in

რუსო აბზიანიძე – #პირველისამსახური

პროფესიით არქიტექტორი ვარ. მაგისტრატურაც ამავე სფეროში – ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე. პირველი სამსახური არც ისე ადრეულ ასაკში – 25 წლისამ სტაჟირებით დავიწყე, კომპანიაში – “ინჟინრული აზრი“, სადაც ძალიან ფასეულ საქმეს აკეთებენ – ძველი, ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციაზე მუშაობენ.

ეს იყო ძაალიან საინტერესო სამსახური. მიხარია რომ თბილისის ერთ-ერთი ძეგლის რესტავრაციაზე მეც ვიმუშავე და პროექტში ჩემი სახელიც მოხსენიებულია. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და მიუხედავად იმისა, რომ პროფილი სრულიად შევიცვალე, ყოველთვის ვამჩნევ, რომ ახალ საქმეში ძალიან მეხმარება და მადგება.

შემდეგ, სტაჟირების პარალელურად, ჯიპაში ჩავაბარე კურსებზე – პიარისა და ღონისძიების მართვის განხრით, სადაც მივხვდი, რომ ამ სფერომ ძალიან დამაინტერესა. სრულიად შემთხვევით, გადავაწყდი განცხადებას და სტაჟირებაზე ამიყვანეს სააგენტო „მოზაიკაში“ – ეს იყო და ყოველთვის დარჩება ჩემს საყვარელ გამოცდილებად, სადაც ბევრი საჭირო უნარი შევიძინე და ვისწავლე.

ივენთ მენეჯმენტის მიმართულება მოზაიკას ახალი დამატებული ჰქონდა. ყველამ, ვინც ამ მიმართულებაზე ვმუშაობდით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ და ერთად გავიზარდეთ. მალე დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ. მეც ამავე კომპანიაში მივიწევდი წინ – სტაჟიორიდან ივენთ კოორდინატორად, შემდეგ კი – მენეჯერად. ამ სფერომ თავი შემაყვარა,ზედმეტადაც კი. ეს არის ისეთი მრავალფეროვანი, საინტერესო საქმე , რომელიც მაძლევს საშუალებას გამოვავლინო ჩემი შემოქმედებითობა, აღმოვაჩინო სხვადასხვა ნიჭი/უნარი, რომელიც ზოგჯერ არც ვიცოდი, თუ მქონდა. ადამიანების დადებითი უკუკავშირი კი საუკეთესო სტიმულია, ვაკეთო ურთულესი საქმე, ყოველთვის დიდი მონდომებით და ხალისით.

ჩემს პირველ ნამდვილ სამსახურად სწორედ „მოზაიკას“ მივიჩნევ, რადგან მან აღმომაჩენინა სფერო, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომელში მუშაობასაც კიდევ დიდხანს ვაპირებ, ახლა უკვე საკუთარი კომპანიითა და დიდი გეგმებით.

რუსო აბზიანიძე – D.tale event bureau-ს თანადამფუძნებელი, D.tale service marketplace-ის თანადამფუძნებელი, Snack Pack-ის თანადამფუძნებელი.

23 მაისს, რუსთავში Festival of Speed Georgia 2021 გაიმართება

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, პარაპლანით ინტეგრირებული ფრენა გაიმართა