in

სააგენტო Addmusic – სჯობს, სიმღერამ ხალხი გააღიმოს, აამღეროს და ბრენდი შეაყვაროს…

“გავუკეთეთ სარეკლამო ვიდეო რედ ბულს, ნატახტარს, მიკროსაფინანსო კრისტალს და აი, ეს საქმიანობაც ასე დაიწყო”

Addmusic – ასე ჰქვია ქართულ მუსიკალურ სარეკლამო სააგენტოს, რომელიც სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით, საავტორო მუსიკა ქმნის. სააგენტოს წევრები წერენ კორპორატიულ ჰიმნებს, სარეკლამო სიმღერებს, სიმღერის ტექსტებს, ახდენენ ცნობილი ჰიტების ადაპტაციებს და ქმნიან აუდიო ლოგოებს ე.წ. Jingle-ებს. 

“ჩვენს ძლიერ მხარეს მულტიჟანრულობა წარმოადგენს – ჩვენს პორტფოლიოში მოისმენთ ჯაზს, როკს, პოპს, ტექნოს, საორკესტრო ნაწარმოებებს და რაც მთავარია, ძალიან ბევრ ქართულ მუსიკას ქართული ტექსტებით, მათ შორის ფოლკლორულ და ქალაქურ ჟანრშიც. თანაც, ჩვენ მიერ შექმნილ ნაწარმოებებს დაუგროვდა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ხუთი მედალი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალებზე ხმისა და მუსიკის კატეგორიაში…  ასე რომ, თუ გჭირდებათ რაიმე მუსიკასთან თუნდაც შორეულად დაკავშირებით, მზად ვართ, გემსახუროთ!” – აღნიშნავს გიორგი სიბაშვილი, AddMusic-ის კომერციული დირექტორი. 

გიორგი სიბაშვილი – კომერციული დირექტორი

M: როგორ და რატომ დაიწყეთ ეს საქმიანობა?

სულ რაღაც 7-8 წლის წინ, იყო ასეთი ქართული მუსიკალური ჯგუფი  “ყველა”, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა და პრინციპში, არც ახლა უჩივის დაბალ ცნობადობას. “ყველა” არ იყო სტანდარტული მუსიკალური ჯგუფი – ის ქმნიდა იმდროინდელი პოპულარული მიმდინარეობების მეგობრულ შარჟს, თითქმის პაროდიას, შესაბამისად, ჯგუფის წევრები უფრო ე.წ. “კრეატივშიკები” ვიყავით, ვიდრე მუსიკოსები – ჩვენ თვითონვე ვაგენერირებდით იდეებს, ვაყალიბებდით კონცეფციებს, ვგეგმავდით ჩაწერებს, ვიდეოგადაღებებს და ა. შ… საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ვრთავდით შესაბამისი დარგის პროფესიონალებს. ამ ყველაფერში გვეხმარებოდა ის, რომ გარდა მუსიკალური ბექგრაუნდისა, ჯგუფის წევრებს გვქონდა გარკვეული კორპორატიული წარსული, ძირითადად მარკეტინგის დეპარტამენტებსა და სარეკლამო სააგენტოებში. ჯგუფი “ყველა” დებდა პროდუქტს, რომლის თითოეული კომპონენტი მიზნობრივ სეგმენტზე იყო გათვლილი (შესრულების მანერა, მელოდია, ჟანრი, ტექსტი, ვიდეო) და ამ სეგმენტში პოპულარობის მოხვეჭას ემსახურებოდა. ჯგუფი “ყველას” საქმისადმი მიდგომა ბიზნესს შეუმჩნეველი არ დარჩენია. აქედან გამომდინარე, პირველმა კორპორატიულმა შეკვეთებმაც არ დაახანა. გავუკეთეთ სარეკლამო ვიდეო რედ ბულს, ნატახტარს, მიკროსაფინანსო კრისტალს და აი, ეს საქმიანობაც ასე დაიწყო. 

M: საინტერესოა, შეკვეთების დროს რამდენად გრძნობთ შემოქმედებით თავისუფლებას – როგორ ხდება დაკვეთისა და თქვენი იდეების სინთეზი?

