in

ქართულ-უკრაინული ვარსკვლავთცვენა Saatchi & Saatchi-ში — ინტერვიუ სააგენტოს რეგიონული პროექტების ხელმძღვანელთან

როგორია, იყო ერთდროულად ქართველი და უკრაინელი, გამოიარო ორი ომი, იპოვო საკუთარი თავი ორ სხვადასხვა პროფესიაში და არაერთ სხვადასხვა კონტინენტზე? ეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი კითხვა ყველაზე კარგად Saatchi & Saatchi კავკასიის რეგიონის პროექტების მენეჯერს — ლიანა შენგელიას ესმის.

დაიბადა კიევში. ბავშვობა გაატარა ზუგდიდში. ომის შემდეგ ოჯახთან ერთად დაბრუნდა უკრაინაში. ისწავლა ყველაფერი, ბიზნესიდან მუსიკამდე, არ შეუშინდა არცერთ გამოწვევას და მიაღწია ყველაფერს, რაც კი მიზნად ჰქონია დასახული. თუმცა, როგორც წესია, მარტივად არაფერი შექმნილა.

მანამ, სანამ Saatchi & Saatchi-ის გუნდს შეუერთდებოდა, ლიანამ არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, თუმცა არასდროს დაკმაყოფილებულა მიღწეულით. როგორც ჩვენთან საუბრისას გაგვიმხილა, მისი მთავარი მოტივაცია მუდმივი წინსვლა და განვითარების სურვილია, რასაც განვლილი ცხოვრება და კარიერული გადაწყვეტილებებიც მოწმობს. გარდა პროფესიული გამოწვევებისა, იგი გულახდილად გვესაუბრა საქართველოში გატარებულ ბავშვობაზე და იმ მთავარ სირთულეებზეც, რაც უკანასკნელ წლებს ახლდა თან.

M: უპირველეს ყოვლისა, მძიმე საკითხია, მაგრამ შეუძლებელია გვერდი ავუაროთ — როგორც უკრაინელი, როგორ ახერხებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებულ რუსულ ომთან გამკლავებას და რამდენად აისახება მიმდინარე მოვლენები შენს პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაზე?

ჩემი ოჯახი დღემდე უკრაინაშია. შესაბამისად, იმ შიშსა და ტკივილს, რომელიც შენთვის ძვირფასი ადგილების ნგრევის კადრების ნახვას მოჰყვება, მუდმივად ემატება მათ უსაფრთხოებაზე ნერვიულობაც. არ ვილაპარაკებ ამაზე ზედმეტად ბევრს — რუსული აგრესიის გამოცდილება მაქვს როგორც ქართველს, ისე უკრაინელსაც… ამიტომ ვიცი, რომ ვერაფერს გეტყვით ისეთს, რაც თქვენც არ გამოგივლიათ. თუმცა ძალიან ამაყი ვარ იმ სიმტკიცით, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იჩენს. დანებებაზე უარის თქმა ჩემი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა და მიხარია, რომ ჩემი ქვეყანაც იმავე ტრაექტორიას მიჰყვება. ჯიუტი ფაქტია, რომ როცა დანებებას არც განიხილავ, დაუჯერებელი სიმაღლეების მიღწევა შეგიძლია. მე მჯერა, ყველაზე წარმოუდგენელსაც შევძლებთ და საბოლოოდ უკრაინა და მასთან ერთად სიკეთეც, აუცილებლად გაიმარჯვებს! იქამდე კი, თუ შესაძლებლობა მექნება საკუთარი საქმით უკრაინას დავეხმარო, აუცილებლად გამოვიყენებ.

M: საქმისა და პირადი ცხოვრების გადაჯაჭვის პირველი მომენტად რა მიგაჩნია? თვლი, რომ იმას აკეთებ, რაც ნამდვილად გიყვარს?

ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარდა. თუმცა გახსენება რომ დამჭირდეს, ალბათ, ყველაფერს იქიდან დავიწყებდი, საიდანაც მართლაც დაიწყო — ზუგდიდიდან. ოღონდ ომამდელი ზუგდიდიდან და იქ გატარებული უდარდელი ბავშვობიდან, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ იყო უდარდელი, თუმცა, როგორც წარსულის ნოსტალგიას სჩვევია, ახლა უდარდელად მეჩვენება. ჯერ კიდევ პატარაობაში შემიყვარდა მუსიკა. საქართველოსთვის ძალიან ნაცნობი ფენომენია — ბავშვობიდან მატარებდნენ ფორტეპიანოზე. და გამიმართლა, მუსიკა რეალურად აღმოჩნდა ისეთი საქმე, რომელიც დღემდე მიყვარს. სწორედ ამიტომაა, რომ დირიჟორობა შევისწავლე და მაგისტრის დიპლომიც ავიღე.

ხშირად უკვირთ ხოლმე ჩემი ორი პროფესიის თანაარსებობა, თუმცა ხალხთან ურთიერთობა, პროექტების მართვა და დირიჟორობა სულაც არ განსხვავდება ისე ერთმანეთისგან, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. პირიქით, ძალიან ბევრი საერთოც აქვთ. თუ თითოეულ მუსიკოსს სწორად წარუძღვები, მთლიანობაში არაჩვეულებრივ მუსიკალურ ჰარმონიას მიიღებ — ასეა მენეჯმენტშიც. გუნდი მაშინ მუშაობს ეფექტურად, როცა მისი თითოეული წევრი აკეთებს საკუთარ საქმეს და აკეთებს მას კარგად. ასე რომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა და, საბედნიეროდ, რაღაც ფორმით ეს პროფესიები ყოველთვის ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

M: სად მოხდა მთავარი ცვლილება, როდესაც გადაწყვიტე, რომ ბიზნესის შესწავლა გინდოდა და როგორ დაიწყო შენი კარიერა?

