6
Jun
2017

რუსუდან კბილაშვილი – #პირველისამსახური

6 Jun 2017

მე რომ სამსახურის ძიება დავიწყე მაშინ „ინგლისური და კომპიუტერი“ თუ არ იცოდი, წარმატების შანსი არ გქონდა. შესაბამისად, 21 წლის ასაკში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულისთვის სტაჟიორი თარჯიმნის ვაკანსია, ინგლისურენოვანი „ჯორჯიან თაიმსის“ (The Georgian Times) ყოველკვირეულ გამოცემაში, კარიერის დაწყების მიმზიდველი საშუალება იყო. მალევე გაზეთის მაშინდელმა რედაქტორმა შემომთავაზა, თუ გინდა სტატიის წერა სცადეო და პირველი სტატია ჩემი სახელითა და გვარით რომ გამოქვეყნდა გაზეთში ისე გამეხარდა, ბებიას რომ ზურიკელას „სიმწიფის ატესტატი“ მიაქვს გახარებულს და უკან ზურიკელა, ილიკო და ილარიონი მიყვება ამაყად, ასე აფრიალებული წავიკითხე ლერმონტოვის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, თან დაიკო მომყვებოდა თავაწეული. სტატიისთვის ჰონორარად 20 ლარიც რომ გადამიხადეს, ხომ სრულიად შემდგარ პროფესიონალად ვიგრძენი თავი.

 

რამდენიმე წელიწადში ჟურნალისტიკაში განვითარების, ვფიქრობ, ყველა საფეხური გავიარე და უკვე როგორც გაზეთების მთავარი რედაქტორი, თავად განვსაზღვრავდი „ჯორჯიან თაიმსისა“ და „ბიზნეს ვიქის“ (Business Week) შინაარსსა და პოლიტიკას და რადგან ინგლისურენოვანი გამოცემების სამიზნე აუდიტორია საქართველოში მცხოვრები თუ დროებით ტურისტად ჩამოსული უცხოელები იყვნენ, ფაქტობრივად,  მაშინაც ჩემი ქვეყნის PR-ს ვეწეოდი. ვცდილობდი, მათთვის მიმზიდველი ყოფილიყო საქართველო არა მხოლოდ თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და ისტორიით, არამედ ბიზნეს შესაძლებლობებით, საინვესტიციო გარემოთი და სტუმართმოყვარე საზოგადოებით.

Photo Credit: EGO

პირველი გამოწვევა პირველი სტატიისთვის რესპონდენტების შერჩევა და მათთან გასაუბრება იყო, რადგან ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე, მოულოდნელად უნდა გამეჩერებინა მოსეირნე ტურისტი უცხოელები და მეკითხა, რატომ გადაწყვიტეს საქართველოს სტუმრობა და რა იყო მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი. ამიტომაც, 32-ივე კბილით გაღიმებული მორიდებით ვაყოვნებდი გამვლელებს და სანამ სასურველ კითხვებს ვუსვამდი, შორიახლოს ჩემი მხარბეჭიანი დეიდაშვილი მყავდა “მცველად”. ერთ-ერთმა მათგანმა აღფრთოვანებულმა რომ მითხრა, „კულტურულ შოკში“ ვარო, მერე ყველა დანარჩენთან ამაყად გავაგრძელე კომუნიკაცია. ასე ვისწავლე საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთო ენის გამონახვა სხვადასხვა ენის, ცხოვრების სტილის, მრწამსის თუ შეხედულებების ადამიანებთან, უკვე “მცველების” გარეშე. ჰოდა, ზემოთ რომ ვახსენე, იმ მომენტში, ბებია რომ ამბობს – „ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო“, ექიმი ვერა, მაგრამ როგორც სახელმწიფო მმართველობის სკოლის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტსა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის – „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერს, მჯერა, რომ პირველი სამსახური მნიშვნელოვნად განაპირობებს განვითარების მომავალ შესაძლებლობებს.

რუსუდან კბილაშვილი – „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

განხილვა