ზოგჯერ შემოქმედებითი თავგადასავალი სრულიად მოულოდნელად საკუთარ ფესვებთან მიგიყვანს და ჩვეულებრივ პროფესიულ დავალებას ღრმა, პირად ამბად აქცევს. ყველაფერი დამკვეთის მიერ შეთავაზებული სახელის გააზრებით დაიწყო. ჭიდაობის ბანაკ „რვალისთვის“ ბრენდინგის შექმნა სურდათ. სახელდება, ერთი მხრივ, სულხან-საბასთან მტკიცე ლითონის შენადნობს ნიშნავს, მეორე მხრივ კი, „ვეფხისტყაოსანში“ გაუტეხელი სულის მეტაფორაა, გრაფიკოსი დიზაინერი ტატა მეგრელიშვილი ბუნებრივად მიიყვანა ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლის სცენამდე. მთავარ ვიზუალურ ინსპირაციად ელგუჯა ამაშუკელის ცნობილი ქანდაკება იქცა, თუმცა ძიების პროცესში პროექტს სრულიად ახალი, ემოციური ნაწილი დაემატა. ამბავი კიდევ უფრო საინტერესო მაშინ გახდა, როცა იდეას ოჯახური მეხსიერება გადაეჯაჭვა. ამაშუკელის ამ მონუმენტს, თავის დროზე, ტატა მეგრელიშვილის ბაბუამ, არქიტექტორმა და გამომგონებელმა სერგო მეგრელიშვილმა თავისივე შექმნილი „იზოგიფსების მეთოდით“ შესძინა მასშტაბი. ასე დაუკავშირდა სპორტული ლოგოს შექმნის პროცესი შემოქმედის საკუთარი ფესვებისა და დიდი ოსტატებისადმი მიძღვნილ პატივისგებად. როგორ იქცა საუკუნეების წინანდელი მეტაფორა საერთაშორისო საჭიდაო ბანაკის ვიზუალურ ენად და რა ემოციური გზა გაიარა დიზაინერმა ამ პროექტზე მუშაობისას, ტატა მეგრელიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

M: როგორ იქცა „რვალის“ მნიშვნელობა – როგორც გაუტეხელი სულის მეტაფორა ბრენდის მთავარ იდეად?
კომპანიის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ თხოვნით, შემექმნა ბრენდინგი ჭიდაობის კემპ „რვალისთვის“. მათ განმიმარტეს, რომ სახელის ინსპირაცია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან არის აღებული, სადაც „რვალი“ ლითონების შენადნობად ითარგმნება. ასევე, „ვეფხისტყაოსანში“ ეს სიტყვა მტკიცე სულის გამოსახატად გამოიყენება – „…ვარ უმაგრესი რვალისა“.
სახელმა და მისმა წარმომავლობამ ბუნებრივად მიმიყვანა კონცეფციამდე – ვეფხისა და მოყმის სცენამდე. თუმცა, როდესაც ამაზე ვფიქრობდი, თვალწინ ელგუჯა ამაშუკელის არაჩვეულებრივი ქანდაკება წარმომიდგა და ყველაფერი იდეალურად დალაგდა.

M: „ვეფხისტყაოსნის“ რაინდისა და ვეფხვის დაპირისპირება ერთდროულად ლიტერატურული სიმბოლოცაა და ჭიდაობის პირდაპირი ვიზუალური მეტაფორაც – როგორ გადააქციეთ ეს სიმბოლიკა თანამედროვე ბრენდულ ენად?
ვინაიდან საქმე ჭიდაობის კემპს ეხება და ბრენდთან შემხებლობაში ძირითადად სპორტით დაინტერესებული პირები იქნებიან, ლოგოდ „ვეფხი და მოყმის“ გამოყენება ძლიერ ფსიქოემოციურ და მამოტივირებელ ეფექტს შექმნიდა. ამასთანავე, გაჩნდა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, სიმბოლოში ქართული კულტურული „დნმ“ ჩამედო – მით უმეტეს, რომ პროექტის მთავარი აუდიტორია უცხოელი სპორტსმენები იქნებიან.

M: როგორია „რვალის“ ვიზუალური იდენტობის სიმბოლური დატვირთვა?
იმისათვის, რომ ბრენდი ბაზარზე მდგრადი იყოს, აუცილებელია ძლიერი „სილუეტი“, ხოლო თუ მის უკან საინტერესო ისტორიაა, ეს დამატებითი ბონუსია. „ვეფხისტყაოსნის“ ეს სცენა იდეალურად ერგება კემპის ფილოსოფიასა და იდეოლოგიას. სიმბოლო გამოხატავს შეუპოვრობას, მდგრადობას, დისციპლინასა და მიზანმიმართულებას.

M: როგორ შეძელით ქართული კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია ისე, რომ ბრენდი ზედმეტად ისტორიული ან ფოლკლორული არ გამხდარიყო?
ლოგოების ეს კატეგორია ილუსტრაციულია – სტილი, რომელიც წარსულშიც מאוד პოპულარული იყო და დღესაც წარმატებით გამოიყენება ისეთი წამყვანი ბრენდების მიერ, როგორიცაა Burberry, Lacoste, Ferrari და სხვები. ვეფხისა და მოყმის სცენას სწორედ ილუსტრაციული გამოხატვა აძლიერებს და დასამახსოვრებელს ხდის; მისი ზედმეტად გამარტივება ამ კონკრეტული ლოგოს ეფექტურობას შეამცირებდა.

M: ლოგოს ინსპირაციის წყარო თქვენს ბაბუას უკავშირდება – როგორ შეცვალა პირადმა კავშირმა თქვენი, როგორც დიზაინერის, დამოკიდებულება პროექტის მიმართ?
ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებით პერსონალურიც აღმოჩნდა. ბევრმა არ იცის, რომ ბაბუაჩემი, სერგო მეგრელიშვილი, საბჭოთა კავშირის პერიოდის ცნობილი არქიტექტორი და გამომგონებელი იყო, რომელსაც საქართველოში დღეს არსებული თითქმის ყველა ძირითადი და ცნობადი ქანდაკება აქვს გადიდებული. ის ხშირად თანამშრომლობდა ელგუჯა ამაშუკელთან და მერაბ ბერძენიშვილთან.

მან გამოიგონა ქანდაკების გადიდების ორიგინალური მეთოდი, რომელსაც „იზოგიფსებით გადიდებას“ უწოდებდა, რაღაცით ტოპოგრაფიულ მეთოდს – მთების შრეებად დანაწევრებას წააგავს. სწორედ ამ მეთოდით გაადიდა მან ელგუჯა ამაშუკელის „ქართვლის დედა“, „ვახტანგ გორგასალი“, „ვეფხი და მოყმე“, ფილარმონიასთან არსებული „მუზა“, მარნეულის „კიდევაც დაიზრდებიან“, ზუგდიდის „ჯარისკაცის მამა“ და სხვა მნიშვნელოვანი ნამუშევრები. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო თბილისის სპორტის სასახლის დაპროექტებაშიც.

შესაბამისად, როგორც ვახსენე, „ვეფხი და მოყმის“ ის ცნობილი ქანდაკებაც სწორედ ბაბუაჩემის გადიდებულია. მინდოდა, პატივი მიმეგო როგორც ამაშუკელისთვის, ისე ბაბუაჩემისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იყო, შევხებოდი ელგუჯა ამაშუკელის ინტერპრეტაციას და მასზე დაყრდნობით ისეთი ახალი ვერსია შემექმნა, რომელიც ბრენდისთვის წარმატებულ ლოგოდ იქცეოდა.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი













