23
Jul
2019

#თაობა – რუსო მარგიშვილის მისტიკური და სიურრეალისტური შემოქმედება

23 Jul 2019

სიმარტივე რომ მართლაც გენიალური რამაა, ამას შემოქმედება ხშირად გვიმტკიცებს. ამ ფრაზას კი პირდაპირ დავაკავშირებდი რუსო მარგიშვილის ნახატებთან, რომელსაც ხატვის კუთხით მცირედი განათლება აქვს მიღებული. რუსო პროფესიით არქიტექტორია და საკუთარი პროფესიით წლებია, ნიუ იორკში მუშაობს. ხატვა მისი მეორე სამყაროა, ღამ-ღამობით რომ უყვარს მასში შეჭრა და ჩაფლობა. #თაობა მისი შემოქმედების შესახებ რუსოს გაესაუბრა:

M: ვინ არის რუსო მარგიშვილი – გაგვაცანით თქვენი თავი..

პროფესიით არქიტექტორი ვარ. თითქმის უკვე 12 წელია, რაც საქართველოში აღარ ვცხოვრობ, ამიტომ სხვა ქვეყნებში ქართველი ვარ, საქართველოში – უცნაური.

ბოლო 6 წელია, ნიუ იორკში ვცხოვრობ და არქიტექტორად ვმუშაობ პატარა კომპანიაში, სადაც საინტერესო პროექტები გვაქვს. კომპანიის ზომის გამო პროექტების ყველა ეტაპზე ვარ ჩართული, სქემატური დიზაინიდან მშენებლობის დასრულებამდე. კლიენტებთან, მშენებლებთან და კონსულტანტებთან კოორდინაციას ძალიან დიდი ძალისხმევა მიაქვს და საკმაოდ სტრესულია. ამიტომ, სახლში რომ ვბრუნდები, კარგ ფილმს ვარჩევ და ვხატავ.

M: როდის გქონდათ ხატვასთან პირველი შეხება და როგორ გახსენდებათ ეს მომენტი?

კონკრეტული მომენტი არ მახსოვს, ყველასავით მეც ბავშვობიდან ვხატავ. ბავშვობაში ბებია-ბაბუასთან დიდ დროს ვატარებდი. ბაბუა არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი იყო. ზოგჯერ სახელოსნოდან ძველი ნახაზები მოჰქონდა, რომ მე და ჩემს დებს ქაღალდების ცარიელი მხარე სახატავად გამოგვეყენებინა. მე ნახაზებში ხატვა მერჩივნა და არქიტექტურულ გეგმებსა და ჭრილებში ავეჯს და ადამიანებს ვუხატავდი. ნახაზების “გაცოცხლება” და ჩემი გარემოს ზედხედში ხატვა ეხლაც მიყვარს.

M: რა განათლება გაქვთ მიღებული ხატვის კუთხით?

პროფესიული განათლება ხატვაში არ მიმიღია. ხატვა არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვისწავლე. ორი წელი ვხატავდი (და ვძერწავდი) მოქანდაკე მარინა ივანიშვილთან, ორიც სტუ-ში ხატვის ლექციებზე და საზაფხულო პრაქტიკებზე.

M: უმეტესწილად, რაში პოულობთ ინსპირაციას? 

ძირითადად, რუტინასა და ადამიანებში. ნიუ იორკში უამრავი უცნაური და ფერადი ადამიანით ვარ გარემოცული და ხალხზე დაკვირვების მოყვარულ ადამიანს ეს გარემო ბევრ იდეას მაძლევს. ჩემი ნახატები ამ ადამიანებთან და გარემოსთან ურთიერთობაში გადახდენილი თავგადასავლების ილუსტრაციაა.

კიდევ მიყვარს სამეცნიერო გადაცემები. მეტროში ხშირად ვუსმენ შემეცნებით რადიოგადაცემებს და ბევრ უცნაურ რამეს ვსწავლობ. ზოგჯერ იდეებს აქედან ვიღებ – ბუნებაში არსებული უცნაური მოვლენა ადამიანების სამყაროში გადმომაქვს.

