ყველაზე გამოცდილი პროფესიონალებიც კი ოდესღაც სულ პირველ ნაბიჯებს რომ დგამდნენ, იმაზე დარდობდნენ, ცარიელ რეზიუმეში გამოცდილების გრაფა როგორ შეევსოთ. ნებისმიერ პროფესიაში რთულად თუ იპოვით ადამიანს, პირველი სამსახურის ძებნისას იმ ჩაკეტილ წრეში რომ არ აღმოჩენილიყოს, „დასაქმებისთვის გამოცდილება უნდა მქონდეს და გამოცდილების მისაღებად ვინმემ უნდა დამასაქმოს“ რომ ჰქვია.
რამდენად ირაციონალურიც უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება — იშვიათია დამსაქმებელი, რომელიც მზადაა, მოტივირებული ინდივიდები აიყვანოს და თავად მისცეს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ საბოლოოდ ისინი საკუთარი საქმის ექსპერტებად იქცნენ.
თუმცა თანამედროვე სტანდარტებს მორგებული კომპანიები მუდმივად ცდილობენ ამ მოცემულობის შეცვლას. მათ შორის უკვე წლებია, ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას Saatchi & Saatchi Tbilisi იკავებს, რომლის წარმომადგენლებიც ამაყად აცხადებენ, რომ მათთან სტაჟირებით დაწყებული თანამშრომლობები ძალიან ხშირად მოწინავე პოზიციების დაკავებით სრულდება.
„მარკეტინგი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო. დიდი ხნის განმავლობაში თვალს ვადევნებდი მსოფლიო და ლოკალურ კამპანიებს და მუდმივად მქონდა სურვილი ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. Saatchi & Saatchi-ში სტაჟირების შესახებ Linkedin-ის მეშვეობით შევიტყვე და მივხვდი, რომ ეს იყო იდეალური შესაძლებლობა, გადამედგა პირველი ნაბიჯები კრეატიულ ინდუსტრიაში.
6 თვე, რომელსაც ჩემი სტაჟირება მოიცავდა, დახუნძლული იყო ბევრი საინტერესო პროექტითა და ახალი ინფორმაციით. საქმისადმი დამოკიდებულებამ და რიტმმა, რომლითაც ეს სააგენტო ფუნქციონირებს, საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ჩემი მაქსიმალური რესურსის დახარჯვა უდიდეს სიამოვნებას მომიტანდა.
სტაჟირების პერიოდში ჩავერთე ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტში, რომელიც დატვირთული იყო BTL აქტივობებით და მოიცავდა პროდაქშენსაც. ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული იყო ჩემთვის, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ამასობაში Saatchi & Saatchi-ის გუნდის წევრიც გავხდი.
დღეს უკვე BTL პროექტების მენეჯერი ვარ და სიხარულით შემიძლია აღვნიშნო, რომ უკვე ბევრ საინტერესო ბრენდთან მაქვს მუშაობის გამოცდილება და ჯერ ყველაფერი წინაა“, — გვიყვება ელენე ბუაჩიძე.
როგორც სააჩიში ამბობენ, მათთვის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ყველაზე მოტივირებული, ენთუზიაზმით სავსე და შემოქმედებითი ადამიანების აღმოჩენაა. მთავარია, საკმარისად გინდოდეს წარმატების მიღწევა — დანარჩენში გუნდის წევრები დაგეხმარებიან. სწორედ ასე ცდილობს სააჩი ქართული სარეკლამო სივრცის მიმართულების შეცვლას და მასში მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრას.
„ამ სფეროში, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ბუნება და ზოგადი განათლებაა — უნდა იცოდე, რა იყო, რათა შექმნა რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ ყოფილა. ასე რომ, თუ ადამიანს აქვს ზოგადი ინტერესი საქმის მიმართ და არც კრეატიულობის თუ ადამიანებთან ურთიერთობის უნარების ნაკლებობას უჩივის, ტექნიკური დეტალების სწავლება ყოველთვის შეიძლება. სწორედ ამიტომ, სააჩიში ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს სტაჟიორებს მაქსიმალურად დავეხმაროთ“, — ამბობს Saatchi & Saatchi-ს რეგიონული კრეატივხელმძღვანელი, მაკო ბერგმანი.
