერიკული კალათბურთი, მერე – მუსიკა, მერე – ევროპული კომიქსი, მერე – გრაფიკული დიზაინი, ახლა – მოდა და ტანსაცმელი“.
სამაგიეროდ, არ ფიქრობს თვითინსპირაციაზე და არ სჯერა შემოქმედებითი კრიზისის.
თვითინსპირაციისთვის არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ბევრ პროექტზე ვმუშაობ, ერთდროულად. რაც უფრო მეტი კრეატიული და ესთეტიური გადაწყვეტილების მიღება მოგეთხოვება, მით უფრო მეტი შანსია, ბევრი კარგი შედეგი მიიღო. რაც შეეხება შემოქმედებით კრიზისს, ასეთი კრიზისები არ მაქვს. საერთოდ, მგონია, ცოტა გამოგონილია ეს ცნება. ვისაც მსგავსი რამ აწუხებს, ვურჩევდი, დამატებით აიღოს რამდენიმე პროექტი და კრიზისისთვის დროც აღარ დარჩება.
ვამაყობ, რომ გარკვეული დროის მანძილზე, ჟურნალი „ლიბერალისთვის“ ვხატავდი ილუსტრაციებს. მაშინ, ჟურნალის არტ-რედაქტორი, ფოტოგრაფი ლევან ხერხეულიძე იყო. ბევრი კარგი ილუსტრაციის დახატვა შევძელი იმ პერიოდში.
ასევე – მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის „ბებო“ (რეჟისორი – სანდრო ქათამაშვილი). აქ მთავარი მხატვარი ვიყავი და საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იყო ჩემთვის. მოვიფიქრე პერსონაჟები და ყველა ფონიც მე დავხატე.
ძალიან სასიამოვნოა ხოლმე, როცა ბევრი ადამიანი სარგებლობს იმ პროდუქტით, რის შექმნაშიც მონაწილეობა მაქვს მიღებული – დიდი თუ პატარა „დოზით“, როცა პროდუქტი „სახალხო“ სტატუსს იძენს. ასეთი ბევრი ნამუშევარია.
ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ზედიზედ სამი სეზონის მანძილზე [2017,2018, 2019] Ad Black Sea Festival-ის საფირმო სტილზე მუშაობა. შედეგებიც, ჩემი აზრით, საქართველოსთვის საკმაოდ ნოვატორული გამოდგა“.


სამაგიეროდ, მისთვის არ არსებობს ნამუშევრები, სადაც რამეს შეცვლიდა, ან საერთოდ არ გააკეთებდა.
„პირიქით, როცა ძველ ნამუშევრებს ვუყურებ, როგორც წესი, ცოტა მიკვირს ხოლმე, როგორ მივედი ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე“.
კიდევ არის ისეთი პროექტები, რომლებზეც სიამოვნებით იმუშავებდა. ერთ-ერთი ბათუმის ბრენდინგია.
„რადგან ბათუმიდან ვარ და მიყვარს ეს ქალაქი, გავაკეთებდი ბრენდინგს ბათუმისთვის, ან – აჭარისთვის. ასევე, სიამოვნებით ვიმუშავებდი რომელიმე ცნობილი ტანსაცმლის ბრენდის რებრენდინგზე“.
ამ ყველაფერს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში აკეთებს, ანუ მისთვის პროფესიაში მთავარია . . .
„ვიყო დამოუკიდებელი სამუშაო პროცესში – ანუ, როცა გაქვს ცარიელი ფურცელი და შენზე არის დამოკიდებული, როგორ და რითი შეავსებ ამ ფურცელს“.
როგორ ფიქრობ, წარმატებისთვის რა არის საჭირო?
ბევრი მუშაობა, წარუმატებელი მომენტების გადააზრება, განვითარება, ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება და ინტუიციის სწორ დროს „ჩართვა“.
ამას როგორ ახერხებ, ვინ ან რა ახდენს შენზე გავლენას?
