in

კინოდან კომიქსებამდე – როგორ ქმნის „რასთი კომიქსი“ Marvel-ისა და DC-ის ქართულ ბიბლიოთეკას

Startauperi
Startauperi

თანამედროვე რეალობაში, სადაც მოზარდების ყოველდღიურობას დიდწილად სმარტფონები და „სქროლვა“ განსაზღვრავს, წიგნთან ურთიერთობა სულ უფრო რთული გამოწვევა ხდება. თუმცა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვიზუალური თხრობის ხელოვნებას – კომიქსებს, შეუძლია ბავშვები ეკრანებს მოწყვიტოს. ფერადი ილუსტრაციები და დინამიკური სიუჟეტები მათ არა მხოლოდ კითხვისკენ აბრუნებს, არამედ ფანტაზიასაც უვითარებს და ხშირად, საკუთარი ისტორიების შექმნისკენაც უბიძგებს.

სწორედ ამ კულტურის განვითარებასა და ხარისხიანი ქართული პროდუქტის შექმნას ემსახურება „რასთი კომიქსი“ (Rusty Comics). კომპანიამ ქართულ ბაზარზე, Marvel-ისა და Disney-ს ოფიციალური ლიცენზიით, კომიქსები შემოიტანა. მომდევნო ეტაპზე, გუნდი მანგას გამოცემასაც გეგმავს. „რასთი კომიქსის“ შექმნა ოთხი მეგობრის 10 წლის წინანდელი ოცნება იყო. სურდათ ბავშვობის საყვარელი ჰობი პროფესიულ საქმიანობად ექციათ. ვიდეოფროდაქშენის პარალელურად, გადაწყვიტეს შეექმნათ პლატფორმა, სადაც მსოფლიო დონის სუპერგმირები ქართულად ალაპარაკდებოდნენ. როგორ იქცა დიდი ხნის ოცნება ბიზნესად და რა გეგმები აქვს გუნდს, რომელმაც ქართველი მკითხველი „მარველის“ სამყაროს დააკავშირა? – დეტალებზე „რასთი კომიქსის“ თანადამფუძნებელი ბექა ჯანელიძე გვესაუბრა.

M: კომიქსების გამოცემის მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობთ. რატომ შეაჩერეთ არჩევანი კონკრეტულად კომიქსებზე და როგორ დაინახეთ ამ კულტურის განვითარება ქვეყანაში?

კომიქსების გამოცემის იდეა 10 წელზე მეტს ითვლის. სულ მინდოდა, ბავშვობის ჰობი საქმედაც მექცია, თუმცა ვგრძნობდი, რომ საამისოდ მზად ჯერ არ ვიყავი. გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როცა პარტნიორებთან საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ ბავშვობაში თითოეულ ჩვენგანს გამორჩეულად უყვარდა ესა თუ ის პერსონაჟი და კომიქსების სამყარო.

მივხვდით, რომ ბაზარზე არსებულ მოთხოვნასთან ერთად, აუცილებელი იყო ამ კულტურის სწორად ფორმირებაც. რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით გაგვეკეთებინა. სწორედ ამიტომ, გავხდით „მარველისა“ და „დისნეის“ ოფიციალური ლიცენზიატები, რის შემდეგაც დავიწყეთ მათი პროდუქტის თარგმნა და გამოცემა.

M: გარდა კოლექციონერობისა, რომელიც ამ სფეროს ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია, რა დამატებითი ღირებულება აქვს კომიქსებს და როგორ აფასებთ მის გავლენას ქართველ მკითხველზე?

კომიქსების შეგროვება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰობია, თუმცა გართობისა და კოლექციონერობის მიღმა, ამ ჟანრს უზარმაზარი გავლენის მოხდენა შეუძლია. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ქართულ ენაზე კითხულობენ კომიქსებს, გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ „სქროლვასა“ და გაჯეტებს. მეტიც, ბევრმა მათგანმა საკუთარი კომიქსების ხატვაც კი დაიწყო, რაც ფანტაზიისა და კრეატიული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. პრეზენტაციებზე ხშირად მოდიან ბავშვები, რომლებსაც უკვე დახატული აქვთ კონკრეტული ისტორიები და საჩუქრად გვაძლევენ, რაც ძალიან გვახარებს.

რაც შეეხება უფროს თაობას – ჩვენთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ ჩვენზე უფროსი ადამიანებიც აქტიური მკითხველები გახდნენ. ხშირად გვეკითხებიან: „როდის გამოდის შემდეგი ნაწილი?“, „მალე დაამატებთ ახლებს?“. როგორც ჩანს, უფროსებიც არანაკლებ გატაცებულები არიან ამ პროდუქტით და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე სერიოზული კოლექციონერიც გავიცანით.

