ახლა, როცა სიახლეებით, კარგი თუ ცუდი ამბებითა და დაუვიწყარი მომენტებით სავსე 2023 წელიც, ტრადიციულად, თვალის დახამხამებაში მიილია, შეჯამებებისა და ახალ აღმოჩენებზე დაკვირვების დროა. სწორედ განვლილ წელს აჯამებს Saatchi & Saatchi Tbilisi-ც და ახალ აღმოჩენებზე, დაძლეულ სირთულეებსა და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე გიყვებათ.
როგორც სააგენტოში ამბობენ, 2023 წელი ყველაზე მეტად გავდა პანდემიამდელ რეალობას, რომელსაც ძველებური გამოცოცხლება, ინტენსივობა და აქტიურობა კვლავაც დაეტყო. შესაბამისად, ძველებური რიტმის ახალ ვერსიაზე გადაწყობის საჭიროებაც გაჩნდა, რაც, თავისთავად, არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ამავდროულად, თან ახლდა არაერთი შესაძლებლობაც.
მათ შორის იყო ბევრი საინტერესო კამპანიაც, რომლებზე საუბრის დროსაც, უპირველეს ყოვლისა, გუნდში ჰაინეკენის 150-ე იუბილესთან დაკავშირებულ პროექტს იხსენებენ, რაც ლოგიკურიცაა – ზაფხულის განმავლობაში, ხუთ მხიარულ, ხმაურიან, მუსიკითა და ბედნიერებით სავსე საღამოს რთულად თუ გადაფარავს რამე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკმაოდ კომპლექსური კამპანია, პირველი ლოკალური წამოწყება იყო ჰაინეკენისთვის, რომელმაც გლობალური გუნდის დიდი მოწონება დაიმსახურა და ბრენდის სააჩისთან აქტიურ თანამშრომლობასაც ჩაუყარა საფუძველი. როგორც სააგენტოში გვპირდებიან, ეს კოლაბორაცია მომავალ წელსაც ბევრ საინტერესო სიახლეს გვიმზადებს!
არანაკლებ მხიარული გამოდგა დორიტოსისთვის შექმნილი მუსიკალური კამპანიაც „შენს ნოტაზე“, რომლის ფარგლებში ყველაზე თამამი, ფერადი და მრავალფეროვანი ადამიანებისთვის 4D Monster Lobster-თან პარტნიორობით ახალი ჰიმნი დაიწერა და ზაფხულის ცხელი დღეები აახმაურა.
დასამახსოვრებელი სიახლეები ახალი კამპანიით აღინიშნა Sandora-სთვის შექმნილი პროექტის სახითაც, რომელიც ბრენდის წარმოების საქართველოში გადმოტანას უკავშირდებოდა და მიზნად ისახავდა, ყველასთვის ემცნო, რომ ყველაზე პოპულარული წვენი უკვე “მხოლოდ ქართული, მხოლოდ ნატურალურია”.
ამ ორი კომპანიის ტანდემით შეიქმნა ყველაზე ემოციური კამპანიაც, Visa-სა და რეზო გაბრიაძის თეატრის პარტნიორობის შესახებ. მისი მთავარი მიზანი ქართული თეატრის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია იყო, რაც ყველასთვის საყვარელი ქართველი შემოქმედის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი თბილი, სენტიმენტალური ტონალობებითა და თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლების თვალწარმტაცი კადრების გაერთიანებით მოხერხდა.
როგორც სააგენტოში ამბობენ, მთავარი ჭეშმარიტება, რომელიც 2023 წლის გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მარტივია: „თუ გუნდი შეთამაშებულია, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია!“
შესაბამისად, Saatchi & Saatchi Tbilisi-ც გაზრდილი გუნდითა და მოტივაციით ელის ახალ წელს, ახალ გამოწვევებს და დაუვიწყარი კამპანიების შექმნის ახალ შესაძლებლობებს იქ, სადაც შეუძლებელი არაფერია!