განვითარებისთვის, საკუთარი თავის ახალ პროფესიაში აღმოჩენისა და სწავლისთვის არასდროსაა ზედმეტად გვიან. სწორედ ამ ფილოსოფიას მიჰყვება სააგენტო და საკუთარი კრედოს გამოვლენის ერთ-ერთ მთავარ ფორმად შეუცვლელ ტრადიციად ქცეულ სტაჟირების პროგრამას ასახელებს.
საკუთარ სტაჟირებას სიამაყით იხსენებს Saatchi & Saatchi Tbilisi-ს მოუშენ დიზაინერი, თორნიკე დავითულიანიც:
„სააჩიში გასული წლის ივნისში მოვედი. ყოველთვის მაინტერესებდა გრაფიკული დიზაინი და მოუშენი, თუმცა საკმარისი გამოცდილება არ მქონდა, რაც ცოტა მაღელვებდა პირველი ნაბიჯების გადადგმის წინ. პირველი რამდენიმე თვე მთლიანად საქმის საბაზისო ნაწილის ათვისებას დავუთმე, თუმცა სააგენტოს წევრებისგან მხარდაჭერის და ხელშეწყობის გარდა არასდროს არაფერი მიგრძნია. რომ არა გარემო, რომელშიც ყველა ყოველთვის მზად იყო მოთმინებით, სიკეთით და მზრუნველობით მისდგომოდა ნებისმიერ პრობლემას, ვთვლი რომ დღეს ამდენს ვერ მივაღწევდით.
„თუმცა ცალმხრივი, რა თქმა უნდა, არაფერია საკმარისი. თუ მზად არ ხარ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადო საქმეში, ამას ვერავინ გასწავლის. სწორედ ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ დღეს შემიძლია საკუთარ თავს ერთ-ერთი გამორჩეული სააგენტოს მოუშენ დიზაინერი ვუწოდო. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ განვითარების კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინაა!“
პროფესიის შეცვლის შიშის დაძლევისა და საბოლოო მიზანზე კონცენტრირების მნიშვნელობაზე საუბრობს Saatchi & Saatchi Tbilisi-ს ყოფილი სტაჟიორი და ახლა უკვე ექაუნთ მენეჯერი, მარიამ მუზაშვილიც:
„სააჩიში ჩემი მოხვედრა, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწორ დროსა და სწორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად სხვა პროფესიას მივყვებოდი და ჩემი მთავარი პრიორიტეტი სწავლა და საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილების მიღება იყო. მას შემდეგ, რაც ორივე მიზანს მივაღწიე, მივხვდი, რომ სხვა, ახალი და თამამი გამოწვევა მჭირდებოდა.
დიჯითალ მარკეტინგით პანდემიის პერიოდში დავინტერესდი. ჯერ მხოლოდ ცვალებად, ახალ რეალობაზე მორგებულ მარკეტინგულ მიდგომებს ვაკვირდებოდი, შემდგომ კი ამ დაკვირვებამ თავისი ლოგიკური გაგრძელება უნილაბის კურსებსა და სტაჟირებაში პოვა, სადაც მივხვდი, რომ ეს სფერო ნამდვილად ჩემთვის იყო.
სააჩის სტაჟირების პროგრამაც სწორედ იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. აქ არაჩვეულებრივი, მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დამხვდა, რამაც ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების იდეალური საშუალება მომცა.
დღეს სააგენტოში ჯუნიორ ექაუნთის პოზიცია მიკავია, რომელიც, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და მრავალმხრივ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს, რაც ყოველდღიურ საინტერესო გამოწვევებთან კომბინაციაში არასდროს გაძლევს საქმის მობეზრების საშუალებას. სწორედ ამიტომ, უკვე წელიწად-ნახევარია სააჩიში ვარ, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციისა და სხვადასხვა ტიპის პროექტებში ჩართვის საშუალება მაქვს. ძალიან მიხარია, წლების წინ იმ ახალი გამოწვევის აღმოჩენის სურვილს რომ გავყევი!”
ასე რომ, თუ კრეატიული, სტრატეგიული და დიჯითალ მარკეტინგის სფერო გაინტერესებთ, არ შეუშინდეთ გამოწვევებს, ყურადღებით ადევნეთ თვალი Saatchi & Saatchi Tbilisi-ის სოციალურ ქსელებს, შეუერთდით კრეატიული იდეებით სავსე პროფესიონალთა გუნდს და ვინ იცის, იქნებ თქვენი ახალი მოწოდებაც აღმოაჩინოთ!
[R]