პოზიტიური განვითარების თვალსაზრისით, მგონი, ყველაზე მეტად, უახლოესი წრე მოქმედებს ჩემზე – ჩემი ცოლი – ნათია კვარაცხელია, ისიც ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი. და ზაქარია, ვისთან ერთადაც ვმუშაობ – სულ ვცვლით ერთმანეთში იდეებს და სასარგებლოდ „ვკამათობთ“.

სხვებისთვის შენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე რას ფიქრობ?
მგონი, მაგას ვერასდროს შევძლებ, ძლივს ვანაწილებ დროს არსებულ საქმიანობებზე, ვალდებულებებზე და ინტერესებზე. მაქსიმუმ, რამე „სფიჩით“, სადმე თუ გამოვალ ხოლმე.
Young Lions Georgia 2019-ის და AD Black Sea 2017-ის ჟიურის წევრი იყავი. ახალ თაობაზე რას იტყვი?
ამ სფეროში, მგონი, ყველაფერი ნორმალურად გვაქვს, მშვენიერი ნამუშევრები იყო. ახლა ბევრი სასწავლებელი გაიხსნა, სადაც ასწავლიან დიზაინს და კრეატიულ აზროვნებას. თანაც, ჩემი აზრით, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები ვართ, ვიზუალურ ხელოვნებაში კარგი ისტორიაც გვაქვს და მგონი, კარგი მომავალიც.
რას ურჩევდი დამწყებებს?
თუ გრძნობ, რომ გაქვს ამა თუ იმ საქმის კეთების ნიჭი, გახსოვდეს, ნებისმიერ პროფესიას უბრალოდ სჭირდება ბევრი, განმეორებითი მუშაობა და საკუთარი შედეგების წლების მანძილზე გაუმჯობესება, დახვეწა – როგორც, მაგალითად, კარატეს შესწავლისას, ერთსა და იმავე დარტყმას/მოძრაობას მრავალჯერ იმეორებენ, სანამ სრულყოფილებამდე არ მივლენ. სხვათა შორის, ერნესტ ჰემინგუეის, „მშვიდობით, იარაღო“ ორმოცჯერ აქვს გადაწერილი. ასევე, მნიშვნელოვანია იდეების სიმრავლე. იმის ნაცვლად, რომ მაგალითად, ლოგოსთვის ორ ან სამ ვარიაციაზე იმუშაო, ჯობს, მოიფიქრო ოთხი-ხუთი განსხვავებული იდეა, აირჩიო მათგან საუკეთესო ვერსიები და ისინი მიიყვანო ბოლომდე. შეეცადე, პრობლემას მაქსიმალურად ბევრი მხრიდან შეხედო. მიიღე ბევრი ინფორმაცია სხვადასხვა, შენთვის საინტერესო სფეროდან, რომლებიც შეიძლება, სხვებისთვის სრულიად უინტერესო იყოს, შენთვის კი სასარგებლო და წარმატების მომტანი გახდეს. თეორიაც კი არსებობს – Bus Ticket Theory of Genius ჰქვია. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი – გაამარტივე ის, რაც რთული და კომპლექსური გეჩვენება, ჩააღწიე ფუძემდე. ასე უფრო ნათლად დაინახავ ამოცანას და საბოლოო ჯამში, უფრო სწორ გადაწყვეტას იპოვი.
რუსლან ბერიძე დღეს . . .
„. . . ბევრ დროს ხარჯავს საინტერესო პროექტებზე, დიდ დროს უთმობს საკუთარ ოჯახს. ბოლო დროს სპორტი გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი“.
სამომავლო გეგმები?
ეს ყველაზე რთული კითხვაა. უფრო სურვილები მაქვს, ვიდრე – გეგმები. იმდენი შესაძლებლობა და საინტერესო სფერო არსებობს, რომ უბრალოდ დროის საკითხია. მინდა, უცხოელ დამკვეთებზე გავიდეთ more studio-ს ფარგლებში. ასევე, კარგი იქნებოდა, თუ გაფართოებას შევძლებდით. როგორც უკვე ვახსენე, საბავშვო წიგნების სფეროც შედის ჩემს ინტერესებში. მინდა ვცადო ძალები ფერწერაშიც, ოდესმე.
ლილე ხმალაძე