ქართული შემოქმედებითი მარკეტინგის სივრცე კვლავ სიახლეების ქარცეცხლშია გახვეული, მთავარ ეჭვმიტანილს კი ისევ Saatchi & Saatchi Tbilisi წარმოადგენს. სააგენტოში სულ ახლახან დაწყებული ცვლილებები, რომელთა შედეგადაც აზერბაიჯანისა და საქართველოს ფილიალების რეგიონული კრეატიული დირექტორი მაკო ბერგმანი გახდა, ჯერაც შეუჩერებლად გრძელდება — ამჯერად უკვე ახალი უფროსი ქოფირაითერის სახით.
ნატა ოღრაპიშვილი Miami Ad School-ის ქოფირაითინგის პროგრამის კურსდამთავრებულია, რომლის ფარგლებშიც მან ევროპის სხვადასხვა ქალაქში იცხოვრა და იმუშავა ისეთ სააგენტოებში, როგორებიცაა ANR+1 Stockholm, Innocean Berlin და CloudFactory Amsterdam. როგორც თვითონ ამბობს, სრულადაა მოტივირებული იმისთვის, რომ მიღებული გამოცდილება ქართულ ბაზარს მოარგოს და აქაც ზუსტად ისეთი კამპანიები იხილოს, როგორებზეც სხვა ევროპულ სააგენტოებში მუშაობდა.
იმისთვის, რომ ქართული სივრცისთვის თავი უკეთ გაეცნო, მარკეტერის გუნდმა მას რამდენიმე კითხვა დაუსვა როგორც წარსული, ისე აწმყო და მომავალი კარიერული გეგმების შესახებ.
M: უპირველეს ყოვლისა, რატომ Saatchi&Saatchi?
Saatchi & Saatchi-ის შემოთავაზებაზე დათანხმება ჩემთვის არც ერთი წამით არ ყოფილა საორჭოფო საკითხი. საერთაშორისო სააგენტო, მასშტაბური რესურსებითა და სურვილით, ადგილობრივ ბაზარზე მორგებული უმაღლესი დონის კამპანიები შექმნა… ამ სფეროზე შეყვარებულ ქართველ კრეატივს მეტი რა შეიძლება უნდოდეს?!
M: გარე დამკვირვებლისთვის ყველა სარეკლამო სააგენტო ერთნაირია. როგორც ვიცით, Miami Ad School-ის პარტნიორი სააგენტოების რიცხვი, რომლებშიც სტუდენტებს სტაჟირების გავლა შეგიძლიათ, საკმაოდ მაღალია. რა კრიტერიუმებით ირჩევდი სააგენტოებს შენ? რა გგონია ყველაზე მნიშვნელოვანი?
კრიტერიუმები, როგორც წესი, ყველა სტუდენტისთვის ინდივიდუალურია. ზოგი ლოკაციის მიხედვით არჩევს, ზოგი კლიენტების და ზოგიც კამპანიების ხასიათის. სანამ არ გამოცდი, რთულია განსაზღვრო, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის. სწორედ ამიტომ, როცა სააგენტოების არჩევის საშუალება მოგვეცა, ვეცადე ერთმანეთისგან მაქსიმალურად განსხვავებული ვარიანტები ამეღო. მაგალითისთვის, ANR+1 ძირითადად სოციალურ და გარემოს დაცვით კამპანიებზე ორიენტირებული პატარა სააგენტოა სტოკჰოლმში, სადაც არაერთი ახალი ბრენდის სახის შექმნის საშუალება გვქონდა.
Innocean სარეკლამო სივრცეში შედარებით ცნობილი სააგენტოა, დიდი გუნდით, მუშაობის საერთოდ განსხვავებული წესითა და ისეთი კლიენტებით, როგორებიც Kia, Hyundai, Spotify და Back Market არიან. CloudFactory კი, თითქოს, იდეალური შუალედია — თამამი, პროაქტიული კამპანიები Salvation Army-ის, Johnson & Johnson თუ JC Decaux-ისთვის და სწრაფი, აქტიური სამუშაო გარემო. მთლიანობაში მგონი ზუსტად ისეთი მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე, როგორსაც მიზნად ვისახავდი. იმედია, ახლა მოვახერხებ, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ეფექტურად გადმოვიტანო ქართულ სივრცეში Saatchi-ის შეუჩერებელ გუნდთან ერთად!
M: ისეთი ადამიანი თუ გყავს სარეკლამო ინდუსტრიაში, ვისაც ერთგვარ შთაგონების წყაროდ აღიქვამ და ვისი კარიერული გზის განმეორებასაც ისურვებდი?
ლუდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სასმელია, რომელიც მგონი იქამდე არ მიყვარდა, სანამ ბრუნო ბერტელის მიერ შექმნილი ჰაინეკენის კამპანიები არ ვნახე. შემდეგ უკვე არჩევანი აღარ მქონდა — უნდა შემეყვარებინა. მაგალითისთვის, თუნდაც არცთუ დიდი ხნის წინანდელი The Night Is Young კამპანია ავიღოთ. იგი საკუთარ თავში მოიცავს სარეკლამო სივრცის ყველა მთავარ ძალას — უკავშირდება როგორც ჰაინეკენის ძირითად მომხმარებელს, ისე უფრო დიდ აუდიტორიას, გვაღიმებს, გვაბედნიერებს და ვაქცინაციისკენ მოწოდებით საზოგადოებაზეც დადებით გავლენა აქვს. კანის ლომიც ხომ brand-led education and awareness კატეგორიაში მოიგო. საუკეთესო შემთხვევაში, ყველა კამპანია სწორედ ასეთი გააზრებული და მრავალმხრივი უნდა იყოს და მთავარ მიზნად სარეკლამო სივრცის მთელი ძალის სამყაროზე დადებითი გავლენის მოსახდენად გამოყენებას ისახავდეს.
დღეს ბრუნო ბერტელი Publicis Worldwide-ისა და Publicis Groupe Italy-ის გლობალური შემოქმედებითი ხელმძღვანელია, Saatchi & Saatchi კი მათი დიდი ოჯახის ნაწილია. საოცნებო რეალობის მანიფესტირება შეგიძლია მოახდინოო რომ ამბობდნენ, არასდროს მჯეროდა დიდად, მაგრამ აი, ბრუნო ბერტელით შთაგონებული ქოფირაითერი კი მოვხვდი Saatchi & Saatchi-ში და იქნებ, მართლა არსებობს კიდეც რაღაც!
ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ოცნებების მანიფესტირების, გირჩევდით, თვალი გედევნებინათ Saatchi & Saatchi-ის გუნდისა და მათი მომავალი დამაინტრიგებელი კამპანიებისთვის — როგორც თავად ამბობენ, აქ ხომ შეუძლებელი მართლაც არაფერია!
[R]