in

როგორ იქცა მონსტრი მცენარე საუკეთესო ნაძვის ხედ?

Saatchi & Saatchi ჯონ ლუისისთვის შექმნილ რეკლამაზე საუბრობს

დიდი ხნის განმავლობაში John Lewis-ის კრეატიულ კამპანიებზე Adam&EveDDB ზრუნავდა, თუმცა მიმდინარე წელს ეს პარტნიორობა დასრულდა… საცალო ვაჭრობის კომპანიაში ეს საკითხი Saatchi & Saatchi-მ გადაიბარა, რამდენიმე დღის წინ კი სააგენტოს მიერ შექმნილი საშობაო რეკლამაც ვიხილეთ.

„ეს ცოტათი კინოზე მუშაობას ჰგავდა. მინდა, დიდი პატივი მივაგოთ წარსულის შემოქმედებას, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ხედვა შევქმნათ და წინ წავიწიოთ, რათა რაღაც განსხვავებული შევთავაზოთ საზოგადოებას. ვფიქრობ, ეს დიდი ზეწოლაა, მაგრამ საკმაოდ დიდ პრივილეგიასაც წარმოადგენს“, — აღნიშნავს სააგენტოს კრეატიული ხელმძღვანელი, ფრენკ გუდვინი.

როგორც ფრენკი განმარტავს, სააგენტოს ძირითადი ამოსავალ წერტილად სადღესასწაულო ტრადიციების ცვლილება იქცა, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოციალურმა თუ ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. „ტრადიციები საშუალებას გვაძლევს, ყველას საერთო ენა გვქონდეს. შედარებით დაყოფილ ქვეყანაში ან თაობებს შორის არსებულ ხარვეზებს ტრადიციები ავსებს — ისინი აერთიანებს ადამიანებს. ამასთანავე, ძალიან პირადი და ინდივიდუალურია ჩვენთვის“.

ვიდრე უშუალოდ სიუჟეტზე დაიწყებოდა მუშაობა, ჯონ ლუისმა ბაზრის კვლევის კომპანია YouGov-ს დაავალა შესაბამისი მონაცემების მოწოდება. როგორც გაირკვა, გარდა იმისა, რომ არსებობს კლასიკური წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ხის მორთვა და საჩუქრების გაზიარება, ბევრ ოჯახს „თავისებური“ ტრადიციებიც აქვს — მაგალითად, მთელი დღის საშობაო პიჟამოებში გატარება.

მთავარი ორიენტირიც იმაზე გააკეთეს, როგორ გამოიყურება ეს თანამედროვე ოჯახები. სიუჟეტურად და ვიზუალურად ეს საკმაოდ საინტერესო ფორმითაა ნაჩვენები — სააგენტომ „მონსტრი“ მცენარე საახალწლო ნაძვის ხედ აქცია. ბიჭს, რომელსაც სწამს, რომ თესლიდან საოცნებო ნაძვის ხეს გაზრდის, საბოლოოდ „ბოროტი არსება“ შერჩება. დროთა განმავლობაში პატარა მცენარე მეტისმეტად დიდი ხდება ოთახისთვის და გარეთ გასვამენ, მაგრამ ბოლოს მაინც საახალწლო ჯადოსნობის ნაწილად იქცევა.

ვიდეორგოლი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება უჩვეულო და მოულოდნელი ნარატივი ჩვეულებრივი, „სრულყოფილი“ ხედვის გვერდით თანაარსებობდეს. „Let Your Traditions Grow“ სლოგანი კი მარტივად მოგვიწოდებს, ჩვენებური, ინდივიდუალური და თუნდაც გიჟური წეს-ჩვეულებები განვავითაროთ.

„ისინი თავიანთი საქმის ოსტატები არიან და რევოლუციურ რეკლამებს ქმნიან. მათ იმდენად ბევრი, გააზრებული ამბის ირგვლივ შემოგვთავაზეს ვიდეორგოლები, რომ ყველაფერს დამატებითი ნიუანსი თუ მაგია შესძინეს“, — ამბობს გუდვინი.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯონ ლუისის რეკლამის გამოშვება საშობაო სეზონის დაწყებასთან ასოცირდება. თითქოს, ისეთი პათოსი ჩამოყალიბდა, რომ მის გარეშე ახალი წლის მოახლოებას „არ აღიარებენ“. „ვიცით, რამდენად რთულია ყოველდღიურობა, მაგრამ ჩვენ აქ ვართ, რათა ცოტათი გავხალისდეთ“.

ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე, ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“, ინოვაციური პროექტის – ტელეკლინიკა MyDoc-ის კონცეფცია წარადგინა

ყველაფერი, რაც მომხმარებელს უნდა – Audi-ს ახალი გეგმა