in

ყოველდღე 1 ილუსტრაცია! სალი ნიკოლაიშვილს, პროექტის დასრულებამდე, 251 ნამუშევარი აშორებს

„ას თოთხმეტი დღის წინ, გადავწყვიტე, რომ ილუსტრირებული ჩანახატების საშუალებით, ყოველდღიურად დამეფიქსირებინა კადრები ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან. შეიძლება, ეს ერთგვარი გამოწვევაც არის, საკუთარი თავი სისტემატურ დისციპლინაში ამყოფო, თუმცა მაინც მგონია, რომ რა პროცესსაც გავდივარ, ერთწლიანი პირადი დღიურის სახეს იძენს“, – სალი ნიკოლაიშვილი. 

სალი ნიკოლაიშვილი, პროფესიით, არქიტექტორია. 3 წლის განმავლობაში, სააგენტო HOLMES&WATSON-ში არტ დირექტორად მუშაობდა, ამჟამად კი, ფრილანსერია.

რაც შეეხება ერთწლიან გამოწვევას, შემოქმედებით სფეროში მყოფი ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი მოვლენების ყოველდღიურ რეჟიმში კრეატიულად დაფიქსირება, უცხო ხილი არ არის. ამ კუთხით, არც სალი ნიკოლაიშვილი ჩამორჩა მსოფლიო ტრენდს და ორას ორმოცდათერთმეტ დღეში, მისი პროექტის დასრულებული სახით ნახვას შევძლებთ.

გამოწვევის დაწყების მიზეზებზე, მიზნებსა და მოლოდინებზე სალი ნიკოლაიშვილთან ვსაუბრობთ:

M: სალი, რა გახდა ერთწლიანი გამოწვევის დაწყების მოტივი?
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მუშაობა ერთმანეთისგან განსხვავებულ პროექტებზე მიწევდა, სააგენტო იქნებოდა ეს თუ დამოუკიდებელი პროექტი. ძნელია, ყველა პროექტში საკუთარი სათქმელი გამოხატო, მით უმეტეს, რომ პროცესი კოლექტიური აზრის მატარებელია. იყო მომენტები, როდესაც საკუთარი თავისთვის დრო არც მრჩებოდა.

მიზანი კი, საკუთარი თავის ყოველდღიურად დისციპლინირება იყო – დამეფიქსირებინა კადრები პირადი დღიურის მსგავს ფორმატში, თუმცა სოციალურ მედიაში გაზიარებამ ამ ყველაფერს პროექტის სახე შესძინა, უცხო ადამიანებისგან გამოხმაურებამ კი, დამატებითი პასუხისმგებლობა.

M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ყოველდღიურად, ახალი ნამუშევრის შექმნა?
დღიურად კადრის დაფიქსირების გარდა, ვცდილობ, რომ ყოველი მეორე ილუსტრაცია გავაუმჯობესო თავისი შინაარსით და რა თქმა უნდა, ტექნიკურადაც. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ პროცესში, რასაც შეიძლება, სირთულეც დავარქვათ.

M: რის მიხედვით იქმნება ილუსტრაციები, რაიმე კონკრეტული თემატიკა გაქვთ პროექტისთვის შერჩეული?
თვის მიწურულს ვცდილობ, რომ მომდევნო ოცდაათი დღე წინამორბედისგან განსხვავებული თემატიკისა და ასევე, ერთმანეთისთვის საერთო აზრის მატარებელი იყოს. პარალელურად, მუშაობა დავიწყე წიგნზე, რომელშიც ბარათების სახით იქნება დეტალურად მოყოლილი ყოველი დღის ამბავი. ილუსტრაციების ბეჭდურ მედიაში გადატანით, საშუალება გექნებათ, ერთწლიან პერიოდში მომხდარი მოვლენები ერთ ისტორიად გადაიკითხოთ.

M: რა გამოცდილებაა ამ პროექტზე მუშაობა?
ერთი დიდი სიამოვნებაა პერსონალური პროექტის მართვა, როდესაც აცნობიერებ, რომ საბოლოო წერტილი არა მისი დასასრული, არამედ მასში მოგზაურობაა. სადაც მოვლენების თავებად დაყოფა და მასში წვრილმანი ამბების აღწერა შეგიძლია. შესაძლებლობა იმის, რომ გამოცდილი სპიკერივით პუბლიკას საშუალება მივცე, ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ მსგავსი გამოცდილება კარიერულ წინსვლაში? რა განვითარება შეიძლება, პროექტს ჰქონდეს?
როდესაც ინიციატივით გამოდიხარ და მიზანს ისახავ, რომელიც ბოლომდე მიგყავს, აუცილებლად გეხმარება კარიერულ წინსვლაში. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში საქმიანობ. თუ ვინმესთვის ეს პროექტი მამოტივირებელი იქნება და საკუთარი ინიციატივით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პერსონალურ პროექტებს შექმნიან, ძალიან მოხარული ვიქნები.

როგორ შეძლებენ რობოტები გამჭვირვალე ნივთების გადაადგილებას – ახალი მეთოდი

როგორ გარდავქმნათ გამოწვევა წარმატებად? – „გრანდ ელექტრონიქსის“ ისტორია