in

შემოქმედებით გუნდში ყოფნა ნიშნავს მუდმივად შემართებით ყოფნას

ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. ამას მოწმობს ჩვენი, როგორც ქვეყნის, გამორჩეული პროექტები და ჯილდოები საერთაშორისო ფესტივალებზე. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ შემოქმედებითი ერი ვართ და სტანდარტებიც მაღალი გვაქვს. ბევრი რამ ავითვისეთ, ქვეყანაში უკვე გვყავს გამორჩეული „ფროდაქშენ“ სტუდიები, რომლებიც საერთაშორისო მოთხოვნებსაც აკმაყოფილებენ და ძალიან კარგი ხარისხის პროდუქტებს ქმნიან. თუმცა, არის სივრცეები, რომლებიც სააგენტოებს ჯერ არ აუთვისებიათ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Saatchi&Saatchi Tbilisi-ის კრეატიული დირექტორი ემილი ქორიძე გვესაუბრება.

როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს შემოქმედებით გუნდს სააგენტოში?

ემილი ქორიძე: ტექნოლოგიურ წინსვლას სხვა გუნდის დავალებების გამარტივებისკენ მივყავართ, შემოქმედებითი გუნდი კი ყოველთვის ადამიანური რესურსებით, იდეებით იკვებება. კომპანიებიც, რომლებსაც „ინჰაუს“ ბევრი შესაძლებლობა აქვთ, კრეატიული პროექტებისთვის მაინც სააგენტოებთან მოდიან.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოში არსებული სხვადასხვა გუნდები ერთმანეთის გარეშე აზრს კარგავენ, მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ შემოქმედებითი გუნდი მთავარი პულსია სარეკლამო სააგენტოში.

ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. შემოქმედებით გუნდში ყოფნა, ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია. ყველა შენს განწყობას უყურებს, ოდნავ მაინც თუ ჩამოყრი ყურებს, მორჩა, ის პროექტი განწირულია. ამიტომ როდესაც შემოქმედებით გუნდში ხარ, შენი მოვალეობაა მუდმივად მოძებნო პატარა სინათლის ნაპერწკლები ყველა იმ პროექტში თუ სიტუაციაში რაც ერთი შეხედვით ძალიან უღიმღამო ჩანს. მოკლედ რომ ვთქვა, შემოქმედებით გუნდში ყოფნა ნიშნავს მუდმივად შემართებით ყოფნას.

როგორ ხედავ შემოქმედებითი გუნდის ყოველდღიურ დინებას და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში?

შემოქმედებითი გუნდის ყოველდღიური დინება ჰგავს ბრძოლას ბალანსის საპოვნელად. შემოქმედებით ადამიანებს ძალიან უჭირთ რუტინული სამუშაოების კეთება, თავის მხრივ კი არ არსებობს სააგენტო სადაც ოდნავ რუტინას მაინც არ შეხვდებით. ამიტომ, აუცილებელია რუტინული და შემოქმედებითი სამუშაო მუდმივ ბალანსში ვამყოფოთ და არც ერთი გაგვექცეს და არც მეორე.

შემოქმედებით პროცესზე ბევრი სტერეოტიპი არსებობს. „ბრეინ შტორმინგები“ არ მოიცავს კოკაინს და ალკოჰოლს. სინამდვილეში, კამპანიის დაგეგმვა ისეთივე შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც ნებისმიერი სხვა რამ სააგენტოში. შეიძლება ითქვას, უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც კი მოითხოვს, რადგან იდეების ჩამოყალიბება დიდი რისკია და დარწმუნებული არასდროს ხარ, ამიტომ ადრენალინიც მეტი გამოიყოფა. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებია, რომლებიც რიგ-რიგობით ითავსებენ გამამხნევებლის ფუნქციას და არ აძლევენ გუნდს საშუალებას ყველამ ერთად მოიწყინოს.

რა ხდება ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში, რა სივრცეებია ათვისებული და რა არის ასათვისებელი?

გეთანხმებით რომ ძალიან კარგ პროდუქტებს ვქმნით და საერთაშორისო სტანდარტებსაც ვაკმაყოფილებთ. თუმცა, რაც არ აგვითვისებია და დღეს ნამდვილად გვაკლია, არის ჩვენი, როგორც კრეატიული სააგენტოების გავლენა სოციუმზე. ხშირად არ ვუთმობთ დროს რომ ჩვენი კრეატიული შესაძლებლობები იმ პრობლემების გადაჭრას მოვახმაროთ, რაც ქვეყანაში გვიდგას დღეს. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ვისურვებ, ქართული კრეატიული სააგენტოებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. უფრო მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ ხელშესახები პრობლემების გადასაჭრელად და ჩვენი ნათელი გონება დავუთმოთ იმ კრეატიული გამოსავლების პოვნას, რაც ერთ მოწყვლად ჯგუფს მაინც დაეხმარება უკეთ იცხოვროს. საერთაშორისო ბაზარზე ამას უკვე დიდი ყურადღება ექცევა, კანის ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ პროექტების უმეტესობა მიმართულია შექმნან რაიმე ისეთი ფასეული, რაც ერთ ადამიანს მაინც გაუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

რა ხდება „სააჩი & სააჩი თბილისის“ შემოქმედებით გუნდში, რა გამოწვევებია და როგორი დინებით სვლა გაქვთ არჩეული?

ჩვენს შემოქმედებით ჯგუფში დიდი ამბებია! გუნდი, თითქმის, მთლიანად ახალია, ახალი მიზნებით და შემართებებით. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, მთელი ცხოვრება აქ ვარ, მეც ახალი მეთქმის. Saatchi & Saatchi Tbilisi-ის გუნდს 4 თვის წინ შევუერთდი და ძალიან მახარებს ის პროგრესი რაც დროის ამ მოკლე მონაკვეთში შევამჩნიე.

აღსანიშნავია ისიც, რომ Saatchi & Saatchi Tbilisi უდიდესი ქსელის პატარა ნაწილია. მიხარია, რომ ამ სააგენტოში მაქვს შესაძლებლობა კრეატიული დირექტორებისგან, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე დიდი წარმატებით ასპარეზობენ და საამაყო „ქეისებს“ ქმნიან, რაღაცები ვისწავლო და მათი გამოცდილება დავიხმარო. ვგეგმავთ, რომ ეს რესურსი უფრო აქტიურად გამოვიყენოთ და Saatchi & Saatchi Tbilisi Publicis Groupe-ის ჯაჭვის ღირსეული რგოლი გახდეს. ნელ-ნელა ვუახლოვდებით ამ მიზანს. ამ ეტაპზე თბილისის ოფისიდან არამხოლოდ ქართულ, არამედ აზერბაიჯანულ ბაზარსაც მოვიცავთ და განვითარებისთვის დიდი გეგმები გვაქვს.

გუნდში ძალიან მეგობრულები ვართ, ახლა ახალ ადამიანებსაც ვეძებთ. ამიტომ თუ თვლი, რომ შენი ადგილი ჩვენს გვერდითაა, დაგვეკონტაქტე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„აჭარაბეთი“, SBC Awards-ზე, „წლის საუკეთესო სპონსორი კომპანიის“ კატეგორიის ფინალშია

კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი „ბეკოსგან“!