რუსთავის 70 წლის საიუბილეო ლოგოს კონკურსში, 15 კაციანმა ჟიურიმ, 53-იდან ერთი, 21 წლის გიორგი შათირიშვილის ნამუშევარი შეარჩია, რომლის იდეაც გიორგის, ხოლო შესრულება – ვალერი გულოშვილს ეკუთვნის: „ჩვენი მიზანი იყო, ლოგოტიპით, გამოგვეხატა საპირისპირო დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ რუსთავი მხოლოდ მეტალურგიის ქალაქია – გვინდოდა, დაგვენგრია სტერეოტიპი“, – გიორგი შათირიშვილი.
მარიკა ფიროსმანაშვილი, ა(ა)იპ სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის სახელოვნებო დეპარტამენტის უფროსი: „კონკურსს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, არც კი ველოდით – 53 ნამუშევარი მივიღეთ. ქალაქის მერს, ირაკლი ტაბაღუას სურდა, რომ ახალგაზრდები ჩართულიყვნენ ამ პროექტში და ამიტომაც, შეზღუდვა გვქონდა მხოლოდ ასაკობრივი – 16-დან 35 წლამდე. გამარჯვებული გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ, მათ შორის, რუსთავის მერმა, საკრებულოს წარმომადგენლებმა, სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის გამგე, თამაზ ვარვარიძემ და პროფესორმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა. რაც შეეხება ლოგოს გამოყენებას, მას ჩვენ შევთავაზებთ რუსთავში მოღვაწე ბიზნესმენებს, გამოვიყენებთ საჩუქრებზე ეტიკეტებად და ა.შ. ჟიურიმ გამარჯვებული ნამუშევრის ავტორებს მისცა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ ცვლილებას შეიტანენ ლოგოში“.
კონკურსის გამარჯვებული ნამუშევარი 1000 ლარით დაჯილდოვდა. კონკურსის პირობების თანახმად, ლოგოს პროექტი უნდა შესრულებულიყო კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით, უნდა ყოფილიყო ორიგინალური, ანალოგის არმქონე, შინაარსობრივად ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი, ასევე, მარტივად თავსებადი ნებისმიერი საბრენდო პროდუქციისთვის. რაც მთავარია, მასში კონკურსანტებს უნდა გამოეყენებინათ რიცხვი 70. ქალაქის 70 წლის საიუბილეო ლოგოს შესარჩევი კონკურსი 25 იანვარს დაიწყო, 10 თებერვალს დასრულდა, ხოლო 16 თებერვლას გამოვლინდა გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილე ნამუშევრები: