6
Jan
2020

შოთა რუსთაველის აფორიზმები თანამედროვე, არატრადიციული ილუსტრაციებით

6 Jan 2020

 

ეს შოთა რუსთაველის აფორიზმებია, თანამედროვე, არატრადიციული ილუსტრაციებით. ამ გამოცემით, მკითხველს საშუალება ექნება, ახლებურად გაიაზროს „ვეფხსიტყაოსანი“ და იხილოს სრულიად განსხვავებული ვიზუალები.

პროექტის მთავარი მიზანია რუსთაველის პოპულარიზაცია, „ვეფხისტყაოსნის“ ხელახალი გააზრება და ის, რომ ახალმა თაობამ, განსხვავებული თვალით შეხედოს და შეიყვაროს ეს ნაწარმოები. გამოცემის ავტორია  გამომცემლობა „რუსთაველი 850“, პროექტის მენეჯერი – ლუკა ქუთათელი, ილუსტრაციები – სალომე ჯოხაძე, დიზაინი – Natalia Avaliani. შემოქმედებით ჯგუფს სურდა, შეექმნა თანამედროვე, მარტივი და ახლებურად დანახული რუსთაველის ესთეტიკა.

როგორც წიგნის დიზაინერი ნატალია ავალიანი ამბობს, ეს კრებული უნდა ყოფილიყო განსხვავებული და ვიზუალურად საინტერესო.

„პირველი, ვინც გამახსენდა, სალომე ჯოხაძე იყო, რომლის ნამუშევრებზეც ნახვის დღიდან ვარ შეყვარებული. „Make Rustaveli great again“ – თითქოს, არც არასდროს დაუკარგავს დიდებულება. თუმცა, ახლებური დამოკიდებულებების თვალსაზრისით, „ვეფხისტყაოსანსაც“ ისე მოვექეცით, როგორც სხვა ყველაფერ წმინდას – თაროზე შემოვდეთ და სქელი მტვრით დავფარეთ. დიდებული, მაგრამ, თითქოს, განყენებულია, ერთ და ორ (ორი ბევრი ხომ არ არის?) უნიკალურ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როდესაც ახლებურად გაიშალა ეს საკითხი. სხვა შემთხვევებში, „ვეფხისტყაოსანი“, თავის აფორიზმებიანად, ერთსა და იმავე სტანდარტულ ფორმატებში გვევლინება, „ოქროცურვილი“ ორნამენტებით. ეს მაშინ, როცა ამ გენიალურ პოემაზე საუბრისას, მილიონიდან მილიონი გვეტყვის, რომ პოემაში განხილული თემები, ჰოი, საოცრებავ და თანამედროვეობისთვისაც აქტუალურია. აფორიზმების ამ კრებულზე მუშაობისას, პირველ რიგში, უმნიშვნელო იყო ჩარჩოები“.

გამოცემის ილუსტრატორი სალომე ჯოხაძე კი ამბობს, რომ მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ  პროექტზე მუშაობა.

„და იყო ერთგვარი რისკიც, როცა, ამისთვის, არატრადიციული ფორმა ავირჩიე. „ვეფხისტყაოსნის“ ბევრი ილუსტრაცია მინახავს, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მძაფრი მოგონებაა ამ პოემის სხვადასხვა გამოცემის თვალიერება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს, თუნდაც, პატარა, მოკრძალებულ როლს მეც შევასრულებდი ამ საქმეში. რადგან ვმუშაობ არაერთ მედიაში, მინდოდა სწორად ამერჩია ამ პროექტისთვის შესაფერისი სტილი. მთავარი ინსპირაცია გახდა „სკეჩები“, რომლებსაც ტატუებისთვის ვაკეთებ ხოლმე. მუშაობის პროცესში ამ ხელწერამაც ცოტა სახე იცვალა და საბოლოოდ გამოვიდა „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ჩემეული  – ცოტა გოთიკური, ცოტა კომიქსური და ცოტაც ტრადიციული ვერსია“. 

„ვეფხისტყაოსნისთვის“ ასეთი ილუსტრაციების შექმნა რომ საკმაოდ თამამი ნაბიჯია, ამაზე დიზაინერებიც საუბრობენ. მათი თქმით, სურეალისტურად დანახული და ხელახლა ინტერპრეტირებული ვიზუალები უფრო საინტერესო იქნება თანამედროვე მკითხველისთვის.

მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სურეალისტურად და თანამედროვედ დანახული „ვეფხისტყაოსანი“ უფრო საინტერესო იქნება მკითხველისთვის, ვიდრე რეალისტური ნახატებით გაფორმებული წიგნი“ – ია დარახველიძე (სააგენტო BRID-ის დამფუძნებელი, დიზაინერი).

„ვიზუალები საინტერესოდაა ხელახლა ინტერპრეტირებული. თითქოს, სტილი ცდილობს, დააკავშიროს წარსული და დღევანდელობა, გამოხატოს, რომ რუსთაველის აფორიზმები დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც საუკუნეების წინ“ – თაკო ჭაბუკიანი (Pragmatika-ს არტ – დირექტორი, დიზაინერი)

შოთა რუსთაველის აფორიზმების ახალი გამოცემა, „ონლაინ“, უკვე იყიდება. პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

განხილვა