ჩემი სტუდენტობა ავადსახსენებელ 90-იან წლებს დაემთხვა. პერიოდს, როდესაც დასაქმების თვალსაზრისით (და არამარტო) უამრავი გამოწვევა არსებობდა. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს ძალიან მხიბლავდა დასავლური მიდგომა, როდესაც შეძლებული ოჯახის შვილებიც კი, სწავლის პარალელურად, დაკავებული იყვნენ ისეთი „არაპრესტიჟული“ (როგორც ჩვენთან ადრე მიიჩნევდნენ) საქმიანობებით, როგორიცაა მიმტანი, ბარმენი, დამლაგებელი და საკუთარ „ჯიბის ფულს“ გამოიმუშავებდნენ. ზოგადად, ღრმად მჯეროდა, რომ პიროვნების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობა იყო და ძალიან მინდოდა ასეთი ადამიანი ვყოფილიყავი. ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ვცდილობდი ისე გამომემუშავებინა შემოსავალი, რომ ჩემ სწავლის პროცესი არ შეფერხებულიყო. სტუდენტობიდანვე დავიწყე რეპეტიტორობა, პატარა ბავშვებს ვამზადებდი სასკოლო საგნებში. თუმცა, პირველი ანაზღაურებადი სამსახურის ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მთავრობის კანცელარიაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, სადაც მხოლოდ დილის 7-დან 9-მდე ვმუშაობდი და ამაში, იმ დროისთვის საკმაოდ კარგი ხელფასი მქონდა. ამ პოზიციაზე ერთი წელი ვიმუშავე და როცა ვფიქრობდი, რა მომიტანა ამ სამსახურმა, ყველაზე მთავარი მენტალური გარღვევა იყო. მე დავანგრიე იმ დროისთვის არსებული სტერეოტიპები, რომ შრომა სირცხვილი არაა და ყველა საქმეს ცოდნა უნდა. ვისწავლე მთავარი, დავაფასო ნებისმიერი შრომა, რომელსაც ადამიანი პატიოსნად და გულმოდგინებით აკეთებს. მიუხედავად ამისა, ამ სამსახურს დიდხანს არ ვეძახდი ჩემ პირველ სამსახურს.
ჩემი პროფესიული საქმიანობა კი, ინტერვიუერის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. სტუდენტობიდანვე დავინტერესდი კვლევებით და იმ დროისთვის ახლადდაარსებულ კვლევით კომპანია “ჯიპოში” დავიწყე მუშაობა. აქ უკვე ძალიან საინტერესო თავგადასავალებით სავსე ცხოვრება დაიწყო – საკვლევი თემების მრავალფეროვნება, უაღრესად საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები, ინტერვიუერის ოსტატობის დაუფლება, საქმიანი მივლინებები რეგიონებში, რომელიც იმდროისთვის არცთუ ისე უსაფრთხო იყო, მაგრამ მაინც ძალიან მიზიდავდა.
ისე მოხდა, რომ პირველმა კარიერულმა ნაბიჯმა ჩემი მომავალი პროფესია საბოლოოდ განსაზღვრა და ინტერვიუერობას მალე პირველი პროფესიული სამსახურიც მოყვა. საოფისე საქმიანობა სულ სხვა გამოწვევებით სავსე აღოჩნდა. საოფისე ცხოვრება ნამდვილად არ გავდა საველე საქმიანობას. სულ სხვა უნარები აღმნოჩნდა საჭირო და მეც დილიდან დაღამებამდე ვეუფლებოდი ახალ ცოდნებს და უნარებს. აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ მქონდა სასწავლი, პირველ რიგში კი ტექნიკური უნარები, ახალი კომპიუტერული პროგრამების გაცნობა, კლიენტებთან ურთიერთობა. კონკრეტული სამუშაოს აღწერილობა არც არსებობდა, პროექტის ყველა პროცესში ჩართული ვიყავი და მის წარმატებით განხორციელებაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ცხადია ამ პროცესს უშეცდომოდ არ ჩაუვლია, თუნდაც სხვის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარვეზი ყოფილიყო, ეს პირველ რიგში, ჩემ შეცდომად მიმაჩნდა. მუშაობის პროცესში ბევრი რამ ვისწავლე, როგორ გაიგო კლიენტის მოთხოვნები, როგორ იპოვო გამოსავალი რთულ სიტუაციაში, როგორ გაიზიარო პასუხისმგებლლობა შეცდომებზე და როგორ გადალახო დაბრკოლება მინიმალური დანაკარგით, როგორ გაამხნევო გუნდი და დაანახო დიდი სურათი, თუ რას ემსახურება ესა თუ ის პროექტი. მერე აღმოვაჩინე, რომ დიდი სურათის დანახვა ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორია და ვცდილობ ეს არასდროს დამავიწყდეს.
ყველა დაბრკოლება, რომელიც პირველმა სამსახურებმა მომიტანეს, ყველაზე კარგი მასწავლებელი აღმოჩნდა. იმდენად კარგი, რომ 2002 წელს, მეგობრებმა საკუთარი კომპანია „ეისითი“ დავაარსეთ, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი გლობალური კვლევითი და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიაა და საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები აქვს ყაზახეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო საქმიანობას მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.
რუსუდან თელია, ეისითის აღმასრულებელი დირექტორი, თანადამფუძნებელი