M: ამ დროის განმავლობაში, როგორ შეიცვალა დინამიკა და ზოგადად, ქართველი მკითხველის დამოკიდებულება კომიქსების მიმართ?

რაც დავიწყეთ, მას შემდეგ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო მოვლენა, რაც ამ პერიოდს უკავშირდება, ინდი-კომიქსების მწარმოებლების გამოჩენაა. ეს ფაქტი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში კომიქსების მიმართ ინტერესი არა მხოლოდ მკითხველის, არამედ შემქმნელების დონეზეც იზრდება.

M: „რასთის“ შექმნის ისტორიასა და გუნდზე ვისაუბროთ. რა გამოცდილებით შეუერთდით ამ ინდუსტრიას?

„რასთი კომიქსი“ ოთხმა ადამიანმა – „რასთი ფიქჩერსის“ მმართველმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ. მანამდე ჩვენი ძირითადი საქმიანობა მხოლოდ კინოწარმოება იყო, შესაბამისად, გვქონდა გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაგვეწერა და გვემართა რთული პროექტები.

ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, საქართველოში ოფიციალურად ჩამოგვეყვანა ჯერ „მარველი“, შემდეგ „DC კომიქსი“ და ბოლოს – მანგა. გვინდოდა, ეს ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გაგვეკეთებინა, შემდეგ კი რეგიონშიც გავსულიყავით. გუნდის მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა: ჩვენი თარჯიმნები, რედაქტორები, დამკაბადონებლები თუ წარმოების ასისტენტები – ყველა კომიქსების დიდი მოყვარულია, რაც საქმის ხარისხზეც აისახება.

M: როგორი იყო მოლაპარაკების გამოცდილება საერთაშორისო გიგანტებთან, როგორიცაა Marvel?

თავიდან მართლაც რთული იყო იმის გააზრება, რომ ვიდეოზარით „მარველს“ პირადად ესაუბრები. მახსოვს, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვკითხე, კონკრეტულად რისი წამოღების უფლება გვქონდა, რაზეც ძალიან შთამბეჭდავი პასუხი მივიღე: „ჩვენ მარველი ვართ, რაც გინდა, ის წაიღე. გინდა კლასიკით დაიწყე, გინდა არსებულ სერიებს გაჰყევი, ან თუ გნებავს – სამომავლო გეგმებსა და სათაურებს შემოუერთდიო“. მათმა გახსნილობამ პროცესი ძალიან გაამარტივა.

M: როგორ გაიზარდა „რასთი კომიქსის“ საქმიანობა ამ დროის განმავლობაში?

ჯამში, „მარველის“ 1000-ზე მეტი გვერდი გვაქვს ნათარგმნი და გამოცემული. დღესდღეობით, გამოცემული გვაქვს „მარველის“ 7 კომიქსი. მოცულობები განსხვავებულია: მაგალითად, ყველაზე მცირე, 88-გვერდიანია „დედპული კლავს მარველის სამყაროს“, ხოლო „სპაიდერ-მენი: უკან საწყისებში“ 160 გვერდს მოიცავს.

ამის პარალელურად, შევქმენით ქართული პროდუქტიც – „რწყილი და ჭიანჭველა“. ეს არის გასაფერადებელი და ლაბირინთების კომიქსი, სადაც ბავშვებს ყოველ გვერდზე ახალი თავსატეხი ხვდებათ.

ალბათ, ყველაზე მთავარი შედეგი, რაც შემიძლია გამოვყო, არის ის, რომ ბავშვებსა და უფროსებში კომიქსის კითხვის კულტურა ეტაპობრივად იზრდება და ფეხს იკიდებს.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ურთიერთობას „მარველთან“. გარდა ამისა, გვინდა მალე დავასრულოთ მოლაპარაკების ფაზა „DC კომიქსთან“. პარალელურად, კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს მანგას გამომცემლებთანაც და რამდენიმე სათაურზე უკვე შეთანხმებულები ვართ.

ასევე, ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს ქართული ზღაპრების კომიქსების ჟანრში გამოცემასთან დაკავშირებით. მომავალი წლისთვის კი ვგეგმავთ ჩვენი პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნას. დანარჩენ სიახლეებს რაც შეეხება – თვალი გვადევნეთ, ბევრ საინტერესოს გპირდებით.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სად და როგორ იკვეთება მარკეტერებისა და ფინანსისტების ურთიერთობა

5 სტრატეგია ქრონიკულ ფიქრებთან გასამკლავებლად