in

„რუსთაველის ქვეყანა“ Trieste-ს საერთაშორისო კინოპლატფორმაზე მიიწვიეს


21-28 იანვრის ჩათვლით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება, ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, რომელში მონაწილეობასაც ერეკლე ინაშვილის დოკუმენტური ფილმი რუსთაველის ქვეყანა იღებს — გერმანელი ლინგვისტი საქართველოს გასაცნობად ჩამოდის და შეისწავლის, როგორ ცოცხლობს ვეფხისტყაოსანი თანამედროვეობაში, რაზეც უფრო დეტალურად ფილმის ავტორს გავესაუბრეთ:

M: ერეკლე, მოგვიყევით ცოტა რამ დოკუმენტური ფილმის „რუსთაველის ქვეყნის“ შესახებ…

ფილმის კონცეფცია ჩვენი ქვეყნის მთავარ წიგნზეა, რომელიც, მარკეტერების ენაზე რომ ვთქვათ, მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ქართველებს ერთგვარ გაიდლაინად გვქონდა. როგორ ცოცხლობს ვეფხისტყაოსანი თანამედროვეობაში, როგორი აქტუალურია ის ჩვენს ყოველდღიურობაში და, რაც მთავარია, რამდენად ცხოვრობს დღევანდელი საზოგადოება იმ ფასეულობებით, რომლებიც შოთა რუსთაველმა ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში მოგვცა — გვერდში დგომის, ტოლერანტობის, სოლიდარობისა და გენდერული თანასწორობის იდეები, რომელზეც დღეს ევროპული ფასეულობები დგას.

ფილმის გმირი გერმანელი ლინგვისტი ემინე შაჰინგოზია, რომელიც საქართველოში რუსთაველის ქვეყნის გასაცნობად ჩამოდის და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო ადამიანს ხვდება, დაწყებული თანამედროვე პროფესიებიდან, მაგალითად, როგორიც შეიძლება იყოს ქოფირაითერი, დამთავრებული ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნე ქალბატონით დასავლეთ საქართველოში. ფილმი თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთგვარი პორტრეტია, როგორია და ვინ არის დღეს რუსთაველის ქვეყანა.

M: რა ეტაპზეა ახლა და როდის ნახავს ფილმს ქართველი მაყურებელი?

რუსთაველის ქვეყანა პოსტ-პროდუქციის ბოლო ეტაპზეა. პროდაქშენის აქტიური ფაზა ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. გასული წლის ბოლოს დავასრულეთ მონტაჟი და ფერის კორექცია. ამ ეტაპზე ბოლო შტრიხებს გადის, ხმის მიქსის და მუსიკალური გაფორმების კუთხით. მიუხედავად ამისა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, განსაკუთრებით დისტრიბუციისა და საფესტივალო სტრატეგიის კუთხით. აქედან გამომდინარე, ღია ჩვენებას ჯერ არ ვჩქარობთ, გვინდა კარგად განისაზღვროს საფესტივალო სტრატეგია, რომელ ფესტივალებზე გაიგზავნება ფილმი და სად შედგება მსოფლიო პრემიერა. ამაზე კი, მოგეხსენებათ, ცალკე გაყიდვების სააგენტოები, დისტრიბუტორები და კინო-აგენტები მუშაობენ და ამის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია.

M: რას გვეტყვით Trieste-ს WEMW Inspirational Lab-ის შესახებ?

ჩვენდა გასახარად, ფილმი იტალიაში ტრიესტეს საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე When East Meets West (როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს) მიიწვიეს. ამ პლატფორმაზე პროდუქციაში მყოფი ფილმები დასრულების პროცესში მოსამზადებელ ვორქშოპებსა და მენტორშიფის პროგრამებში იღებენ მონაწილეობას. ჩვენს ენაზე ეს ისევ სტარტაპის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრას ჰგავს, როდესაც ამ სფეროს მთავარი მოთამაშეები ფილმებს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებენ და საჭირო პლატფორმებთან, ფესტივალებთან, დონორებსა და საპროდიუსერო კომპანიებთან აკავშირებენ. „რუსთაველის ქვეყანა“ წელს Inspirational Lab-ის ფოკუს სექციაში მოხვდა, რისი მიზანიც სწორედ ფილმის დისტრიბუციისა და საფესტივალო ცხოვრებისთვის მომზადებაა — ზუსტად ის, რაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. 

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფილმის გმირი გერმანიიდან არის და ფილმის ენაც დიდწილად გერმანულია, პირველ ეტაპზე სწორედ გერმანულენოვან ბაზარზე ვკონცენტრირდებით და საფესტივალო სტრატეგიაც ამ კუთხით მუშავდება. იმის გამო, რომ ფილმს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში და თავისთავად ქართველებისთვის ეს ძვირფასი თემაა, პროექტის მხარდაჭერისა და სამომავლო ჩვენებების კუთხით ქართულ ორგანიზაციებთანაც ვმუშაობთ.

ერეკლე ინაშვილთან ერთად, ინდუსტრიულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები ლაშა ხალვაში (Cold Open Inspirational Lab), ირინა გელაშვილი (Anima Spirit Inspirational Lab), ნინო ჩიჩუა, ანა ხაზარაძე (Last Stop Trieste) ქეთევან ვაშაგაშვილი (Co-production Forum), თორნიკე გოგრიჭიანი (Co-production Forum) და ანა ხაზარაძე (EWA Network Mentoring Programme) გაემგზავრნენ.

ავტორი: მაკუნა ჯუღელი


რისი გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება ელფოსტის მარკეტინგში

როგორ გეხმარებათ შაბლონურობა კონვერსიის ზრდაში?