ეს სინთეზი შეკვეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მუსიკა ცარიელი ემოციური პროდუქტია, შესაბამისად, მისი ავკარგიანობა სრულად სუბიექტურ აღქმაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული. აზრთა სხვადასხვაობის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე კარგი საშუალებაა ე.წ. რეფერენსზე (ნიმუშზე) შეთანხმება. როგორი ჟანრის მუსიკა გსურთ? – ვეკითხებოდით ხოლმე ადრე კლიენტს. მაგრამ, მუსიკის ჟანრებად დაყოფაც კი საკმაოდ სუბიექტური და ზედმეტად ზედაპირული მიდგომაა, ასე რომ, ამ შეკითხვას არსად არ მივყავდით. ახლა უბრალოდ ვეუბნებით, რომ გამოგვიგზავნოს ნებისმიერი უცხოური ან ქართული ნაწარმოები, რომლის ანალოგსაც ისურვებდა. არ გეგონოთ, რომ ამ რეფერენსს ვაკოპირებთ, უბრალოდ ამ გზით ადვილად ვხვდებით, როგორი მუსიკა უნდა დავუმზადოთ კლიენტს – როგორი იყოს ტემპი, ხასიათი, რა ინსტრუმენტებმა შეასრულოს, როგორი მანერით იმღეროს ვოკალისტმა და ა. შ. საუკეთესო ვარიანტია, თუ კლიენტი მის მარკეტინგულ ამოცანას გაგვიზიარებს და რეფერენსის შერჩევასაც ჩვენ მოგვანდობს – ხშირად ასეც ხდება.

ამ ყველაფრის პარალელურად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სიბაშვილის თქმით, დამკვეთს ხშირად აქვს ერთი ცდუნება –  ტექსტში რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია ჩატიოს, რაც მუსიკალურ ნაწარმოებს კომიკურად აქცევს და მისი განმეორებით მოსმენის სურვილს კლავს… 

“სიმღერის ტექსტს თავისი დაუწერელი მიკრო-წესები აქვს, მაგალითად, მისამღერში არ უნდა იყოს არცერთი სიტყვა, რომელიც მომდევნო მისამღერში მინიმუმ ერთხელ მაინც არ განმეორდება. სიმღერის ტექსტისთვის მის ფრაზირებას, მუსიკალობას და ენის ბუნებრივი ინტონაციების შენარჩუნებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წინადადებების სინტაქსს. სწორედ ასეთი დეტალები ჯამურად განაპირობებენ სიმღერის მოსმენადობას”

M: რამდენად დადებითი გამოხმაურება გაქვთ როგორც დამკვეთების, ისე საზოგადოების მხრიდან? მაგალითად, NIRVANA-ს ქართული გალობის სტილში შესრულებულ ვერსიას თუ მოჰყვა კრიტიკა?

ნირვანას სიმღერის ადაპტაციამ დიდძალი ოქრო-ვერცხლი დაიმსახურა საერთაშორისო ფესტივალებზე და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში დაგვინახა და ჩაგვრთო. ის იმდენად საყვარელი გამოვიდა, რომ საერთოდ არავის გაუკრიტიკებია, არც მმკ-ს და არც კობეინის თავგადაკლულ ფანებს. საქართველოს ბანკისთვის ავიღეთ ძველი ქართული სიმღერა
“ჩავაქრე სანთელი” და გავაკეთეთ მისგან ჰიპსტერული ვალსი, რომელიც მართლა ყველას ძალიან მოეწონა. ასევე, გასაკვირად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სიმღერას “თუ გინდა სესხი” ზიპ-კრედიტისთვის. ერთი უბანალურესი დასკვნა – რაც არ უნდა ვცდილობდეთ ქართველები ამ ფაქტის დამალვასა თუ უარყოფას, ქართველი ხალხი ვგიჟდებით ქართულ მუსიკალურ მოტივებზე.