ბიზნესი ყოველთვის მაინტერესებდა, შესაბამისად, წინ არც მის შესწავლას ედგა ბევრი რამ. სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, მუშაობა BBDO Worldwide-ში დავიწყე. შეიძლება ითქვას, ფეხიც სწორედ იქ ავიდგი. BBDO-ში მუშაობის შვიდი წლის განმავლობაში შეუცვლელი გამოცდილება მივიღე. ვიმუშავე ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა PepsiCo, Bacardi, Lego, Mars და ა. შ. ამ თანამშრომლობების შედეგად მე და ჩემმა გუნდმა არაერთი საერთაშორისო ჯილდოც ავიღეთ, რაც დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა და ყველას მოგვანდომა, კიდევ უფრო მეტისთვის მიგვეღწია.

M: როგორ აისახა კოვიდ პანდემია და კარანტინი ამ პროცესზე? შეძენილი მოტივაცია გააძლიერა თუ პირიქით, შეასუსტა?

პანდემიამ მთლიანად მუშაობის ფორმა შეგვიცვალა და არა — დროებით. გარკვეული ცვლილებები დღემდე მოგვყვება, რადგან მუშაობის ახალ ფორმატში ბევრი დადებითი მხარეც აღმოვაჩინეთ. კარანტინის პერიოდში დამოუკიდებელ ფრილანსერადაც ვმუშაობდი და სხვადასხვა ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ახლა ეს სავსებით ნორმალური მოცემულობაა, თუმცა დასაწყისში საკმაოდ გვეუცნაურა და გვერთულა კიდეც. ონლაინ სივრცეში მთელი გუნდის მობილიზება, გაერთიანება და ურთიერთშეწყობა არც ისე მარტივი იყო. მაგრამ როგორც კი ერთხელ ავუღეთ ალღო და ახალ ყოველდღიურობას მივეჩვიეთ, ახალი შესაძლებლობებიც დავინახეთ იმაში, რაც აქამდე პრობლემად მიგვაჩნდა. კარანტინმა თუ რამე მასწავლა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ისაა, რომ სწორი ხელმძღვანელობით კარგ გუნდს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდანაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა.

M: როგორ გეხმარება ეს გამოცდილება ახლა Saatchi & Saatchi-ს კავკასიის რეგიონის პროექტების მართვაში და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

მგონია რომ ეს გამოცდილება ფუნდამენტურია იმ საქმეში, რასაც ახლა ვაკეთებ – Saatchi-ს არაჩვეულებრივი გუნდები ჰყავს კავკასიის რეგიონში. არა ერთი ახალი, მოტივაციითა და პოტენციალით სავსე პროფესიონალიც შემოგვემატა და ყველანი მზად ვართ ძველი და ახალი ძალებით ერთიანად შევეჭიდოთ ნებისმიერ გამოწვევას. ასეთ ადამიანებთან ერთად მუშაობა ერთდროულად დიდი პატივიცაა, სიამოვნებაც და პასუხისმგებლობაც. რომ არა კარანტინის პერიოდის გამოცდილება, ალბათ ასე მარტივად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მათთან ეფექტურად თანამშრომლობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შევძლებდი. ადამიანის ბუნების მთელი მშვენიერებაც ხომ ესაა – რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვახერხებთ ადაპტირებას, სირთულეების გამოცდილებად ქცევას და რაიმე დადებითის აღმოჩენას.

ჩემთვის სწორედ ეს თვითრწმენაა მთავარი, რაც უკანასკნელი რამდენიმე წლისგან ვისწავლე და ეჭვიც არ მეპარება, რომ Saatchi-ის გუნდთან ერთად შევძლებ, თითოეული ჩვენგანის გამოცდილებას საუკეთესო მიმართულება ვუპოვო. აზერბაიჯანელ და ქართველ გუნდებთან ერთად უკვე განვახორციელეთ PepsiCo-სთვის სანდორას არაჩვეულებრივი კამპანია, რომლისთვისაც ბევრი ღამეც გავათენეთ და არც თავები დაგვიზოგავს, თუმცა საბოლოო შედეგმა დაღლის თითოეული წამი გაამართლა.

ახლა მთელი რეგიონული გუნდი ზუსტად იმავე ენთუზიაზმით ვმუშაობთ ბრენდ Narmobile-ს კამპანიაზეც. მოკლედ, შემართების ნაკლებობას არასდროს განვიცდით! ტრიათლონი ჩემი მთავარი ჰობია, რომელსაც ზუსტად ისევე ვუყურებ, როგორც მთლიანად ცხოვრებას — საკუთარი მაქსიმუმის აღმოსაჩენად, მთავარია, დანებებას შესაძლებლობადაც არ განიხილავდე. შემდეგ კი ყოველთვის მოახერხებ გამოსავლის პოვნას და როგორც Saatchi-ში ვიტყოდით, დაამტკიცებ რომ შეუძლებელი არაფერია!

[R]

მამა დეკრეტში – გრაფიკოსი დიზაინერი „თეგეტა ჰოლდინგიდან“

პარალელური რეალობა ქალაქის ცენტრში – თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი