Saatchi & Saatchi Tbilisi კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საზღვრების არსებობის არ სჯერა და ამჯერად უკვე ოკეანის მიღმა თანამშრომლობასაც არ ერიდება!
როგორც სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, სექტემბერში მათ გუნდს დროებით შემოუერთდება ტეილორ ჰენდერსონი – ქოფირაითერი ნიუ-იორკიდან, რომელსაც გამოცდილება გერმანიისა და ამერიკის ისეთ ლეგენდარულ სააგენტოებში აქვს მიღებული, როგორებიცაა Paintgunz, UNIT9 და Droga5.
ტეილორი Miami Ad School Europe-ს ყოფილი სტუდენტია, მდიდარი გამოცდილებით და მარკეტინგის სფეროში მიღებული არა ერთი საერთაშორისო ჯილდოთი, მათ შორის ისეთი პრესტიჟული ტიტულებით, როგორებიცაა: The One Club-ის Young Ones Award და D&AD.
„ამიერკავკასიის ბაზარი და მარკეტინგული მიდგომები უკვე ძალიან დიდი ხანია მაინტერესებს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი წარმოდგენის შექმნა დისტანციურადაც შეიძლება, არის კონკრეტული ინსაითები და ლოკალური დეტალები, რომლებსაც ონლაინ კომუნიკაციით ვერ დაინახავ და შეიგრძნობ. ამისთვის აუცილებელია გამოცდილება ადგილზე მიიღო, ადამიანების ქცევას დააკვირდე, სამუშაო პროცესში მაქსიმალურად ჩაერთო და ნახო, როგორ ფიქრობენ, მოქმედებენ, რეაგირებენ და განიცდიან ინდივიდები. რა გამოარჩევთ მათ დანარჩენი მსოფლიოსგან, როგორ მოქმედებს ისტორიული, გეოგრაფიული თუ სოციალური გარემოებები მათ პიროვნებაზე და ზოგადად, რომელ დეტალებში ხედავენ საკუთარ თავს ყველაზე ცხადად.
შესაბამისად, საქართველოში ჩამოსვლისა და ადგილობრივ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა ჩემთვის ერთდროულად ძალიან საინტერესო გამოწვევაცაა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობაც. გარდა ამისა, Miami Ad School-ში სწავლისას არაერთი ქართველი კრეატორი გავიცანი, რომელთა შემოქმედებითობამ, ნიჭიერებამ და საქმის მიმართ უპირობო თავდადებამ იმდენად აღმაფრთოვანა, რომ საქართველო ავტომატურად მოექცა აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიის სათავეში. ასე რომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ სექტემბერში ამ ყველაფრის გამოცდის საშუალება მომეცემა!”, – ამბობს ტეილორი ჩვენთან საუბრისას.
Saatchi & Saatchi Tbilisi-ს გუნდის წევრებიც, თავის მხრივ, დადებითად აფასებენ ახალ თანამშრომლობას და მომავალშიც არაერთ მსგავს წამოწყებას გვპირდებიან, რათა კიდევ უფრო მიუახლოვდნენ საკუთარ მიზანს, შექმნან საერთაშორისო დონის კამპანიები როგორც ადგილობრივი, ისე ინტერნაციონალური ბაზრისთვის.
„საქართველოში ქოფირაითინგის, როგორც პროფესიის, ფენომენი ჯერ კიდევ ცოტა უცხო ხილია, რომელსაც თავისი სრული პოტენციალით არ ვიყენებთ. ამიტომ გვინდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი ჩავრთოთ ამ მიმართულების მაქსიმალურად წახალისებაში. ტეილორის მოწვევაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ძალიან გვინდა, მისი აქ ყოფნის პერიოდში ჩვენს სინიორ ქოფირაითერთან და სხვა სტუმრებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბის ვორკშოპი მოვაწყოთ. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დაგეგმვის პროცესშია, თუმცა ასეთი მოტივაციით თუ გავაგრძელებთ, აუცილებლად ვაქცევთ რეალობად”, – ამბობს სააჩის რეგიონული კრეატივხელმძღვანელი, მაკო ბერგმანი.
ჩვენ კი შეგვიძლია ერთად ვადევნოთ თვალი, თუ როგორ ჩაივლის ნიუ-იორკელი სტუმრის ქართული ვოიაჟი და კიდევ რა საინტერესო წამოწყებებს შემოგვთავაზებს Saatchi & Saatchi Tbilisi-ს მოუსვენარი გუნდი, რომელშიც, როგორც ჩანს, სასიხარულო სიახლეები არასდროს წყდება!
[პარტნიორის კონტენტი]