ზურა ჯავახია – არტ დირექტორი

M: ამ დადებითი გამოხმაურების ფონზე უნდა გკითხოთ – რა გხდით განსაკუთრებულს? რას სძენს თქვენი შემოქმედებითი ნიჭი რეკლამებს?

ცხოვრებამ აქეთ-იქით გვატარა და ბოლოს იქამდე მიგვიყვანა, რომ ერთის მხრივ, სარეკლამო და მარკეტინგის დარგში მუშაობის სტაჟი გვაქვს, მეორეს მხრივ კი, მუსიკა დაგვიწერია და დაგვიკრავს. ამ საქმეში სწორედ ეს ცხოვრებისეული გამოცდილება გვეხმარება – ჩვენი მთავარი ფუნქცია ხომ ამ ორი სამყაროს ერთმანეთთან დაკავშირებაა. ჩვენი მიზანია, სწორად გავარკვიოთ კლიენტს რა უნდა და შემდეგ, ჩამოვაყალიბოთ მუსიკოსებთან ერთად, თუ როგორ გამოვუხატოთ ეს მუსიკაში. დანარჩენი უკვე ტექნიკის და შემსრულებლების სწორად შერჩევის ამბავია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ AddMusic-ს ეკუთვნის “ჩემი ცოლის დაქალების” უკვდავი მელოდია, რომელსაც  სერიალის სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით გვთავაზობენ. ასევე, სააგენტოს წევრებს უმუშავიათ მხატვრულ ფილმზე და რამდენიმე სატელევიზიო პროგრამაზე. თანამშრომლობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან – შექმნეს მუსიკალური ნაწარმოები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალისთვის, დაწერეს ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჰიმნი.

თორნიკე ჯაფიაშვილი – მუსიკალური პროდიუსერი

“რადგანაც ჯარისკაცის მხრიდან გენერლობაზე ფიქრში არაფერი ცუდი არ არის, ძალიან გვსურს, ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოს ჰიმნი შეგვიკვეთონ!”

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა? თუ ფიქრობთ უცხოეთის ბაზარზე გასვლაზეც და რა გჭირდებათ ამისთვის?

გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი. მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები არასდროს ყოფილან ჩვენს ქვეყანაში ფინანსურად განებივრებულნი, არადა ჩვენი ქვეყანა რომ სავსეა უნიჭიერესი ხალხით, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ გვინდა ყველას, ვინც წერს მუსიკას, ფლობს ინსტრუმენტს ან უბრალოდ აქვს საინტერესო მუსიკალური იდეები, სარეკლამო ინდუსტრიაში ჩართვის საშუალება მივცეთ. როგორც კი პანდემია გადაივლის, სფერო გამოცოცხლდება და შეკვეთებიც მოგვემატება, უამრავი ასეთი ხალხი დაგვჭირდება და გვინდა შევქმნათ მუსიკოსთა ბაზა, სადაც ისინი დაფიქსირდებიან მათი უნარების მითითებით და შემდეგ, კონკრეტული პროექტის მიხედვით, შევარჩევთ და მოვიწვევთ სათანამშრომლოდ მუსიკოსს. ამ გზით, ჩვენს წარმადობასაც გავზრდით, სერვისს გავამრავალფეროვნებთ და მუსიკოსებსაც ვახეირებთ.

რაც შეეხება ექსპორტს, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ქართული მუსიკის, ტექსტის და უცხოური ნაწარმოებების ქართული ბაზრისთვის ადაპტაციის შექმნის უნარია, შესაბამისად, მოსაძებნი გვაქვს სხვა უპირატესობა, რაც საერთაშორისო ბაზარზე, უდიდესი კონკურენციის პირობებში, თუნდაც თავის შეყოფის საშუალებას მოგვცემს და იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ამაზე ფიქრის და მუშაობის საშუალება. სიამოვნებით მივიღებთ რჩევებს.

ავტორი ქეთია ბელქანია

„აჭარაბეთმა“ ირმა ხეცურიანს 20 000 ლარი გადასცა

CityPay.io საერთაშორისო ბაზარზე გადის და გუნდისთვის ახალ წევრებს ეძებს!