M: თქვენი შემოქმედების მთავარი გმირები გრძელთმიანი გოგონები არიან, როგორ ფიქრობთ, რისი თქმა სურთ ამ გოგონებს?

ნახატები, ძირითადად, ავტობიოგრაფიულია და ან ჩემს ისტორიას ჰყვებიან, ან ჩემი მეგობრებისას. რა თქმა უნდა, ეს ისტორიები ბუკვალურად არ ითარგმნება და ხშირ შემთხვევაში გაზვიადებულია. ზღაპრები და მისტიციზმი ყოველთვის მიყვარდა და ამიტომ ნახატებიც ცოტა სიურრეალისტურია.

M: თქვენი სტილი მარტივი და, ამავდროულად, ბევრისმთქმელია.. სულ ამ სტილში ხატავდით თუ ოდესღაც აქამდე მიხვედით?

სტილზე არ მიმუშავია. ადრე არქიტექტურული იდეების გადმოსაცემად ვხატავდი. ახლა, მას მერე, რაც პროექტები მარტო ჩემი აღარაა, არქიტექტურული ხატვა ნაკლებად მიწევს და ნელ-ნელა სხვა რამეების ხატვაზე გადავედი. სტილი ალბათ პროფესიიდან მოდის.

M: რას საქმიანობთ დღესდღეობით ხატვის კუთხით?

რამდენიმე დღის წინ მეგობართან ერთად გასაფერადებელი წიგნის პროექტი დავიწყე. კიდევ 2 ზინზე ვმუშაობ, და დიდი ხნის წინ დაწყებული გრაფიკული მემუარის დასრულებაზე ვოცნებობ.

M: მიღწევებზეც გვესაუბრეთ – რა მიგაჩნიათ დღემდე თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ამ სფეროში?

ხატვა ჩემთვის სამსახურის სტრესისგან განტვირთვის საშუალებაა და მიკვირს, რომ ჩემმა ნახატებმა ამხელა ყურადღება მიიპყრო. მეგობრის რჩევით დავიწყე გამოქვეყნება და ნელ-ნელა საინტერესო შემოთავაზებების მიღებაც დავიწყე. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დიდი გამომცემლობისთვის ილუსტრაცია გავაკეთე: ამერიკაში ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მიღებიდან 100 წელი ხდება და წიგნს უშვებდნენ, სადაც 100 ისტორიას 100 ილუსტრატორი ქალი ხატავს. აქედან ერთ-ერთი ჩემი იქნება.

ცოტა ხნის წინ მეგობარი დამიკავშირდა, რომელიც ლათინო-ამერიკულ თეატრში მიუზიკლს დგამს და უნდა, რომ რამდენიმე ტილო დავუხატო. შეიძლება, სცენის დეკორაციაზეც ვიმუშავოთ ერთად. მაგრამ ეს გეგმები ჯერ-ჯერობით ძალიან ახალია და ბევრი უცნობი კომპონენტი აქვს. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, საბოლოო შედეგებს აუცილებლად გაგიზიარებთ.

M: როგორი უნდა იყოს გარემო, რომელშიც ხატავთ?

ხალხი არ უნდა მიყურებდეს. ადრე პარკებშიც ვხატავდი, მაგრამ უცხო ხალხის კითხვები დისკომფორტს მიქმნის. ამიტომ სახლში მიყვარს ხატვა, მარტოს, ძირითადად ღამე.

M: როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა თქვენს შემოქმედებას რაიმე კონკრეტული სახელი? 

ჩემთვის ილუსტრირებული დღიურია, ობიექტურად ვერ შევაფასებ.

M: რომ არა ხატვა..

არქიტექტურა! თუ არც არქიტექტურა, მაშინ ნეირომეცნიერი ვიქნებოდი.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე



განხილვა